თუმცა, სეზონის ბოლომდე 3 ტურით ადრე ყველაფერი გაირკვა: ახალი (და დამსახურებული) ჩემპიონი გვყავს, მეორე-მესამეადგილოსნების ამბავიც გადაწყვეტილია, "სიონიც" დაშორდა ცხრილის ქვედა ნაწილს და მხოლოდ და მხოლოდ ერთი პასუხგაუცემელი კითხვაღა რჩებოდა.
სხვათა შორის, ეს კითხვა ბოლოსწინა ტურის მერეც აქტუალურია და ამ ერთადერთ ინტრიგას სწორედაც ბოლო ტური გაარკვევს: უმაღლეს ლიგას "პირდაპირ" ან "მეტალურგი" დატოვებს, ან კიდევ -
სამწვრთნელო გადაადგილება
სტუმრად "გურიასთან" ფრედ დამთავრებული მატჩის მერე თბილისის "დინამო" მესამე ადგილამდე ჩამოქვეითდა, გუშინ კი ჩვენს ყველაზე ტიტულიან კლუბში სერიოზული საკადრო ცვლილებებიც მოხდა: აწ უკვე მთავარ მწვრთნელს, კახა გოგიჩაიშვილს სეზონის დარჩენილი 2 მატჩის (ერთი - ჩემპიონატში, ერთიც - თასზე) ჩატარება აღარ დააცალეს და თავის სამწვრთნელო შტაბთან ერთად გაათავისუფლეს.გუშინვე გაცხადდა ახალი თავკაცის ვინაობაც - გია გეგუჩაძე თბილისის "დინამოში" 10-წლიანი პაუზის მერე ბრუნდება!
შეგახსენებთ, რომ 2014/15 წლების სეზონში საქართველოს ჩემპიონატში სხვადასხვა მიზეზის გამო საკუთარი პოსტის დატოვება მოუწიათ ბესიკ შეროზიას, ამირან გოგიტიძეს, კონსტანტინ ფროლოვს (ყველა - "შუქურა"), რამაზ მუმლაძეს ("ზუგდიდი"), გელა სანაიას ("სამტრედია"), გია გეგუჩაძეს ("ზესტაფონი"), რევაზ ძოძუაშვილს ("ტორპედო"), ზურაბ ბერიძეს ("ვიტ ჯორჯია"), თეიმურაზ ლორიას ("გურია").
ამათგან შეროზიამ და სანაიამ ამ სეზონშივე "მოასწრეს" სხვა გუნდებში მუშაობის გაგრძელება, ამ სიას კი, როგორც ამჩნევთ, გია გეგუჩაძეც მიემატა...
რეკორდი და ანტირეკორდი
უმოტივაციო ტური იყოო, ზემოთ ვთქვით და ამ დროს, იმის აღნიშვნაც უპრიანი იქნებოდა, თუ როგორი შესაშური შედეგიანობით გამოირჩნენ ჩვენი ფეხბურთელები სეზონის ფინიშისაკენ. ყველაზე უხვგოლიანი შეხვედრა კი ვაკეში გაიმართა, სადაც, საერთოდაც სეზონის რეკორდი დამყარდა: "ცხინვალმა", ფაქტობრივად, გასავარდნად განწირული "მეტალურგი" არ დაინდო და 7:2 გაანადგურა.აღსანიშნავია, რომ ეს იყო "ცხინვალის" ისტორიაში სარეკორდო მოგება და ბარემ ისიც ვთქვათ, რომ უმაღლეს ლიგაში გამოჩენის დღიდან (2006 წლიდან) რუსთავის "მეტალურგს" ("ოლიმპს") ჩემპიონატის მატჩებში 7 გოლი არასდროს გაუშვია...
საბომბარდირო ინტრიგა
აღარ დარჩა ინტრიგაო, ვამბობთ და აქვე შესწორებაც უნდა შევიტანოთ: ბოლო ტურმა უნდა გაარკვიოს, თუ ვინ გახდება XXVI ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი. ჯერჯერობით ორი გამოკვეთილი ფავორიტია: "დილას" გამოცდილი ფორვარდი ირაკლი მოდებაძე (14 გოლი) და თბილისის "დინამოს" ახალგაზრდა მარჯვენა გარემარბი გიორგი პაპუნაშვილი (13).ამათ დავაში, შესაძლოა, მშვენიერ ფორმაში მყოფი "ცხინვალის" 21 წლის ცენტრფორვარდი ნიკა კაჭარავაც ჩაერთოს: უმცროსმა კაჭარავამ "მეტალურგთან" მატჩში ჰეთ-თრიკი შეასრულა და 11 გოლი დაუგროვდა.
იმასაც შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ეს ჰეთ-თრიკის მეოთხე შემთხვევა იყო: ამ ტურამდე ერთ მატჩში სამი გოლი გიორგი პაპუნაშვილმა ("დინამო" თბ), ნიკა კვეკვესკირმა ("დილა") და გიორგი ჩირგაძემ ("დინამო" თბ) გაიტანეს.
