"შუქურა": ხოჭოლავა "ამკარში", კომახიძე "რუბინში"... ბრაზილიელები და პუკანიჩი ჯერ საეჭვოა

AutoSharing Option
"შუქურა" სეზონისთვის მზადებას 20 ივნისს ქობულეთში შეუდგება, მერე კი უცხოურ შეკრებაზეც გაემგზავრება.

კლუბის პრეზიდენტ რეზო ჩელებაძის სამწვრთნელო ექსპერიმენტები მთავარი მწვრთნელის პოსტზე გელა სანაიას წარმატებულმა მუშაობამ დაასრულა. ამ ახალგაზრდა სპეციალისტმა მოახერხა და უმაღლეს ლიგაში ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაბრუნებულ "შუქურას" ჩემპიონატი მეშვიდე პოზიციაზე დაასრულებინა.

ახალი სეზონის დაწყებამდე ქობულეთურ კლუბში ბევრი სიახლე იქნება. რამდენიმე მათგანზე თავად ჩელებაძე გველაპარაკა:

"სიახლეები ჯერ მხოლოდ გუნდიდან წასულებს უკავშირდება. ახალწვეულებზე კი ბევრს ვერაფერს გეტყვით, გარდა იმისა, რომ ერთი ლეგიონერი დავიმატეთ. ეს არის მოლდოველი ცენტრალური მცველი დენის გილესკუ, რომელიც
კიშინიოვის "დაჩიას" კაპიტანი გახლდათ და მოლდოვის ნაკრებშიც უთამაშია".

"შუქურას" ბრაზილიელი ლეგიონერები (პაულო ვიქტორი, ფელიპე, ლუიზინიო) სამშობლოში ისვენებენ და ჯერაც უცნობია, საქართველოში დაბრუნდებიან თუ არა.

ცნობილია, რომ თბილისის "დინამოში" გააგრძელებენ კარიერას ქობულეთელთა მარჯვენა მცველი არჩილ ტვილდიანი და ცენტრალური მცველი გიორგი გურული, ხოლო გიორგი კუხიანიძე ქუთაისის "ტორპედოს" დაუბრუნდა.

დარჩება თუ არა გუნდში ადრიან პუკანიჩი? უგუნდოდ დარჩენილი უკრაინის ნაკრებისა და დონეცკის "შახტარის" ყოფილი საყრდენი "შუქურამ" თებერვალში დაიმატა. სეზონის მსვლელობისას პუკანიჩმა აჩვენა ის კლასი, რის გამოც ქობულეთურ გუნდში მიიწვიეს:

"პუკანიჩი თუ დაგვიბრუნდება, სიხარულით მივიღებთ, მაგრამ მისი ამბავი დღემდე დასაზუსტებელია. ესეც ფინანსებსა და უკრაინელის სურვილზეა დამოკიდებული.

მალე გვეცოდინება, მომავალი სეზონისთვის რა ბიუჯეტს გამოგვიყოფენ და ფეხბურთელებსაც ამის გათვალისწინებით ავიყვანთ".

ქობულეთელები უცხოურ შეკრებას თურქეთში გეგმავენ:

"შარშან, ზაფხულშიც და ზამთარშიც, თურქეთში მოვემზადეთ და ეს გუნდს ძალიან წაადგა. ახლა კი გადაწყდა, რომ შეკრებას უცხოეთში მოვაწყობთ. 15 ივლისს ერზერუმში გავემგზავრებით და 5 აგვისტომდე მოვემზადებით.

ცხადია, ახალი ფეხბურთელები გვეყოლებიან. მათ ქობულეთშიც დავაკვირდებით და უცხოურ შეკრებაზეც".

ამას გარდა, "შუქურას" კაპიტანი, 23 წლის გიორგი ჩელებაძე კვიპროსში აპირებს კარიერის გაგრძელებას. შეიძლება წავიდნენ მცველები - დათა ხოჭოლავა და ირაკლი კომახიძეც.

22 წლის ხოჭოლავას რუსეთის პრემიერლიგის ბინადარ პერმის "ამკარში" დააკვირდებიან, ნოდარ აკობიას ფორმაციის 17-წლამდელთა ნაკრების მარცხენა მცველს, 18 წლის კომახიძეს კი - ყაზანის "რუბინში".

"დიახ, ხოჭოლავათი და კომახიძით რუსული კლუბები არიან დაინტერესებულნი, მაგრამ ჯერ არ ვიცი, რომელი სად ითამაშებს.

დღევანდელი მონაცემებით, ხოჭოლავა, შესაძლოა, რუსეთის პრემიერლიგის სხვა გუნდში, კერძოდ, სარანსკის "მორდოვიაში" გადავიდეს, მაგრამ ეს ყველაფერი ერთ კვირაში გაირკვევა.

გიორგი ჩელებაძეზეც იმავეს გეტყვით. მოლაპარაკება მიმდინარეობს და მალე ყველაფერი გეცოდინებათ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული