მირიან გეწაძე: ჩვენ ის ხალხი ვართ, ვინც თამაშებს არ ყიდულობს და არც ყიდის!

AutoSharing Option
პირველი ლიგიდან უმაღლესში გადასვლისა და თამაშის უფლება უკვე ორმა გუნდმა მოიპოვა - B ჯგუფიდან თერჯოლის "საპოვნელამ", ხოლო A-დან - "საბურთალომ". ორივემ საგზური გათამაშების დასრულებამდე რამდენიმე ტურით ადრე დამაჯერებლად და უსაყვედუროდ გაინაღდა.

თერჯოლის "საპოვნელამ" პირველ ლიგაში რეკორდი დაამყარა - იმერლებმა 18-მატჩიანი წაუგებელი სერია "გამოაცხვეს". გუნდის მთავარი მწვრთნელი ახლო წარსულში "ზესტაფონის" ფეხბურთელი მირიან გეწაძე გახლავთ.

42 წლის სპეციალისტი გულახდილი მოსაუბრე გამოდგა. მისგან გავიგებთ, როგორ ცხოვრობენ რაიონებში ფეხბურთის ნამდვილი ენთუზიასტები, როგორ მიიყვანეს თერჯოლელებმა გუნდი უმაღლეს ლიგამდე და ამ გზაზე რა გაჭირვებისა თუ პრობლემების
გადალახვა უწევდათ და დღესაც უწევთ...

- უპირველესად, უმაღლეს ლიგაში გადასვლას გილოცავთ. სეზონის დასაწყისში "საპოვნელას" ფავორიტებში არავინ მოიაზრებდა. არადა, ელიტაში თამაშის უფლება ვადაზე ადრე მოიპოვეთ და მეორეადგილოსან "გაგრას" 24 ქულით უსწრებთ. რის ხარჯზე მიაღწიეთ წარმატებას?
- იყო დრო, თერჯოლას გუნდი საერთოდ არ ჰყავდა - დაახლოებით 14 წელიწადი! მე ვავარჯიშებდი ბავშვებს. მერე რეგიონული ლიგიდან დავიწყეთ და ჯერ კიდევ მაშინ ვფიქრობდით უმაღლესში გადასვლაზე. ეს იმიტომაც შევძელით, რომ სამუშაო სწორად დავგეგმეთ. არადა, რომ იცოდეთ, პირველი ლიგის ლიდერებს შორის ყველაზე ნაკლები დაფინანსება ჩვენ გვქონდა.

- თუ საიდუმლო არ არის, რამდენია თქვენი ბიუჯეტი?
- სულ 320 ათასი ლარი და ამით ვაგვარებთ ეკიპირების, ტრანსპორტირების, მოთამაშეთა კვებისა და ხელფას-პრემიების საკითხებს. მე ხელფასი სულ 400 ლარი მაქვს, ჩემს თანაშემწეებს კი - 250-250 ლარი.

ვიდრე დამიკავშირდებოდით, მოედანზე ვიყავი შესული და ვუვლიდი. ამ სამუშაოებსაც ჩვენ, მწვრთნელები ვასრულებთ - მინდვრის გასწორება-გაპარსვას, სასუქის დაყრას და ასე შემდეგ. ბალახი რომ ამოდის, ჩემი ხელით ვცელავ - ადრე მშობლები მეხმარებოდნენ, ახლა კი ხალხმა ჩვენი წარმატება რომ დაინახა, გვერდში დაგვიდგა. აბა, სტადიონს ყურადღება თუ არ მივაქციეთ, სხვა კი არ გაგვიკეთებს.

ამ მწირი სახსრების მიუხედავად, მაინც იმ იშვიათი ხალხის კატეგორიაში ვართ, ვინც არ "მაიმუნობს" - თამაშებს არ ყიდულობს და არ ყიდის. ეს ძალიან მეამაყება.

- უმაღლეს ლიგაში გადასვლა კარგია, მაგრამ აქვს კი რაიონს იმხელა ფინანსური სახსრები, უმაღლესი ლიგის კლუბს რომ უპატრონოს?
- სამწუხაროდ, არ აქვს. მაგრამ ჩვენთან ფეხბურთი უყვართ და ყველანაირად გვეხმარებიან, ყურადღებასა და თანადგომას მაინც ვგრძნობთ. იმას კი არ ამბობენ, უმაღლესისთვის ფული არ გვაქვს, გუნდი დაშალეთ და სახლებში წადითო.

- გასაგებია, მაგრამ უმაღლეს ლიგაში 320 ათასი ლარი როგორ გეყოფათ?!
- უიმედოდ, ჩვენი მტერი იყოს! მომავალ წელს ადგილობრივი ხელისუფლება 600 ათასი ლარით დაგვეხმარება. ასე რომ, ყველაზე რთული - სეზონის ბოლომდე მიღწევა იქნება. მაგრამ თერჯოლაში ფეხბურთის განვითარების ფონდი შეიქმნა, რომლისთვისაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ 200 ათასი ლარი გამოყო.

გარდა ამისა, უცხოეთში მოღვაწე თერჯოლელი ბიზნესმენების იმედიც გვაქვს... ყოველ შემთხვევაში, ასე ვიცით, რომ სამი ბიზნესმენი ჯამში მილიონი ლარით დაგვეხმარება. 600 ათასს ეს მილიონიც თუ დაემატა, კარგი ბიუჯეტი გამოვა. სხვათა შორის, შარშანაც დაგვეხმარნენ და 60 ათასი ლარი დაგვირიცხეს, რითიც შეკრების, ეკიპირებისა და პრემიების ფული გავეცით.

სხვათა შორის, ერთ-ერთი ბიზნესმენთაგანი რუსულ კლუბსაც აფინანსებს. მათი ვინაობის დაკონკრეტება არ მსურს.

- ეს კონკრეტული დაპირებაა?
- ყოველ შემთხვევაში, ეს თავად უთქვამთ და იმედი გვაქვს, ბიუჯეტის გარანტიას წარვადგენთ. თუ არ იქნება, მოედანზე მაინც გავალთ და ვიბრძოლებთ.

- არანაკლებ მნიშვნელოვანია, გაიარეთ თუ არა ლიცენზირება...
- ფეხბურთის ფედერაციაში ყველა საჭირო დოკუმენტი უკვე შევიტანეთ და იმედია, ეროვნულ ლიცენზიას მივიღებთ.

Sportall.Ge

- ცნობილი ფეხბურთელებიდან მხოლოდ რატი წინამძღვრიშვილი გყავთ. გამოუცდელი ბიჭებით კი წარმატების მიღწევა ძნელია...
- სხვათა შორის, წინამძღვრიშვილმა მხოლოდ რამდენიმე შეხვედრა ჩაატარა და გუნდიდან წავიდა. ძირითადად, ადგილობრივებს ვეყრდნობით, რომლებიც ჩემი გაზრდილები არიან და მეამაყება, ამ დონემდე რომ მივედით. გვყავს რამდენიმე ქუთაისელი და თბილისელი მოთამაშე, რომელთაც თამაში სწყურიათ და თავს არ ზოგავენ.

- გაძლიერებას თუ აპირებთ?
- უმაღლეს ლიგაში პირველზე გაცილებით დიდი მოთხოვნებია და, რა თქმა უნდა, გაძლიერება გვსურს. მაგრამ წინასწარ ლაპარაკი მაინც გამიჭირდება. ეგაა, 5-ათასლარიანი ფეხბურთელი არ გვეყოლება, მაქსიმუმ, წამყვან ფეხბურთელებს 2 ათასს თუ გადავუხდით. ყველაფერი დამოკიდებულია ბიზნესმენებთან მოლაპარაკების შედეგებზე. თუ გვერდში დაგვიდგებიან, გაძლიერებას მოვახერხებთ.

1993 წელს, როგორც ფეხბურთელი, "საპოვნელას" რიგებში უმაღლეს ლიგაში გადავედი. ახლა, ეს ამ კლუბის მთავარი მწვრთნელის რანგში მოვახერხე და დიდი მოტივაცია მაქვს - "საპოვნელამ" ისე უნდა ითამაშოს, რომ არავინ თქვას - ამათ უმაღლეს ლიგაში რა უნდოდათო?!

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 12 /
მირიან გეწაძე ზესტაფონის "მარგვეთის" ფეხბურთელი იყო და არა "ზესტაფონის"
luxuta
11:08 11-05-2015
0
Mariam, ცუდია, რომ დანაშაულის დამფარავის როლში გამოდიხართ, ისე თუ მართლები არიან და სიმართლის დასაცავად არ მიაკითხავენ, სადაც ჯერ არს სულ ცოტა არ იქნება კარგი.
gizog
10:27 11-05-2015
0

სიახლეები პოპულარული