ტორპედო-სიონი 1:0 - დიდი ძალისხმევა დასჭირდებათ... [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"სიონი" უმაღლეს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის და მისთვის თითოეულ ქულას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. ბოლნისელებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს და საწყისი 10 წუთის განმავლობაში უპირატესობასაც ფლობდნენ, თუმცა ჯაბა უგულავას მიერ მახვილი კუთხიდან განხორციელებულ არაზუსტ დარტყმას თუ არ ჩავთვლით, ქუთაისელთა კართან რეალური ხიფათი არ შექმნილა.

სტუმრებისგან განსხვავებით, გიორგი დარასელიას შეგირდებს უმაღლესი ლიგიდან გავარდნა კარგა ხანია აღარ ემუქრებათ. ეგ კი არა, ტორპედოელებს ევროთასებზე მოხვედრაც შეეძლოთ, მაგრამ ზედიზედ ორი წაგების შემდეგ მათი საევროპო ამბიციები სამომავლოდ გადაიდო.

ამ შეხვედრაში ქუთაისელთა მთავარი მიზანი ორი წაგების შემდეგ საკუთარი
გულშემატკივრების წინაშე რეაბილიტაცია იყო.

ყოველგვარი წნეხის გარეშე მოთამაშე "ტორპედომ" თანდათან უპირატესობა მოიპოვა. ბუდუ ზივზივაძის დარტყმა მირზა მერლანმა მოიგერია. ამას ზივზივაძე-კირკიტაძის ორსვლიანი კომბინაცია მოჰყვა, რომელიც უკანასკნელის დარტყმით დასრულდა, თუმცა კუთხე მახვილი იყო და მეკარემ ბურთი კორნერზე მოიგერია. აქედან კი ირაკლი კლიმიაშვილმა მოაწოდა ბურთი, რასაც ადამაძემ თავური დარტყმა მიაყოლა, თუმცა ბურთი სამიზნეს ასცდა.

ტემპი არცთუ ისე მაღალი იყო. მასპინძლები უფრო მეტად აქტიურობდნენ, რასაც კიდევ ერთი მომენტი მოჰყვა - მარჯვენა ფრთიდან გივი იოსელიანმა საპირისპირო ფლანგზე ტუღუშს ჩაუწოდა ბურთი, რომლის დარტყმაც მერლანმა იოლად მოიგერია.

შემდეგ ზაზა ჭელიძე გადიოდა მეკარესთან პირისპირ, მაგრამ მცველმა ვარდნაში სცადა ბურთის ართმევა, რასაც ქუთაისელთა საყრდენი ნახევარმცველის წაქცევა მოჰყვა. მასპინძლები ჯარიმას ითხოვდნენ, მაგრამ არბიტრმა სხვაგვარად განსაჯა და ჭელიძეს სიმულაციისთვის ყვითელი ბარათი აუფრიალა.

პირველ ტაიმში ყველაზე რეალური მომენტი დავით კირკიტაძეს შეექმნა, როცა საჯარიმოს რკალიდან მისი უძლიერესი დარტყმა მერლანმა საუცხოოდ განმუხტა. ბოლნისელებმა რიონისპირელთა შეტევებს დათა სიჭინავას ორი საჯარიმო დარტყმით უპასუხეს, თუმცა ბურთი ორივეჯერ ასცდა მიზანს.

მეორე ტაიმი გაცილებით დინამიკური გამოდგა. შეხვედრა ქუთაისელთა უპირატესობით განახლდა. მარცხენა ფლანგიდან აქტიურად ერთვებოდა შეტევებში ქიმაძე, რომელმაც რამდენჯერმე გაამწვავა სიტუაცია.

კარგად ჩაერთო შეხვედრაში შოთა ბაბუნაშვილი, რომელმაც "ტორპედოს" შეტევებს სიმწვავე შემატა. განსაკუთრებით ის ეპიზოდია აღსანიშნავი, როცა ვეტერანმა ნახევარმცველმა საჯარიმოს ხაზიდან ბოლნისელთა კარის ძელი შეაზანზარა.

გამოუყენებელი მომენტების გამო "ტორპედო" კინაღამ დაისაჯა - კუთხურის შემდეგ ლუის ალბერტო ურტყამდა თავით და ქიმაძემ ბურთი თავითვე გამოიტანა ცარიელი კარიდან.

ქვემოქართლელებს ცოტა ხანში კიდევ მიეცათ ანგარიშის გახსნის შესანიშნავი შანსი, როცა საჯარიმოს წინა ხაზიდან ალექსანდრე გოგობერიშვილმა "დააქუხა" და მეკარე ალექსეი შევჩენკომ თავგანწირული ნახტომით შეძლო ბურთის მოგერიება.

ბოლო წუთებმა კვლავ "ტორპედოს" უპირატესობით ჩაიარა. "სიონი" განსაკუთრებით შეცვლაზე შესულმა ბაბუნაშვილმა და ვახტანგ კვარაცხელიამ გააწამეს. 85-ე წუთზე სწორედ მათი შეტევისას სტუმრები სასწაულებრივად გადაურჩნენ გოლს - ბაბუნაშვილის გადაცემის შემდეგ კვარაცხელია დაახლოებით 8 მეტრიდან ურტყამდა კარში. გოლი გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ... მერლანმა პატარა სასწაული მოახდინა და აკრობატულ ნახტომში ურთულესი ბურთი მოიგერია.

მაგრამ ამ დუეტის მორიგი მცდელობისას მერლანიც უძლური აღმოჩნდა. მატჩის მიწურულს ბაბუნაშვილმა მარჯვენა ფლანგიდან ჯარიმა შეასრულა და კვარაცხელიამ თავურით გამარჯვების გოლი გაიტანა.

დარჩენილ დროში საინტერესო აღარაფერი მომხდარა. "სიონმა" ამ მარცხით მდგომარეობა კიდევ უფრო გაირთულა. ბოლნისელებს უმაღლეს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად დიდი ძალისხმევა დასჭირდებათ.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXVII ტური
09.05. ქუთაისი. "რამაზ შენგელია"
ტორპედო-სიონი 1:0
გოლები: 1:0 კვარაცხელია (88. ბაბუნაშვილის პასით)
ტორპედო (4-2-3-1): შევჩენკო - იოსელიანი, ადამაძე, მირცხულავა, ქიმაძე - მამასახლისი, ჭელიძე (46. ბაბუნაშვილი) - კირკიტაძე, კლიმიაშვილი, ტუღუში (56. კვარაცხელია) - ზივზივაძე (75. გოგუაძე).
სათადარიგოები: შეყრილაძე, მახვილაძე, ადამაშვილი, პუხაევი
მწვრთნელი: გიორგი დარასელია
სიონი (5-4-1): მერლანი - ფოფხაძე, მოსემღვდლიშვილი, ცნობილაძე, გურეშიძე, გოგობერიშვილი - ცხადაია, ჭანკოტაძე (59. საჯაია), სიჭინავა (78. და სილვა), უგულავა (68. ლობჯანიძე) - ლუის ალბერტო.
სათადარიგოები: ორთოიძე, ოთარაშვილი, მიქაბერიძე, ჭიკაიძე
მწვრთნელი: ლადო ბურდული
გაფრთხილება: ქიმაძე (37), უგულავა (55), საჯაია (73)
არბიტრი: ხ. გაგნიძე.

ბომბარდირები:
ი. მოდებაძე (დილა) 14
გ. პაპუნაშვილი (დინამო თბ) 11
ჯ. დვალი (ზესტაფონი)* 10
ო. კვერნაძე (ტორპედო) 9
შ. ლომია (ზუგდიდი) 9
დ. სიჭინავა (კოლხეთი/სიონი) 9
გ. ბერიაშვილი (დინამო ბთ) 8
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 8
შენიშვნა: * - ჯაბა დვალი კარიერას მოლდოვის "დაჩიაში" განაგრძობს

მომდევნო (XXVIII) ტური
13 მაისი, ოთხშაბათი
სიონი-დინამო (ბთ)
ჩიხურა-გურია
დინამო (თბ)-ზუგდიდი
კოლხეთი-მერანი
მეტალურგი-ვიტ ჯორჯია
სამტრედია-დილა
შუქურა-ცხინვალი
ზესტაფონი-ტორპედო 0:3 (ტექ.).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული