ალექსანდრე იაშვილი: "დინამო"? არ მინდა, 0:5-ის შემდეგ დავასრულო კარიერა...

AutoSharing Option
37 წლის ალექსანდრე იაშვილი საქართველოს ნაკრებს დაუბრუნდა - 2 ივნისს სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, რომელიც ბევრს გააკვირვებდა - იაშვილი და კახა კალაძე ეროვნული გუნდის შემადგენლობაში... ვარჯიშობენ.

გარდა ამისა, იაშვილთან სალაპარაკო სხვაც დაგროვდა - თუნდაც, 0:5-ზე წაგებული თასის ფინალი "დინამოსთან", "სამტრედიაში" გატარებული დრო და მისი მომავალი ქართულ ფეხბურთში. სხვათა შორის, გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს იაშვილის თბილისის "დინამოში" დაბრუნება 99 პროცენტითაა გადაწყვეტილი...

შეგახსენებთ, რომ "იაშკამ" ეროვნულ ნაკრებში 67 მატჩი ჩაატარა
და 15 გოლი გაიტანა...

- მოდით, გავიხსენოთ ის პერიოდი, როცა ფეხბურთს დაუბრუნდით. როგორ და რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება?
- როგორც იცით, ფეხბურთისთვის თავი კარგა ხანს მქონდა დანებებული, მაგრამ მეგობრები მთხოვდნენ, რომ დავბრუნებულიყავი. დიდხანს ვიფიქრე... ბოლოს კიდევ მთხოვეს - ორი თვით მაინც დაეხმარე "სამტრედიასო" და... დავთანხმდი.

მე აქ ჩემი მოტივი მქონდა - თავის დროზე, მეც ხომ ვიღაცის მაგალითზე გავიზარდე. თუ ჩემი საქმისადმი მიდგომა მინდორზე ან მინდვრის გარეთ ვინმეს დაეხმარება, ჩემთვის ეს იქნება დიდი საჩუქარი.

საბოლოოდ, დრომ დამარწმუნა, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე.

- ჩანდა, რომ ჩემპიონატის ბოლოსკენ ოპტიმალურ ფორმას მიუახლოვდით. თქვენც გრძნობდით უკეთესობას?
- რა თქმა უნდა! პირველ სამ თამაშში განსაკუთრებით გამიჭირდა. შვიდი თვე მაინც დიდი დროა უფეხბურთოდ. ამდენი ხნის უთამაშებელი ვიყავი...

ცუდი ისაა, დასახული ამოცანა რომ ვერ შევასრულეთ. "სამტრედიას" ჰქონდა ერთადერთი მიზანი - ევროთასებზე გასვლა. ყველა საშინაო თამაშზე ბოლომდე ივსებოდა სტადიონი და ხალხს ჩვენი იმედი ჰქონდა. ფინალი უკეთ უნდა გვეთამაშა - ეს უდავოა. სამარცხვინო იყო, რაც მოხდა.

- მაინც რატომ მოხდა ასე? რამ განაპირობა ასეთი დიდი ანგარიშით მარცხი?
- რა გითხრათ... ფეხბურთია და ხდება. განსაკუთრებით ძნელი იმ ქომაგის დარწმუნებაა, რომელსაც თამაში არ უნახავს. არადა, ამხელა ანგარიშით წასაგები თამაში არ იყო. სანამ "დინამო" პირველ გოლს გაიტანდა, უპირატესობა ჩვენ გვქონდა. მერე, როცა დაწინაურდნენ, კიდევ ორი დიდებული მომენტი შეგვექმნა.

ანგარიში როცა ასეთია, რაიმეს ახსნას და თავის მართლებას აზრი ეკარგება. მე, უბრალოდ, ვამბობ იმას, რაც რეალურად იყო. თავს ნამდვილად არ ვიმართლებ და კიდევ ერთხელ ვამბობ - უკეთ თამაში გვმართებდა.

მე კიდევ სხვა რამეზე დამწყდა გული. საქართველოს თასის ფინალს დაესწრნენ გერმანელი სტუმრები, ის ადამიანები, რომლებიც სისტემატურად დადიან ბუნდესლიგის მატჩებზე. თამაშის დასრულების შემდეგ გაკვირვებულნი კითხულობდნენ - საქართველოს თასის ფინალს ასე ცოტა მაყურებელი რატომ დაესწროო?

- და მაინც, ზოგიერთი სამტრედიელი გულშემატკივრის რეაქცია აშკარად გადაჭარბებული იყო...
- თასის ფინალი სეზონის გვირგვინია, გადამწყვეტი მატჩია... ცხადია, ბევრს ელის გულშემატკივარი. მათი მესმის. როცა გაქვს მიზანი და იმ მიზანთან ერთ ნაბიჯში ხარ, 5:0 არ უნდა წააგო. ამ ხალხმა დახარჯა დრო, გამოიარა დიდი გზა. ნერვები ცალკე თემაა...

- მომავლისკენ გავიხედოთ. აგრძელებთ აქტიურ საფეხბურთო კარიერას?
- ჯერ შორიდან მოვუვლი და შევეხები პრობლემას, რომელიც აუცილებლად უნდა გადაიჭრას. ვგულისხმობ ზოგად პირობებს. მე სხვებისგან ხშირად მესმოდა, რა პირობებიც იყო საქართველოში, მაგრამ მონაყოლი ერთია, ნანახი კი - მეორე. პირდაპირ გეტყვით - ასეთ პირობებში, რა ნიჭიერიც უნდა იყოს ფეხბურთელი, ვერ გაიზრდება. ძალიან ბევრია გამოსასწორებელი.

და კიდევ - კარგი იქნება, თუ ქართველი ლეგიონერები კარიერის ბოლო წლებს სამშობლოში გაატარებენ...

რაც შეეხება ჩემს მომავალს, ვიგრძენი, რომ კვლავ ვიღებ სიამოვნებას ფეხბურთისგან. ძველებურად მსიამოვნებს თამაში და არც ჟინი გამნელებია. არ მინდა, 0:5-ის შემდეგ დავასრულო კარიერა...

- რაიმე ვარიანტი თუ გაქვთ? ვიცით, რომ თქვენი გადაბირებით თბილისის "დინამოა" დაინტერესებული...
- ჯერ არაფერია გადაწყვეტილი. სამი-ოთხი დღე მჭირდება საიმისოდ, რომ კარგად დავფიქრდე ჩემს მომავალზე.

- სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, რომელზეც ჩანს, რომ კახა კალაძესთან ერთად საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ვარჯიშობთ...
- არა, არ გვივარჯიშია. საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ გვითხრა, რომ აპირებდა ვარჯიშის შემდეგ ორმხრივ თამაშს და ჩვენც, რა თქმა უნდა, დიდი სიამოვნებით ვითამაშეთ.
Sportall.Ge
ფოტოზე: 2 ივნისს ეროვნულ გუნდს ალექსანდრე იაშვილი და კახა კალაძეც შეუერთდნენ
- რას იტყოდით უკრაინასა და პოლონეთთან მომავალ მატჩებზე?
- ორივე ძალიან ძლიერი გუნდია. საქართველოს ნაკრები კი მაქსიმუმს გაიღებს ორივე მატჩში. ამის მჯერა!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ყველაფერი უცნაური ამ ქვეყანაში უნდა ხდებოდეს, რა დინამო მართლა ნამუსი აღარ გაქვთ?! ან ეს საქართველოს ნაკრებია თუ უბნის გუნდი (სამეგობრო შეიკრიბა სათამაშოთ)! მართლა უპატრონო ქვეყანაა რა!!!
kosta
20:54 03-06-2015
0
ვიღაც პოროშენკოსთან შეხვიდე დისკუსიაში და დაუწყო ხვეწნა-მუდარა,
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული