ის ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან კლუბს სლოვენიურ შეკრებაზე ახლავს. ქვილითაიას სწორედ სლოვენიაში დავუკავშირდით და მცირე ინტერვიუ ჩავწერეთ...
- გიორგი, გილოცავთ! უკვე ოფიციალურად ხართ თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი. რას ნიშნავს თქვენთვის, იყოთ დინამოელი?
- პირველ რიგში, ეს ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. მეორეც - ამისრულდა ბავშვობის ოცნება. ყველა პატარა ქართველი ბიჭი, რომელიც იწყებს ფეხბურთზე სიარულს, ოცნებობს იმაზე, რომ ითამაშოს თბილისის "დინამოში".
ბედნიერი ვარ ამ კლუბში მოსვლით და ვეცდები, "დინამოს" ყველა გულშემატკივარი გავახარო
- "დიორიდან" წამოსვლა რომ გადაწყვიტეთ, სხვა შეთავაზებები თუ გქონდათ და რატომ გააკეთეთ არჩევანი მაინცდამაინც "დინამოზე"?
- იყო სლოვაკეთის ერთ-ერთ გუნდში გადასვლის ძალზე რეალური ვარიანტი, მაგრამ მე არჩევანი გავაკეთე "დინამოზე". ამის მიზეზი იყო ის, რომ "დინამოში" თამაში ჩემთვის არის ახალი და ძალიან დიდი გამოწვევა.
- რას იტყვით ამ ფორმაციის გუნდზე?
- გუნდში ახალგაზრდა, ტექნიკური ფეხბურთელები შეიკრიბნენ. ვფიქრობ, ისეთი შემადგენლობაა, რომელსაც შეუძლია, გულშემატკივარი გაახაროს.
- გია გეგუჩაძესთან აქამდე არ გიმუშავიათ. როგორია თქვენი პირველი შთაბეჭდილებები?
- გეგუჩაძე უმაღლესი დონის სპეციალისტია. ვგრძნობ, რომ მენდობა.
- როგორ პირობებში ემზადება "დინამო" სლოვენიაში?
- ძალიან კარგი პირობებია აქ. რაც შეეხება სათამაშო მონახაზს, ვცდილობთ, შემტევ ფეხბურთზე გავაკეთოთ აქცენტი.
- როგორ შეაფასებდით "შკენდიასთან" შეხვედრას?
- ეს პირველი თამაში იყო. ასე ვთქვათ, ფეხბურთელები მინდორზე ვეცნობოდით ერთმანეთს. მუშავდებოდა ახალი ტაქტიკა... ვფიქრობ, ყველაფერი სულ უკეთ და უკეთ იქნება. დრო გავა და უფრო შევთამაშდებით.
- ევროთასებზე რისი მიღწევა შეუძლია "დინამოს"?
- მიზანია, წავიდეთ რაც შეიძლება შორს და გავაკეთოთ ჩვენი მაქსიმუმი - ასეთია ჩემი განწყობა ევროთასების წინ. მგონია, რომ ევროასპარეზზე კარგი თამაშით შევძლებთ ქართველი ქომაგის გახარებას.
ფოტოზე: ალექსანდრე იაშვილი, გიორგი ქვილითაია და ბაჩანა არაბული სლოვენიურ შეკრებაზე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"