ამასობაში, ფოთის "კოლხეთის" დირექტორ თემურ ბარქაიას თქმით, კლუბის ხელმძღვანელობაში საკადრო ცვლილება მოხდა:
- როცა ბიუჯეტად 300 ათასი ლარი დაგვიმტკიცეს, ცხადია, ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ ასეთი მწირი შესაძლებლობებით გუნდს უმაღლეს ლიგაში შევინარჩუნებდით. ეს ჩვენც გვადარდებდა, რადგან ჩვენი კონკურენტების ბიუჯეტები მილიონი ლარია და, ცხადია, საკადრო და სხვა
გარდა ამისა, უკვე 25 მატჩია, რაც ფოთში არ გვითამაშია. ამიტომ უფრო მიხარია, რომ ჩვენ მიერ აღებულმა გეზმა გაამართლა და დიდი ალბათობით, გუნდი უმაღლეს ლიგაში ადგილს შეინარჩუნებს.
300-ათასიანი ბიუჯეტით, როცა საკუთარ სტადიონზე ვერ ვთამაშობთ, მიმაჩნია, რომ ეს მიღწევაა.
- წლეულს საკადრო პოლიტიკა აშკარად შეცვალეთ - ვეტერანებზე უარი თქვით...
- ჩვენი ხუთმატჩიანი წაუგებელი სერია ბევრს გაუკვირდა - მოვუგეთ "სიონს", "მეტალურგსა" და "ზესტაფონს", ხოლო "შუქურასა" და "დინამოსთან" ფრედ ვითამაშეთ. ეს იმის შედეგია, რომ აქცენტი ახალგაზრდებზე ავიღეთ. ისინი ყოველ თამაშში თავს არ ზოგავენ, რადგან წინსვლისა და ძლიერ გუნდებში მოხვედრის სტიმული აქვთ.
ჩვენი ორივე ცენტრალური მცველი, თევზაძე და ჩაკვეტაძე, 20-20 წლის არიან; პერსპექტივა აქვთ ჟიშკარიანს, ჩადუნელს, კაკულიებს, გიგაურს...
ამ გზიდან გადახვევას არც ვაპირებთ, რადგან გუნდი მხოლოდ მოტივირებულ და პერსპექტიულ ახალგაზრდებს უნდა ეყრდნობოდეს. თანაც, ჩვენ მოთამაშეთა ევროპაში გაყვანის პერსპექტივა გამოგვიჩნდა.
გაიხსენეთ, გოგა გახოკიძის შემდეგ "კოლხეთის" ფეხბურთელით ევროპელები დაინტერესებულან? ეს შესაძლებელი გახდა ლაშა ჯაკობიას კავშირებით. ევროპული კლუბები არა მხოლოდ ლევან შენგელიათი, არამედ ჩვენი კიდევ ორი მოთამაშით დაინტერესდნენ და ახლა მოლაპარაკება მიმდინარეობს.
- თუ ეს ტრანსფერები შედგა, კლუბი შემოსავალს მიიღებს?
- რა თქმა უნდა! ჯაკობიას ჩამოყვანისა და ახალგაზრდების მიწვევის მიზანი ესეც გახლდათ. ზაზა ინაშვილმა კი იცის ახალგაზრდების დაწინაურება და გამოყენება. არადა, შენგელიას შარშან ძველ კლუბში არც ათამაშებდნენ.
- მართალია, რომ "კოლხეთში" სოსო ფილია დააბრუნეთ?
- მას დაბრუნება ადრეც შევთავაზეთ და უარი გვითხრა, ახლა კი სურვილი გამოთქვა. საუბარია, რომ ტექნიკურ ან აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნოს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შორის გაუგებრობა მოხდა, თანამშრომლობა მაინც საჭიროდ ჩავთვალეთ. "კოლხეთს" ახლა არა დაპირისპირებები, არამედ ფოთის საფეხბურთო საზოგადოების გაერთიანება და სტაბილური გარემო სჭირდება. სხვაგვარად, მიზნების განხორციელება შეუძლებელი იქნება.
- დიდი ალბათობით, 300-ათასიანი ბიუჯეტიდან ბევრი არაფერი დაგრჩებოდათ. დამატებით დაფინანსებას თუ გპირდებიან?
- სამწუხაროდ, მხოლოდ სპონსორული თანხის ნარჩენები დაგვრჩა, მალე ანგარიში დაგვიცარიელდება და თანხების დამატება აუცილებლად დაგვჭირდება. ყველას გვახარებს, ფოთში სტადიონს რომ აშენებენ, მაგრამ სტადიონი გუნდისთვის კეთდება. იმედია, რომ მერია და საკრებულო ჩვენს გასაჭირს გულთან ახლოს მიიტანენ. ამ გუნდის შუა გზაზე გაჩერება საცოდაობა იქნება.
- სტადიონის მშენებლობა რა ტემპით მიმდინარეობს?
- არის დაპირება, რომ დასავლეთ ტრიბუნის მშენებლობას ივნისამდე დაასრულებენ, სადაც უნდა მოეწყოს გასახდელები, VIP და მედიალოჟები, მსაჯთა, დელეგატთა და სამედიცინო ოთახები. რაც უფრო მალე დასრულდება სტადიონის მშენებლობა, მით უკეთესი იქნება "კოლხეთისთვის".
საერთოდ, ბოლოდროინდელმა და ჩვენს თავს გადამხდარმა ამბებმაც დამარწმუნა, რომ სახელმწიფო პროგრამა ჰაერივით გვჭირდება, სადაც განსაზღვრული იქნება, სახელმწიფო კლუბებს ვინ და როდის დაეხმარება. ბევრ ქვეყანაში მსგავსი პროექტი წარმატებით განახორციელეს. მათი გაცნობა და გადმოღება არ გვაწყენდა.
საქართველო პატარა ქვეყანაა და ცხადია, ამ პროგრამის ამოქმედება ადვილი იქნება. დამიჯერეთ, თუ ასე მოხდება და "კოლხეთს" სტაბილურად დააფინანსებენ, გაცილებით წარმატებული გუნდი გვეყოლება. ჩემს სიტყვებში 100 პროცენტით ვარ დარწმუნებული, რადგან 300 ათასი ლარითა და სახლში უთამაშებლობით ლიგაში დავრჩით.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"