გიორგი ანჩაბაძე: ტოტალიზატორები ჩვენს ჩემპიონატს უნდა ჩამოვაშოროთ

AutoSharing Option
ქართულ ფეხბურთში მიმდინარე მოვლენებზე აზრი თბილისის "დინამოს" ვეტერანს, ახლო წარსულში ეროვნული ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს, გიორგი ანჩაბაძეს, ვკითხეთ:

- უპირველეს ყოვლისა, გვაინტერესებს თქვენი აზრი ბოლოდროინდელ სკანდალზე...
- ორი აზრი არ არსებობს, რომ ძალიან ცუდი ამბავი მოხდა. მესმის, რომ გარიგებული თამაშები მთელი მსოფლიოს სენია და საქართველო გამონაკლისი ვერ იქნება. მაგრამ ეს უბედურება ჩვენ მაინც განსაკუთრებულად შემოგვეჩვია და ეს ყველას, მოქმედ თუ ვეტერან ფეხბურთელებს, ძალიან გვადარდებს.

- ამ გახშირებულ მოვლენებს რას მიაწერთ?
- იმას,
რომ ფეხბურთს ძველებურად ყურადღებას აღარ აქცევენ, ხალხი ფეხბურთს რომ მოაკლდება და სტადიონზე 20 კაცი მიდის, ასეთ სიტუაციაში შავ-ბნელი საქმეების მოგვარება ადვილია.

მესმის, რომ მსგავსი მოვლენები სხვაგანაც ხდება, სადაც ლამის ფეხბურთელების ყოველ ნაბიჯს აკონტროლებენ. მაგალითად, სეზონი არ გავა, იტალიაში რამე უბედურება რომ არ გასკდეს - გაუთავებელი "კალჩოპოლოები" ამაზე მიუთითებს. დიდი ამბები მოხდა თურქეთში, საფრანგეთში, ესპანეთში... ამით საფეხბურთო მაფია შეასუსტეს, მაგრამ მისი სრულად მოსპობა შეუძლებელია.

- გააჩნია, გარიგებები არ დოზითაა. ჩვენთან ის საფეხბურთო კატასტროფად იქცა...
- მეც იმავეს ვფიქრობ. ტოტალიზატორები წყლის ამღვრევას ახერხებენ იტალიაში, სადაც ფეხბურთელები ძალიან მაღალ ხელფასებს იღებენ. ჩვენთან კი დიდი გაჭირვებაა, კლუბებს ძალიან მცირე ბიუჯეტები აქვთ, ბევრგან ხელფასებსაც ვერ არიგებენ, მოთამაშეთა ნაწილი კი ენთუზიაზმზე თამაშობს. მე არავის განკითხვა არ მსურს, მაგრამ როდესაც ადამიანს უჭირს, ცხადია, მას მეტი ცდუნება უჩნდება, სინდისზე ხელი აიღოს და თამაშის ჩაწყობას დათანხმდეს. ამიტომაა საჭირო მეტი ყურადღება, გუნდების მოვლა-პატრონობა, რომ ეს საცდური ბევრს ავაცილოთ.

- თქვენი აზრით, გუნდს ან ფედერაციას აქვს იმის საშუალება, რომ მსგავს მოვლენას შეეწინააღმდეგოს?
- მე რომ მწვრთნელი ვიყო, გეტყოდით, რას და როგორ გავაკეთებდი. ახლა კი უხერხულია ჩემგან რაიმე რჩევების მიცემა. ცუდი ფაქტი მოხდა მარტო იმიტომ, რომ ფეხბურთში უამრავი წესიერი ადამიანია, მოთამაშეებიც და მწვრთნელებიც. მაგრამ ამ საქმის შემდეგ, რამდენიმე ადამიანის გამო, ყველაზე უარყოფითი აზრი ყალიბდება. ეს კი ქართული ფეხბურთის შელახულ სახელს კიდევ უფრო აზარალებს.

