გუშინ "ლელო" თბილისის "დინამოსა" და კრეტის ოფი-ს ყოფილ ფეხბურთელს შეეხმიანა და ინტერვიუ ჩაწერა:
- როგორც ვიცით, "ცხინვალთან" ერთად ემზადებით. ხომ არ არის რაიმე სიახლე თქვენს მომავალთან დაკავშირებით?
- მოლოდინის რეჟიმში ვარ. წესით, ახლო მომავალში, დაახლოებით ერთ კვირაში, ყველაფერი უნდა გაირკვეს.
- გაქვთ შემოთავაზებები?
- ჯერ მხოლოდ ორ ქვეყანას დავასახელებ - საბერძნეთს და თურქეთს. კლუბების დასახელებისგან თავს შევიკავებ. კონკრეტულად რომ მეცოდინება ყველაფერი, მერე ყველა ყველაფერს
- ცნობილია, რომ "ცხინვალის" ხელმძღვანელობას სურვილი აქვს, ევროთასებზე დაეხმაროთ. შესაძლებელია ეს? თუნდაც, პირველ ეტაპზე...
- მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო "ცხინვალის" ხელმძღვანელობას. ვინც ფეხბურთი იცის, დამეთანხმება, რომ ფეხბურთელის ცხოვრებაში ურთულესია ის პერიოდი, როცა უგუნდოდ რჩება. სწორედ ასეთ დროს დამიდგნენ გვერდში "ცხინვალის" მესვეურები და მადლობის მეტი არაფერი მეთქმის...
რა თქმა უნდა, მეც მინდა, რომ მათ მადლობა საქმით გადავუხადო. დავინტერესდი და გავარკვიე, რომ თუ ფეხბურთელი ითამაშებს ამა თუ იმ გუნდის შემადგენლობაში, მერე მას ერთი თვის განმავლობაში არ აქვს გუნდის შეცვლის უფლება. თუ "ცხინვალი" და ჩემი მსურველი კლუბი შეთანხმდებიან, დიდი სიამოვნებით დავეხმარები გუნდს. თანაც, "ცხინვალის" გასვლა ევროთასებზე განსაკუთრებული მოვლენაა და მინდა, ამ ისტორიული მომენტის მონაწილე მეც ვიყო.
- რა ისმის ოფი-დან? ისტუმრებენ ფეხბურთელების დავალიანებას?
- ხშირად ვსაუბრობ ამ თემაზე კლუბის ხელმძღვანელობასთან, მათ შორის - პრეზიდენტთან. ახლა საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ოფი ბანკროტად გამოცხადდება და შეიქმნება ახალი კლუბი, რომელიც საბერძნეთის ჩემპიონატის მესამე ლიგაში დაიწყებს ასპარეზობას. ასეთ შემთხვევაში, ვერც ფეხბურთელი და ვერც რომელიმე კომპანია დავალიანებას ვერ მიიღებს. მოკლედ, ვნახოთ, რა იქნება...
- ცნობილია, რომ ოფი-ში ძალიან გაფასებენ. გუნდში დარჩენა ხომ არ შემოუთავაზებიათ თქვენთვის?
- მართლაც იყო ლაპარაკი ამ თემაზე. ისიც მითხრეს - თუ დარჩები, კლუბის სტატუსის მიუხედავად, ყველა დავალიანებას ბოლომდე გაგისტუმრებთო, მაგრამ მიმაჩნია, რომ საბერძნეთის ჩემპიონატის მესამე დივიზიონზე უკეთეს ლიგაში შემიძლია თამაში.
- შეაფასეთ საქართველოს ნაკრების თამაში პოლონეთთან...
- რა თქმა უნდა, საწყენია, რომ ასეთი ანგარიშით წავაგეთ. ცხადია, გამოჩნდა ნაკლოვანებები, მაგრამ მე მაინც ვხედავ პროგრესის შტრიხებს. ჩვენი ნაკრები ახლა შეტევაში შედარებით თამამად მოქმედებს, მაგრამ კიდევ მეტი სითამამეა საჭირო. მთლიანობაში, პოლონეთმა გვაჯობა, მაგრამ ეს არ იყო თამაში, რომელიც 0:4 უნდა წაგვეგო.
მე მჯერა ჩვენი ნაკრების, ზოგადად - ქართული ფეხბურთის მომავლის. მთავარია, იყოს სწორი მიდგომა და კარგი ატმოსფერო ეროვნულ გუნდში.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"