ცნობილია, რომ სეზონის დასრულებისთანავე, გუნდი 8 ფეხბურთელმა დატოვა - თენგიზ ჩიკვილაძემ, რომეო კანკიამ, გივი იოსელიანმა, ლაშა ქებაძემ, ნიკა კვასხვაძემ, ბუდუ ზივზივაძემ, ნიკა საბანაძემ და ვახტანგ კვარაცხელიამ, ხოლო ირაკლი კლიმიაშვილმა ლატვიაში დაბრუნება გადაწყვიტა.
წასულთა სიას ნახევარმცველები - გოგი გოგიჩაიშვილი და რუსი ლეგიონერი ინალ პუხაევიც დაემატნენ. მათ კონტრაქტის ვადა ამოეწურათ და კლუბმა თანამშრომლობის გაგრძელება აღარ ისურვა.
ამავე დროს, "ტორპედოში" პირველი ახალწვეულებიც ჩაირიცხნენ. ქუთაისელთა კლუბის პრესატაშე რამაზ ჩხიკვაძის ცნობით, გუნდში მივიდნენ მცველი დავით ოდიკაძე,
34 წლის ოდიკაძე ბოლოს საჩხერის "ჩიხურაში" თამაშობდა. მანამდე ის სამტრედიის "იბერიაში", ლანჩხუთის "გურიაში", ფოთის "კოლხეთში", დონეცკის "მეტალურგის" დუბლშემადგენლობაში, "თბილისში", თბილისის "დინამოსა" და ბაქოს "ინტერში" აგორებდა ბურთს. მცირე ხნით ოდიკაძე "ტორპედოშიც" იყო. სხვათა შორის, ქუთაისელთა მეკარეების მწვრთნელი მისი ძმა თამაზ ოდიკაძეა.
22 წლის კუხიანიძე ქუთაისის სპორტსკოლის აღზრდილია და მისი კარიერაც სწორედ "ტორპედოში" დაიწყო: ამ გუნდის ფორმით ჩატარებულ 85 მატჩში მან 11 გოლი გაიტანა.
26 წლის დათა სიჭინავა "ტორპედოში" ბოლნისის "სიონიდან" მივიდა. პროფესიულ დონეზე ფეხბურთელი არაერთი სეზონის განმავლობაში ფოთის "კოლხეთში" გამოდიოდა, სადაც 100-ზე მეტი ოფიციალური მატჩი აქვს ჩატარებული. იყო აგრეთვე ბათუმისა და ბრესტის (ბელორუსი) "დინამოებში". სხვათა შორის, 3 წლის წინათ სიჭინავამ "ტორპედოსთან" ერთად უცხოური შეკრებაც გაიარა, მაგრამ მაშინ ტრანსფერი არ შედგა.
საინტერესოა 22 წლის შინდაგორიძის ისტორია, რომელმაც კარიერა არა საქართველოს კლუბში, არამედ დანიურ "ორჰუსში" დაიწყო. მერე იყო თბილისის "დინამო", ბოლოს კი "ცხინვალი", სადაც მისი შესაძლებლობები ყველაზე უკეთ გამოჩნდა. შინდაგორიძეს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებშიც უთამაშია.
არ არის გამორიცხული, "ტორპედო" კიდევ უფრო გაძლიერდეს. შესაძლოა, გიორგი დარასელიას განკარგულებაში აღმოჩნდნენ თავდამსხმელები - გიორგი ჩირგაძე (თბილისის "დინამოდან") და გიორგი ქვილითაია (უნგრეთის "დიორ ეტოდან").
ჩხიკვაძე ამბობს, რომ პარალელურად, მოლაპარაკებები მიმდინარეობს იმ ფეხბურთელებთანაც, რომლებმაც სეზონი "ტორპედოში" დაასრულეს და მათი დარჩენა-არდარჩენის ამბავიც მალე გაირკვევა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"