დავით ვოლკოვი: ვგრძნობ გეგუჩაძის ნდობას და ეს ძალიან მაიმედებს

AutoSharing Option
დავით ვოლკოვი თბილისის "დინამოს" ახალი სახეა. თავდამსხმელი 3 ივნისს 20 წლის გახდა. ის ცნობილი მეკარის, თემურ ვოლკოვის ვაჟია, რომელსაც თავის დროზე პორტუგალიაშიც უთამაშია და პირველი თაობის საქართველოს ნაკრების წევრობის კანდიდატიც იყო.

დავით ვოლკოვი "დინამოს" მაისურით 26 მაისს, საქართველოს თასის ფინალში "სამტრედიასთან" მატჩისას გამოჩნდა. მანამდე, კახა გოგიჩაიშვილის დროს, მან ჩემპიონატის მატჩშიც ითამაშა და გოლიც გაიტანა.


ამჯერად, დინამოელთა ახალმა დამრიგებელმა გია გეგუჩაძემ ის მოედანზე 85-ე წუთზე გაიყვანა, თუმცა ეს მცირე დროც საკმარისი აღმოჩნდა საიმისოდ, რომ
კვლავ გოლით გამოეჩინა თავი.


ტანმაღალმა (184 სმ) თავდამსხმელმა კარიერა "გაგრაში" დაიწყო, სადაც 17 წლისამ 23 შეხვედრაში 10 გოლი გაიტანა. მის პერსპექტივაზე ფაქტებიც მეტყველებს: "დინამოს" მაისურა ჯერ მხოლოდ სამჯერ მოირგო, ისიც - შეცვლაზე; მოედანზე სულ 28 წუთი დაჰყო და ამის მიუხედავად, 2 გოლი გაიტანა.

"თბილისის "დინამოს" ძირითად შემადგენლობაში, ფაქტობრივად, ახალი გადასული ვარ. კახა გოგიჩაიშვილმა მალტა-გერმანიასთან წინასანაკრებო პაუზის პერიოდში დამაწინაურა და მალე ჩემპიონატში, მარტვილში "მერანის" წინააღმდეგ მათამაშა კიდეც.

მაგრამ ჩემთვის განსაკუთრებულად იღბლიანი თასის მატჩები გამოდგა. ნახევარფინალში "ცხინვალს" გავუტანე, შემდეგ გეგუჩაძე თასის ფინალშიც მენდო და გამიხარდა, ეს შანსი რომ გამოვიყენე.

"დინამოს" ფორმით ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრაში გოლის გატანა და თასის მფლობელის ტიტული ჩემთვის ბევრს ნიშნავს", - ამბობს ვოლკოვი.

ახალგაზრდა თავდამსხმელი "დინამოში" საკუთარ მომავალს იმედიანად უყურებს: "მე ვგრძნობ გია გეგუჩაძის ნდობას და ეს ძალიან მაიმედებს. სხვაგვარად, თასის ფინალში გამოუცდელ ფეხბურთელს არ მათამაშებდა.

ახლა მოსამზადებელი ეტაპი გვექნება, რაც წინსვლისთვის ბევრს ნიშნავს. იმედია, მთავარ გუნდთან ერთად მოვემზადები.

როცა ახალგაზრდა კაცს ასეთი ტრადიციების მქონე გუნდში შანსი გეძლევა, ძირითად შემადგენლობაში ადგილის დასამკვიდრებლად ყველაფერი უნდა გააკეთო".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული