დღეს უმაღლესი ლიგის ბოლო, 30-ე ტურის მატჩები უნდა გაიმართოს.
ჩემპიონატი საკმაოდ დაძაბული გამოდგა და ეს მუხტი უმაღლეს ლიგას ბოლო ტურამდე მოჰყვა, სადაც მეორე-მესამე ადგილების ბედი ჯერ კიდევ გასარკვევია - მესამეადგილოსანი თბილისის "დინამო" სახლში "ჩიხურას" მასპინძლობს, ხოლო "დინამო ბათუმი", ნომინალური სტუმრის სტატუსით, ქობულეთის "ჩელე არენაზე" ადგილობრივ "შუქურას" დაუპირისპირდება. 52
24 აპრილს "შუქურას" აწ უკვე ჩემპიონ და მაშინ ახლად გალიდერებულ გორის "დილასთან" სტუმრად ჩატარებული მატჩის ხასიათით და ფეხბურთის გულშემატკივრებში მაშინ გაჩენილი კითხვებით თუ ვიმსჯელებთ, დღევანდელი მატჩი ბათუმელებისთვის ძნელი გასეირნება არ უნდა იყოს.
ადვილად წარმოსადგენია, რომ მატჩში ქობულეთის "შუქურას" თამაშის ხარისხი "რატომღაც" ისეთივე უმოტივაციო იქნება, როგორიც გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე იყო. გასავარდნ ზონაში დაძაბული მუხტი თითქმის აღარ არსებობს, ბოლო ადგილზე მყოფი "მეტალურგი" ჩემპიონატის დასრულებამდე რამდენიმე თვით ადრე მსხვილი ფინანსური დავალიანების გამო გაკოტრდა, ხოლო მეთხუთმეტეადგილოსანი "ზესტაფონი" კი ჩემპიონატის დასრულებამდე 7 ტურით ადრე გორის "დილასთან" საშინაო მატჩზე არგამოცხადების გამო უმაღლესი ლიგიდან მოკვეთეს.
საგულისხმოა ის ფაქტი, რომ "ზესტაფონის" პრეზიდენტის განცხადებით, გორის "დილასთან" მატჩზე არგამოცხადების ერთ-ერთ მიზეზად მან კლუბის ფეხბურთელების მოსყიდვის მცდელობა დაასახელა, რომელიც, მისი თქმით, გორის "დილას" წარმომადგენლების მიერ იყო ინიცირებული.
წყარო: info9.ge