- ტოტალიზატორი თანამედროვე ფეხბურთის თანმდევი გახდა. მაგრამ ევროპაში მეტ-ნაკლებად უმკლავდებიან: თქვენი თქმის არ იყოს, იქ სოლიდურ ხელფასებს უხდიან. ბევრი კი მიიჩნევს, რომ ჩვენნაირ გაჭირვებულ ქვეყანაში ტოტალიზატორები უნდა აიკრძალოს...
- სიმართლე გითხრათ, წარმოდგენა არ მქონდა, ტოტალიზატორები ფსონებს ჩვენი პირველი ლიგის თამაშებზეც თუ იღებდნენ. მაგრამ ფაქტია და ისიც გამოჩნდა, რომ ამით ბევრი ცუდად სარგებლობს. ამიტომ არის რაღაც ლოგიკა იმაში, რომ ტოტალიზატორები ჩვენს ჩემპიონატს უნდა ჩამოვაშოროთ. ამ გაჭირვებულ გუნდებსა თუ მოთამაშეებს ეს საფრთხეს უქმნის და წყალს გვიმღვრევს. თუმცა, არ ვიცი, ეს როგორ და რა გზითაა შესაძლებელი.

- ქართულ ფეხბურთში რატომ არ ჩანხართ?
- ერთი ხანობა, პროფესიული ფეხბურთის ლიგაში მიმიწვიეს, მაგრამ მერე ამ საქმიანობასაც შევეშვი და ფეხბურთსაც ჩამოვშორდი.

- მწვრთნელობაზე არ გიფიქრიათ?
- ფეხბურთში ყოფნა მსურდა, მაგრამ მწვრთნელობაზე არ მიფიქრია. სხვა მხრივ კი ამ სფეროში დამკვიდრება არ მოხერხდა.

- ახლა რას საქმიანობთ?
- სამშენებლო კომპანიაში ვარ. მაგრამ ჩემთვის ახლობელ სფეროს აქაც ვერ ავცდი და სპორტული ობიექტების მშენებლობაზე ვართ ორიენტირებულები.

- საქართველოს ჩემპიონატს თუ ადევნებთ თვალს?
- კი, როგორ არა! ბევრი ჩემი მეგობარი და ახლობელია, ბოლოს და ბოლოს, ჩვენი ჩემპიონატია და მაინტერესებს.

- დღევანდელ ქართულ ფეხბურთზე რას იტყვით?
- ახალს ვერაფერს, მძიმე მდგომარეობაში რომ არის, ეს საერთო აზრია. მაყურებელი თამაშებზე რომ არ დადის, აქედანაც გასაგებია, რომ დონე სასურველისგან ძალიან შორსაა. მაგალითად, მიმაჩნია, რომ 16-გუნდიანი ჩემპიონატი საქართველოსთვის მეტისმეტად გაბერილი ციფრია.

- მაგალითად, რამდენი?
- ხარისხიანი და სანახაობრივი ჩემპიონატი თუ გვინდა, უმაღლეს ლიგაში ბევრად ნაკლები გუნდი უნდა იყოს.

- ამბობენ, რომ ამით ფეხბურთი უფრო მასობრივი გახდა და თამაშებიც დაძაბულად მიმდინარეობს. თავის გამოჩენის საშუალებაც ბევრს მოთამაშესა და მწვრთნელს მიეცა.
- მე საკამათოდ არაფერს ვამბობ. უბრალოდ, ჩემი აზრი გამოვხატე. 16-გუნდიანი ჩემპიონატი საქართველოში გაუმართლებელია, ხოლო მასობრიობას რაც შეეხება, ეს კარგია გარბენებში და არა - უმაღლეს ლიგაში. ესაა, ხარისხს რომ აფუჭებს და ამით ფეხბურთი ზარალდება. რაც მთავარია, მაყურებელს კიდევ უფრო აშორებს სტადიონებიდან.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
განმარტეთ როცა რაგაცას წერთ. აქაური ტოტალიზატორები საერთოდ არაფერ შუაში არ არიან მაგ სკანდალთან,ალბათ ავტორს უნდა რომ აკრძალონ სინგაპურის და აზიის ტოტალიზატორები ,გმერთმა ხელი მოგიმართოთ
besarioni
16:29 09-05-2015
0
10 გუნდიანში ხელფასიც მეტია და დაძაბულობაც.
დიტო
16:36 09-05-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული