დიდი ცვლილებები ქუთაისში - "ტორპედო" ირაკლი კლიმიაშვილმაც დატოვა

AutoSharing Option
სეზონის დამთავრებისთანავე, ქუთაისის "ტორპედო" რვა ფეხბურთელმა დატოვა - თენგიზ ჩიკვილაძემ, რომეო კანკიამ, გივი იოსელიანმა, ლაშა ქებაძემ, ნიკა კვასხვაძემ, ბუდუ ზივზივაძემ, ნიკა საბანაძემ და ვახტანგ კვარაცხელიამ. წასულთა სიას გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კლიმიაშვილიც დაემატა.

გამოცდილმა ნახევარმცველმა "ტორპედო" საკუთარი სურვილით დატოვა და თავადვე გაავრცელა განცხადება, რომ ეს ნაბიჯი უცხოეთში წასვლის იმედად გადადგა.

ამ ეტაპზე, ქუთაისურ კლუბთან ხელშეკრულებები ერთი წლით გაახანგრძლივეს გურამ ადამაძემ და გიორგი ქიმაძემ. გარდა ამისა, გუნდს ქობულეთის "შუქურადან" გიორგი კუხიანიძე დაუბრუნდა. გუნდში ასევე ჩაირიცხნენ მცველი დავით ოდიკაძე და თავდამსხმელი ლაშა შინდაგორიძე.  ფეხბურთელებმა "ტორპედოსთან" 1-წლიანი კონტრაქტები გააფორმეს.

კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, ასევე, შესაძლებელია, რომ "ტორპედოში" ითამაშონ: ნახევარმცველმა დათა სიჭინავამ და ფორვარდებმა - გიორგი ჩირგაძემ და გიორგი ქვილითაიამ.

საინფორმაციო სააგენტო "ქუთაისი პოსტის" ინფორმაციით, ქალაქის საკრებულოს სხდომაზე მერი და უმცირესობის დეპუტატი ერთმანეთს... "ტორპედოს" გამო დაუპირისპირდნენ.

უმცირესობის დეპუტატმა მერიის მიერ კლუბისთვის თანხის დარიცხვა უარყოფითად შეაფასა და თქვა, რომ ამ ფულის სოციალურ პროექტებში დახარჯვა აჯობებდა, მერიის წარმომადგენლები კი "ვისოლის" კლუბიდან წასვლაშიც დაადანაშაულა - ამ კომპანიას ეს ნაბიჯი თქვენ აიძულეთო...

ასეა თუ ისე, ქუთაისის მერია "ტორპედოს" მიტოვებას არ აპირებს მანამდე, ვიდრე კლუბს სპონსორი არ გამოუჩნდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ყველაზე ცუდი რა არის იცით, ადამიანებს ისე უშვებენ და აგდებენ სამსახურებიდან, არც აინტერესებთ მათი ოჯახების ბედი.
feola
11:00 02-06-2015
0
ავტობუსის ფულს რო დაატრიალებენ მერე ნახე ბენზემა და იაგუანი
armen
22:51 01-06-2015
0

სიახლეები პოპულარული