გიორგი თევზაძე: ერთ-ერთი ევროპული ქვეყნის კლუბიდან ზარს ველოდები

AutoSharing Option
გიორგი თევზაძეს "სამტრედიასთან" იჯარის ვადა ამოეწურა და "საბურთალოს" დაუბრუნდა.

18 წლის ფლანგის მცველმა ელიტრაუნდში სპეციალისტებზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. სწრაფი, შეტევებში ეფექტური და შედეგიანი ჩართვებით გამორჩეული მცველი ბევრი არ გვახსენდება.

ამით თევზაძე ესპანეთ-პორტუგალიის მცველებსაც არაფრით ჩამორჩებოდა, თუ არ აღემატებოდა. თბილისურ მინი-ტურნირში მან 2 გოლი გაიტანა, ისევე, როგორც ფორვარდმა გურამ გოშთელიანმა.

"ელიტრაუნდში საკუთარი თამაშით უკმაყოფილო არ ვარ. ეგ იყო, გამძლეობის მხრივ ძალიან გამიჭირდა, რადგან "სამტრედიაში" ცოტას ვთამაშობდი და კარგად მომზადებული არ ვიყავი. არადა, დარწმუნებული ვარ, გაცილებით მეტი შემიძლია.

საერთოდ, ელიტრაუნდსა და
ევროპაში სათამაშოდ გაცილებით მეტი ჯანია საჭირო და ამაზე სერიოზული ვარჯიში დამჭირდება. საწყენი იყო, რომ ესპანელებმა და პორტუგალიელებმა არა თამაშით, არამედ ფიზიკური მომზადებით გვაჯობეს.

გოლები ბოლო წუთებზე ამის გამო არ გავუშვით? ეს ჩვენი ჩემპიონატის ტემპისა და დონის შედეგია", - ამბობს თევზაძე.

ახალგაზრდა მცველს კლუბის შეცვლაზეც ველაპარაკეთ:

"წამოვედი "სამტრედიიდან" და ისევ "საბურთალოში" ვითამაშებ, რადგან იჯარა არ გავაგრძელეთ. უმაღლეს ლიგაში გატარებული რამდენიმე თვე ძალიან წამადგა და ამისთვის "სამტრედიის" ხელმძღვანელების მადლიერი ვარ.

გამოცდილი მოთამაშეების გვერდით ვვარჯიშობდი, მათგან ბევრი რამ ვისწავლე და ეს ჩემს კარიერაში წინგადადგმული ნაბიჯი იყო.

მაგრამ იშვიათად ვთამაშობდი და "საბურთალოში" დაბრუნება ამიტომ მირჩევნია, პრაქტიკა იქ უფრო მექნება. ეს კი ჩემს ასაკში ყველაზე მნიშვნელოვანია".

ელიტრაუნდის შემდეგ თევზაძით თურმე ევროპელები დაინტერესდნენ:

"ჯერ ჩემს გუნდში უნდა დავბრუნდე, მერე რა იქნება, არ ვიცი. ისე კი, ველოდები, რომ მალე ერთ-ერთი ევროპული ქვეყნის კლუბიდან დამიკავშირდებიან.

თუმცა, ჯერ არ ვიცი, აქედან რა გამოვა. ტრანსფერის საკითხი "საბურთალოს" გადასაწყვეტია. თუ არა და, ისევ "საბურთალოში" ვითამაშებ".

გიორგი დარწმუნებულია, რომ "საბურთალო" უმაღლეს ლიგაშიც არ შერცხვება:

"მეეჭვება, რომ თავიდან სამეულისთვის ვიბრძოლოთ, რადგან უმაღლეს ლიგაში გამოცდილება ბევრს ნიშნავს. ჩვენ კი ასეთი ფეხბურთელები თითქმის არ გვყავს. მაგრამ მჯერა, ჩვენს სტადიონზე არავის არაფერს დავუთმობთ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული