ფეხბურთელების გაშვებასთან ერთად, ცხადია, "დინამო" შემადგენლობის გაძლიერებაზეც ზრუნავს.
უკვე გვეწერა, რომ (ჩვენი ინფორმაციით) განიხილება რამდენიმე ფეხბურთელის კანდიდატურა, მათ შორის - შოთა გრიგალაშვილის, ჯაბა დვალის, ნიკა გელაშვილის...
გუშინ კი მეტად საინტერესო ამბავიც შევიტყვეთ - "დინამოს", თურმე, "სამტრედიის" ყოფილი მცველის, 22 წლის თედორე გრიგალაშვილისა და 21 წლის ფორვარდის, გიორგი ქვილითაიას გადაბირება სურს.
გრიგალაშვილი "ზესტაფონის" აღზრდილია. გია გეგუჩაძე მის შესაძლებლობებს ძალიან კარგად იცნობს. ბოლოს თედო "სამტრედიაში" თამაშობდა, თუმცა საქართველოს თასის ფინალში დიდი ანგარიშით წაგების შემდეგ გუნდი, ფაქტობრივად, ყველა წამყვანმა მოთამაშემ დატოვა. "სამტრედიას" გაეცალა სამწვრთნელო შტაბიც, ზაზა ზამთარაძის ხელმძღვანელობით.
გრიგალაშვილის პლუსი ისაა, რომ მას თანაბარი წარმატებით შეუძლია თამაში როგორც დაცვის ცენტრში, ისე მარჯვენა ფლანგზე.
დანამდვილებით შევიტყვეთ, "დინამოს" ინტერესთა სფეროშია მოქცეული ფორვარდი ქვილითაიაც, ვინც ახლახან დატოვა უნგრული "დიორი".
რაც შეეხება ჯაბა დვალს, ის აღარ აპირებს მიბრუნებას მოლდოვურ "დაჩიაში", თუმცა მისი გადაბირება, "დინამოს" გარდა, ქუთაისის "ტორპედოსაც" სურს.
დვალს აქვს ვარიანტები აზერბაიჯანიდანაც, სადაც ერთხელ უკვე თამაშობდა "ყარაბაღის" შემადგენლობაში.
1-ელ ივნისს "ლელო" თბილისის "დინამოს" მწვრთნელ გია გეგუჩაძეს დაუკავშირდა და მოსალოდნელ ტრანსფერებთან დაკავშირებით კომენტარი სთხოვა, თუმცა...
"ჯერ სამუშაო პროცესი მიდის და პოტენციურ ახალწვეულებზე ახლა ვერ ვისაუბრებ. რაც შეეხება ჩვენი გუნდის მეტოქეებს სლოვენიურ შეკრებაზე, შეკრების ორგანიზატორთა მიერ ცოტა დაგვიანდა სპარინგ-პარტნიორების ვინაობის დადგენა, თუმცა მალე ყველაფერს შევიტყობთ", - გვითხრა გეგუჩაძემ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ჩვენც გავიხარებთ ბოლოსდა ბოლოს.