გიორგი დარასელიამ ქუთაისის "ტორპედოს" შეკრებაზე უხმო. ფეხბურთელებმა საღორიას საწვრთნელ ბაზაზე არასრული შემადგენლობით მოიყარეს თავი და ახალი სეზონისთვის მზადებას შეუდგნენ.
ხელოვნურსაფარიან მოედანზე "ტორპედოს" პირველი ვარჯიში გულშემატკივრებისთვისაც გაიხსნა. საწვრთნელი პროცესის უმეტესი დრო ფიზმომზადებას დაეთმო.
დარასელიამ მოსამზადებელი ეტაპის გეგმები გაგვიმხილა:
"ქუთაისში ვივარჯიშებთ და ხვალიდან ორჯერად დატვირთვებზე გადავალთ. ჯერ მოთამაშეებს მოვუყრით თავს და სამწვრთნელო შტაბიც ჩამოყალიბდება, მერე კი ჩემი სურვილია, უცხოეთში წავიდეთ. მალე გადაწყდება, შეკრებას სად ჩავატარებთ.
სიმართლე გითხრათ, ჯერ გადაწყვეტილების მიღებას არც ვჩქარობთ, რადგან გვაცნობეს, რომ შესაძლოა,
კალენდარი მალე გვეცოდინება და ყველაფერს ამის მიხედვით დავგეგმავთ".
აღსანიშნავია, რომ "ტორპედოს" სამწვრთნელო შტაბში მატებაა. ამიერიდან, ქუთაისელთა ფიზმომზადების მწვრთნელი 29 წლის ბონდო გოცირიძე იქნება, რომელიც "ზესტაფონში" მუშაობდა, ბოლოს კი - თბილისის "დინამოში".
სხვათა შორის, "ლელოსთან" ინტერვიუში მის მიმართ მადლიერება თბილისელთა ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი პაპუნაშვილმა გამოხატა და თქვა, რომ სწორედ გოცირიძის დამსახურებაა, "დინამოში" გადასვლის შემდეგ ბევრი ნაკლი რომ გამოასწორა - დარტყმის სიზუსტე, ელასტიურობა, კოორდინაცია...
"ბონდო გოცირიძე ჩვენი გუნდისთვის მართლაც დიდი შენაძენია. მიყვარს ადამიანები, რომლებიც საქმეს გულით და ცოდნით აკეთებენ. მსგავსი პროფესიონალი და კარგი პიროვნება ნებისმიერ გუნდს სჭირდება", - ამბობს დარასელია.
აღსანიშნავია, რომ კარიერა დაასრულა მიხეილ მახვილაძემ, რომელიც მთავარ მწვრთნელს სავარჯიშო პროცესის ჩატარებაში ეხმარებოდა. მაგრამ "ტორპედოსა" და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი კაპიტანი რა პოზიციაზე იმუშავებს, ეს ჯერ უცნობია:
"მახვილაძემ კარიერის დასრულება გადაწყვიტა. ის კარგი ფეხბურთელი იყო და კარგი პიროვნებაცაა. ვფიქრობ, გვერდში დაგვიდგება და მთავარ გუნდში იქნება ეს, დუბლებსა თუ ჭაბუკებში, მალე გადაწყდება", - ესეც დარასელიას სიტყვებია.
"ტორპედოს" ვარჯიშში ახალწვეულებიც მონაწილეობდნენ - მცველი დავით ოდიკაძე, ნახევარმცველები - გიორგი კუხიანიძე, დათა სიჭინავა და თავდამსხმელი ლაშა შინდაგორიძე. გარდა ამისა, დადასტურდა "ლელოს" ინფორმაცია და გუნდს მეკარე გიორგი სომხიშვილი და ცენტრალური მცველი გულვერდ თომაშვილიც შეუერთდნენ. ოღონდ, ეს უკანასკნელი რეაბილიტაციის შემდეგ ინდივიდუალურად ემზადება. გავრცელებული ინფორმაციის მიუხედავად, გუნდში დარჩა თავდამსხმელი ოთარ კვერნაძეც.
კიდევ ერთი სიახლე: "ტორპედოში"გულშემატკივართა ერთ-ერთმა "ჯილამ", ნახევარმცველმა ირაკლი კლიმიაშვილმაც ივარჯიშა. მის გარდა, დარასელიამ კიდევ ერთ შესაძლო ახალწვეულზე, ლანჩხუთის "გურიას" ფორვარდ ვილი ისიანზეც გვითხრა:
"კლიმიაშვილი ლატვიაში წასვლას გეგმავდა, მაგრამ შესაძლოა, ჩვენთან დარჩეს. მგონია, რომ მისი საკითხი დადებითად გადაწყდება. ზუსტი პასუხი უახლოეს დღეებში გვეცოდინება.
რაც შეეხება ისიანს, მას პირადად ველაპარაკე და ვუთხარი, რომ მოხარული ვიქნები, თუ ჩვენთან გადმოვა. ახლა მასზეა დამოკიდებული, დაგვთანხმდება თუ არა.
ისიანი კარგი თავდამსხმელიც არის და წესიერი პიროვნებაც. მისი მოსვლა ყველას გაახარებს, რადგან გუნდს სწორედ ასეთი ხალხი სჭირდება".
დაბოლოს, დარასელია მიზნებზეც გველაპარაკა:
"ჩემი პრინციპი მხოლოდ გამარჯვებაა. ახალ სეზონში კი შევეცდებით, რომ გასული ჩემპიონატის მეორე წრეში ნაჩვენები შედეგი გავაუმჯობესოთ და ლიდერებში დავმკვიდრდეთ. დანარჩენს დრო გვაჩვენებს".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"