ჩიხურა-სამტრედია 2:1 - ნერვიული და დაძაბული

AutoSharing Option
მცირე, მაგრამ მაინც ჰქონდა ინტრიგა ბოლოსწინა მატჩს: მოგების შემთხვევაში, "ჩიხურა" "სამტრედიას" საბოლოოდ მოიტოვებდა უკან, საპირისპირო შედეგით კი გუნდები ადგილებს გაცვლიდნენ.

და მაინც, მეტი მოტივაცია საჩხერელებისკენ იყო - მათ ხომ სამჯერ (ორჯერ სათასო, ერთხელ - საჩემპიონატო) დათმეს შეხვედრა მეტოქესთან. ვფიქრობთ, ამანაც განაპირობა ორთაბრძოლის მეტად დაძაბული, ნერვიული ხასიათი, რასაც, გარკვეულწილად, მსაჯის რამდენიმე საეჭვო გადაწყვეტილებამაც შეუწყო ხელი.

მიუხედავად ორმხრივი მცდელობისა, კარგა ხანს არაფერი მომხდარა დასამახსოვრებელი. მხოლოდ მე-18 წუთზე აანერვიულა თევდორაძე ოდიკაძემ შორეული ძლიერი დარტყმით. ორ წუთში უკვე სტუმრებმა შექმნეს სერიოზული ხიფათი და გოლიც
გაიტანეს, თუმცა - თამაშგარე მდგომარეობიდან.

32-ე წუთზე კერძევაძეს აუღო ქვილითაიამ. 38-ე წუთზე აშკარად იღბალმა იხსნა სამტრედიელები, თუმცა არა მარტო იღბალმა, არამედ - დეკანოიძის ფუქსავატობამაც. თავად განსაჯეთ - კუჭუხიძემ პირისპირ გაიყვანა საჩხერელთა მე-13 ნომერი. გოლი გარდაუვალი იყო, მაგრამ საქმეში ხარიხა ჩაერია, საიდანაც ისევ დეკანოიძეს დაუბრუნდა ბურთი ცარიელი კარიდან 3 მეტრში. და რა? ნაცვლად იმისა, რომ მშვიდად შეეგორებინა კარში, ძლიერად დაარტყა და... ისევ ხარიხა!..

უგოლო ტაიმის შემდეგ მწვრთნელებმა შეცვლებს მიმართეს. სწორედ ამაზე იტყვიან, ცვლილებამ გაამართლაო. ეს განსაკუთრებით სოსო ფრუიძის გადაწყვეტილებებზე ითქმის, რამაც განაპირობა კიდეც მატჩის ბედი.

მაგრამ ჯერ ზაზა ზამთარაძეზე ვთქვათ - გამოიყვანა თუ არა მოედანზე ალექსანდრე იაშვილი, იმატა ხიფათმა საჩხერელთა კართან და 74-ე წუთზე თავად ვეტერანმა შემტევმა შეასრულა აუღებელი დარტყმა. ამით იაშვილმა მოწინააღმდეგე მეოთხედ დამარცხების საშიშროების წინაშე დააყენა. მანამდე ორჯერ შორიდან დასცხო ღონღაძემ, რასაც თევდორაძის შესანიშნავი "სეივები" მოჰყვა.

თამაში გაამწვავა შეცვლაზე შესულმა სარდალიშვილმაც. სწორედ მისი აქტიურობით დასარტყმელ პოზიციაზე გავიდა დეკანოიძე და სწორადაც მოიქცა, დარტყმას პასი რომ ამჯობინა - კორიფაძის გარჯა უზუსტესი, ულამაზესი და ასევე, აუღებელთა კატეგორიის იყო.

მალე მუმლაძეც გამოჩნდა მინდორზე და გააზრებული გადაადგილებებითა და ზუსტი პასებით ბზარები გააჩინა სამტრედიელთა დაცვაში, 88-ე წუთზე კი პირდაპირ თავზე დაასვა ბურთი კუჭუხიძეს - 2:1.

ასე დაესვა წერტილი ამ მართლაც ნერვიულ და დაძაბულ პაექრობას.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXIX ტური
17.05. ივანწმინდა
ჩიხურა-სამტრედია 2:1
გოლები: 0:1 იაშვილი (74), 1:1 კორიფაძე (78. დეკანოიძის პასით), 2:1 კუჭუხიძე (88. მუმლაძის პასით)
ჩიხურა: ქვილითაია, ღონღაძე, ბაჯელიძე, ჭელიძე, კუჭუხიძე, დეკანოიძე (79. მუმლაძე), კორიფაძე, ჩიკვაიძე, დობროვოლსკი (64. განუგრავა), კაშია, ოდიკაძე (46. სარდალიშვილი).
სათადარიგოები: ზარქუა, კაკაშვილი, მანჯგალაძე, ივანიშვილი
მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
სამტრედია: თევდორაძე, შალიკაშვილი, თედ. გრიგალაშვილი, ბეჭვაია, კვირკველია, ხიზანიშვილი (80. გორგიაშვილი), შარიქაძე, ბოლქვაძე (69. იაშვილი), დოლიძე, გეწაძე, კერძევაძე (43. კაპანაძე).
სათადარიგოები: მუჯრიშვილი, თევზაძე, გურული, ლეონარდო
მწვრთნელი: ზაზა ზამთარაძე
გაფრთხილება: ხიზანიშვილი (24), ღონღაძე (53), გორგიაშვილი (87), ბაჯელიძე (90), კუჭუხიძე (90)
არბიტრი: გ. კიკაჩეიშვილი.

ბომბარდირები:
ი. მოდებაძე (დილა) 14
გ. პაპუნაშვილი (დინამო თბ) 13
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 11
ჯ. დვალი (ზესტაფონი)* 10
ო. კვერნაძე (ტორპედო) 9
შ. ლომია (ზუგდიდი) 9
დ. სიჭინავა (კოლხეთი/სიონი) 9
გ. ბერიაშვილი (დინამო ბთ) 8
შენიშვნა: * - ჯაბა დვალი კარიერას მოლდოვის "დაჩიაში" განაგრძობს

ბოლო ტური (XXX) ტური
22 მაისი, პარასკევი
სიონი-გურია
დილა-ვიტ ჯორჯია
დინამო (თბ)-ჩიხურა
კოლხეთი-ცხინვალი
მეტალურგი-ტორპედო
სამტრედია-მერანი
შუქურა-დინამო (ბთ)
ზესტაფონი-ზუგდიდი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული