დინამოელთა ბანაკში სიახლე ისაა, რომ გუნდი დატოვა 23 წლის მცველმა ლაშა შერგელაშვილმა. რაც შეეხება 25 წლის მეკარე ნიკა დაუშვილს, ის, კლუბის გადაწყვეტილებით, ტრანსფერზეა დაყენებული.
სლოვენიაში გამგზავრების წინ "ლელო" დინამოს" მთავარ მწვრთნელ გია გეგუჩაძეს გაესაუბრა.
- როგორი განწყობით მიემგზავრება "დინამო" სლოვენიურ შეკრებაზე?
- კარგი, საქმიანი განწყობა გვაქვს. როგორც მოგეხსენებათ, ფეხბურთელებს თითქმის საერთოდ ვერ მივეცით დასვენების საშუალება, მაგრამ რას ვიზამთ,
როგორც იცით, ჩვენი არაერთი ფეხბურთელი იყო და არის სხვადასხვა ნაკრების შეკრებაზე, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ფაქტი მხოლოდ და მხოლოდ გვსიამოვნებს. თითოეული ჩვენგანისთვის ხომ სანაკრებო ინტერესები უზენაესია.
- "დინამომ" უკვე არაერთი ფეხბურთელი დაიმატა. შეიძლება ითქვას, სატრანსფერო კამპანია დასრულებულია?
- არა, არ არის დასრულებული. უბრალოდ, ჩვენ ძალიან მალე გვიწევს ევროპალიგის მატჩები. იმ თამაშების შემდეგაც არ იხურება სატრანსფერო ფანჯარა და ჩვენ ამ კუთხით აუცილებლად გავაგრძელებთ მუშაობას. აგვისტოს ბოლომდე კიდევაა შესაძლებელი ახალი მოთამაშეების დამატება.
- სასლოვენიო სიაში ჩვენთვის უცნობი ფეხბურთელიც ხომ არ იქნება?
- არა. თბილისიდან 20 ფეხბურთელი მიგვყავს. ადგილზე შემოგვიერთდებიან საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მყოფი დინამოელები - გიორგი პაპუნაშვილი, მათე ცინცაძე და ლაშა თოთაძე...
- პტუი თქვენთვის უცხო ადგილი არ არის. იქ ახლაც ისეთივე პირობებია, როგორიც ადრე იყო?
- მე ნამყოფი ვარ იქ და უნდა გითხრათ, რომ გუნდის კარგად მოსამზადებლად ყველანაირი პირობაა შექმნილი. ყოველ შემთხვევაში, მაშინ ასე იყო და იმედია, უარესობისკენ არაფერი შეიცვლებოდა. ერთი ეგაა, ვერ ვეთამაშებით ისეთ ძლიერ გუნდებს, როგორებთანაც გვსურდა სპარინგი.
- რა არის ამის მიზეზი?
- მიზეზი ერთადერთია: ძლიერი გუნდები სეზონისთვის სამზადისს ოდნავ მოგვიანებით იწყებენ, ჩვენ კი არ გვაქვს ამის საშუალება, რადგან სულ მალე "დინამომ" ევროპალიგაზე უნდა ითამაშოს.
- ...და მატჩები, რომლებიც "დინამოს" სლოვენიაში ელის?
- თარიღების დასახელებას ჯერ მაინც მოვერიდები. შეიძლება, რამე შეიცვალოს და არ მინდა, ქომაგები შეცდომაში შევიყვანო. მეტოქეებს რაც შეეხება, ესენი არიან: სლოვენიური "დომჟალე", სლოვაკური "ჟილინა" და რუმინული "პეტროლული".
მე თითოეულ ამ კლუბს დიდ პატივს ვცემ და არც ერთს არ ვაკნინებ, მაგრამ კიდევ უფრო ძლიერ გუნდებთან გაჯიბრება იქნებოდა სასურველი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"