წარმატებული და წარუმატებელი სერიები
"ზესტაფონთან" უბრძოლველად მოგებული შეხვედრის ჩათვლით, "ცხინვალს" უკვე შვიდმატჩიანი წაუგებელი სერია აქვს და კახა კაჭარავას გუნდიც სრულიად დამსახურებულად ჩაამთავრებს სეზონს თავისთვის მართლაც საპატიო მეოთხე ადგილზე! არადა, წინა სეზონში ამ გუნდის პროგრამა-მაქსიმუმიცა და პროგრამა-მინიმუმიც უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება იყო.ეგ კი არა, 26 მაისს, საქართველოს თასის ფინალი თბილისის "დინამომ" რომ მოიგოს, "ცხინვალი" ევროპის ლიგაზეც იასპარეზებს! აი, "სამტრედიას" კი ჩემპიონატში უკვე ხუთმატჩიანი მოუგებელი სერია აქვს (თანაც, ზედიზედ სამი შეხვედრა წააგო), მაგრამ ყველას კარგად მოეხსენება, რომ ზაზა ზამთარაძის დამოძღვრილი გუნდი მთავარ აქცენტს სწორედაც თასის ფინალზე აკეთებს და, აქედან გამომდინარე, მართლაც არ უნდა ჰქონდეს მნიშვნელობა, თუ რომელ ადგილზე დაასრულებს ჩემპიონატს "სამტრედია": მეხუთეზე, მეექვსეზე, მეშვიდეზე, მერვეზე...
სადებიუტო გოლები
23 წლის გიორგი მჭედლიშვილი პირველ წრეში თბილისის "დინამოში" გამოდიოდა, ახლა კი "გურიაში" ასპარეზობს და უმაღლეს ლიგაში სადებიუტო გოლი სწორედ ყოფილი გუნდის კარში გაიტანა; ასევე სადებიუტო გოლი გაიტანა უმაღლეს ლიგაში "ცხინვალის" 19 წლის შემტევმა ლაშა ქოჩლაძემ, 23 წლის ნახევარმცველმა ლევან ბერუაშვილმა და ასევე 23 წლის შემტევმა გიორგი ზვიადაძემ (ორივე - "მეტალურგი").აღსანიშნავია, რომ მეორე წრეში ამ ტურამდე "მეტალურგს" (რომელსაც "ცხინვალთან" მატჩში ავადმყოფობის გამო მთავარი მწვრთნელი ვარლამ კილასონია ვერ მოძღვრავდა) ცამეტ ტურში მხოლოდ 3 გოლი ჰქონდა გატანილი, ახლა კი რუსთაველთა გუნდმა ერთ შეხვედრაში ორი გოლი შეაგდო, მაგრამ ეს არც თამაშის გადასარჩენად იყო საკმარისი და საერთოდაც, არავინ იცის, როგორ უნდა შეძლოს ყველასგან მიტოვებულმა "მეტალურგმა" უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება?..
ყოფილი გუნდის კარში...
გიორგი მჭედლიშვილის გარდა, გასულ ტურში კიდევ რამდენიმე ფეხბურთელმა გაუტანა გოლი თავის ყოფილ გუნდს; ასე მაგალითად, "ტორპედო" - "შუქურას" მატჩში სტუმართა მხრიდან ორივე გოლი მასპინძელთა ყოფილმა მოთამაშეებმა, გიორგი გურულმა და გიორგი კუხიანიძემ გაიტანეს.იმავეს ვიტყვით ზემოთ ნახსენებ ლაშა ქოჩლაძეზეც, რომელსაც თავის დროზე უმაღლეს ლიგაში დებიუტი სწორედ "მეტალურგში" ჰქონდა. ცალკე აღნიშვნის ღირსია გასული ტურის უდავოდ ყველაზე ლამაზი გოლის ავტორი: "გურიის" კაპიტანმა, 33 წლის ალექსანდრე კოშკაძემ თავის ყოფილ გუნდს, თბილისის "დინამოს" მართლაც ოსტატური გოლი გაუტანა "სტანდარტულიდან"...
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXIX ტური
ვიტ ჯორჯია-კოლხეთი 1:0 - ასე ნანატრი...
ჩიხურა-სამტრედია 2:1 - ნერვიული და დაძაბული
ტორპედო-შუქურა 0:2 - გამზრდელი არ დაინდეს... [VIDEO]
ზუგდიდი-სიონი 1:3
ცხინვალი-მეტალურგი 7:2 - რბევა ვაკეში და კაჭარავას ჰეთ-თრიკი
მერანი-დილა 1:1 - მარტვილი ჩემპიონებს ღირსეულად შეხვდა [VIDEO]
გურია-დინამო (თბ) 2:2 - ლიდერთა რისხვა [VIDEO]
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"