ბათუმის "დინამო": ამირან მუჯირი მიდის და... რჩება

AutoSharing Option
ბათუმის "დინამოს" ლეგენდამ, 41 წლის ამირან მუჯირმა კარიერის დასრულება გადაწყვიტა. ეს მან თავად დაგვიდასტურა:

"ჩემი საფეხბურთო კარიერა დასრულებულია, მაგრამ ბათუმის "დინამოდან" არ წავსულვარ. გუნდში ახალი როლი მექნება - მთავარი მწვრთნელის ასისტენტად ვიმუშავებ. ანუ სულ სხვა ცხოვრებას ვიწყებ. ყველაფერი უცებ მოხდა, თავი სიზმარში მეგონა".

ვეტერანი ფეხბურთელი არ მალავს, რომ გადაწყვეტილების მიღება გაუჭირდა:

"ამ ნაბიჯის გადადგმა იოლი ნამდვილად არ ყოფილა, რადგან ფეხბურთი დიდხანს ვითამაშე. მოედნის
დატოვება იმიტომაც გამიჭირდა.

ჩემი დღევანდელობის რადიკალურად შეცვლა სერიოზულ დაფიქრებას საჭიროებდა, მაგრამ ეს დღე ყველა მოთამაშის ცხოვრებაში დგება და ამისთვის მზად უნდა იყო.

მეც ვცდილობდი, თავი შემემზადებინა და საბოლოო გადაწყვეტილებაც ამის მერე მივიღე. იმედია, ბათუმის "დინამოსთან" ერთად წარმატებას მწვრთნელის რანგშიც მივაღწევ".

მუჯირმა 24-წლიანი კარიერა ბათუმის "დინამოში" 1991 წელს დაიწყო და იქ 1997 წლამდე თამაშობდა. მერე კიდევ ხუთ ქვეყანაში (ისრაელი, ბულგარეთი, საბერძნეთი, კვიპროსი, აზერბაიჯანი) გააგორა ბურთი, სულ კი 11 გუნდის ფორმა მოირგო.

სხვათა შორის, 2009-10 წლების სეზონში აზერბაიჯანის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, გამორჩეული იყო ბულგარეთში ასპარეზობის პერიოდშიც. იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი.

2011 წლიდან მშობლიურ გუნდში დაბრუნდა და ამ ხნის განმავლობაში ჩატარებულ 70 მატჩში 12 გოლი გაიტანა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
მუმუ უმაგრესი კაცი ხარ
mumus
17:50 09-06-2015
0
მუმუა კაი კაცია დზმა ყავს პროსტა ზონდერი
qartveli
02:52 10-06-2015
0

სიახლეები პოპულარული