გია ცეცაძე: სარისკო ისეთ გუნდში მუშაობაა, რომელსაც გულშემატკივარი არ ჰყავს

AutoSharing Option
შესაძლოა, საქართველოში ფეხბურთით დიდი იმედგაცრუება შეინიშნება, მაგრამ ამის მიუხედავად, "სამტრედიას" გულშემატკივართა საკმაოდ დიდი რაოდენობა ჰყავს და გუნდი წარმატებულია თუ წარუმატებელი, მასზე სიახლეები მუდამ აინტერესებთ - დღე არ გავა, რომელიმე სამტრედიელი გულშემატკივარი არ შეგვეხმიანოს და მშობლიური კლუბის ამბები არ გამოგვკითხოს...

"სამტრედიაში" კი დიდი ცვლილებები დაიწყო და ამაზე ოფიციალური ინფორმაცია აქამდე არ მოიპოვებოდა. გუნდის ძველი შემადგენლობიდან მხოლოდ ორი წევრი დარჩა. გუნდი კი ახალგაზრდა სპეციალისტმა, ეროვნული ნაკრების დამრიგებლის ასისტენტმა გია ცეცაძემ ჩაიბარა - ეს ამბავიც თითქმის ყველამ იცოდა, მაგრამ ოფიციალურად ახლაღა დადასტურდა.

გია
ცეცაძემ "სამტრედიის" მთავარი მწვრთნელის რანგში პირველი ინტერვიუ "ლელოს" მისცა და ბევრი საინტერესო სიახლეც გაგვიმხილა:

- თქვენი დანიშვნის ამბავი ლამის ერთი თვის წინათ გახმოვანდა. არადა, ოფიციალურად არ დასტურდებოდა...
- უკვე გადაწყდა, რომ "სამტრედიაში" ვიმუშავებ, მაგრამ საკითხის მოგვარებამდე ბევრი რამ იყო დასაზუსტებელი და ინტერვიუებზე თავს ამიტომაც ვიკავებდით.

- კონტრაქტი რა ვადით გააფორმეთ?
- თავიდან 3-წლიან კონტრაქტზე იყო ლაპარაკი, ბოლოს კი 1+1-ზე დავილაპარაკეთ. მე ის მომწონს, რომ "სამტრედიის" ხელმძღვანელები საქმეს სწორად უდგებიან. მათ კლუბის განვითარების ხანგრძლივი გეგმა აქვთ. უნდათ, ისეთი გუნდი ჩამოყალიბდეს, შედეგს გარკვვეული დროის შემდეგ რომ მოიტანს. აქცენტი ახალგაზრდებზე ავიღეთ, გამოცდილი მოთამაშე კი თითქმის აღარ დარჩა. ძველი შემადგენლობიდან მხოლოდ მეკარე კახა მეშველიანი და ნახევარმცველი გიორგი დათუნაიშვილი დავიტოვეთ. დანარჩენები ახლები არიან. ფეხბურთელთა საშუალო ასაკი 24-25 წელი იქნება.

- ყველაზე საინტერესო ახალწვეულთა ვინაობაა...
- კლუბთან კონტრაქტები გააფორმეს გივი იოსელიანმა (ქუთაისის "ტორპედო"), ლაშა შერგელაშვილმა (თბილისის "დინამო"), გიორგი მჭედლიშვილმა (ლანჩხუთის "გურია"), დათუნაიშვილმა კი ხელშეკრულება გაახანგრძლივა. მათ გარდა, "სამტრედიაში" ჩაირიცხნენ ჩემი პერიოდის 19-წლამდელთა ნაკრების წამყვანი მოთამაშეები, რომლებმაც 2013 წელს ევროპის ჩემპიონატზე ითამაშეს - ლანჩხუთის "გურიის" მეკარე გაბრიელ თებიძე, "ზესტაფონის" მცველი დავით მთივლიშვილი, "ზუგდიდისა" და "ცხინვალის" ნახევარმცველები - ავთანდილ ენდელაძე და თემურ მარკოზაშვილი, აგრეთვე, თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე, რომელიც ბოლოს ქუთაისის "ტორპედოში" თამაშობდა.

- ბოლო ინფორმაციით, "სამტრედიაში" საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მცველი დაჩი ცნობილაძეც ითამაშებს...
- დაჩი საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებთა წევრი იყო, ახლახან კი ალექსანდრე ჩივაძემ ახალგაზრდულ ნაკრებში გამოიძახა. ცნობილაძემ 2013 წელს ჩემი ხელმძღვანელობით ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა და გუნდის კაპიტანიც გახლდათ. იყო რუსთავის "მეტალურგისა" და ბოლოს ბოლნისის "სიონის" ფეხბურთელი. ის 21 წლის ნიჭიერი ახალგაზრდაა, ვენდობი და მისი დიდი იმედი მაქვს...

სხვათა შორის, თავდამსხმელი დავით რაჟამაშვილიც დავიმატეთ, რომელიც გორის "დილაში" მშვენიერ ფეხბურთს თამაშობდა, მერე კი, რატომღაც, ჩრდილში მოექცა. არადა, მე ამ ბიჭის მჯერა და თავის გამოჩენის შანსს კიდევ ერთხელ მივცემ. არა მგონია, რაჟამაშვილი დასაკარგავი თავდამსხმელი იყოს.

- ისიანისა და საბანაძის დამატება ვერ მოახერხეთ?
- სამწუხაროდ, ვერა. ვილის თავად დავუკავშირდი და ბოლოს პირობებზე გვქონდა ლაპარაკი. საბანაძესთან კი შეთანხმებულები ვიყავით, მაგრამ შემდეგ მას კვიპროსის ვარიანტი გამოუჩნდა და როგორ უნდა მეთქვა, არ წახვიდე-მეთქი? მთელი საქართველო გაქცევაზეა და ნეტავ, ევროპაში ბევრი წავიდეს, ნაკრებს რომ გამოადგნენ.

- სამწვრთნელო შტაბში ვინ აიყვანეთ?
- ფიზმომზადების მწვრთნელი თემურ ლორთქიფანიძე იქნება, მეკარეებს კი გია ჭანტურია ავარჯიშებს. პლუს ამას, "სამტრედიის" დუბლების მწვრთნელიც დაგვეხმარება, რადგან ადგილობრივი ბიჭების დაწინაურება დაგვჭირდება.

- შეკრებას სად გაივლით?
- ორი კვირა სამტრედიაში მოვემზადებით. მერე კი, სავარაუდოდ, თურქეთში გავაგრძელებთ საწვრთნელ პროცესს.

- სამტრედიაში მომთხოვნი გულშემატკივარია. ხალხი კი ევროპალიგაზე ვერმოხვედრითა და თასის ფინალში წაგებით ძალიან გაბრაზებული იყო. გულახდილად თქვით, ასეთ გუნდში მუშაობა სარისკო არ არის?
- სარისკო ისეთ გუნდში მუშაობაა, რომელსაც გულშემატკივარი არ ჰყავს და მწვრთნელის მუშაობას ხალხი ვერ და არ აფასებს. ჯერ ერთი, ასეთ გუნდში მიწვევა ჩემთვის დიდი პატივია. მეორეც, ვიცი, რომ სამტრედიაში ხალხი გუნდის ვარჯიშებსაც კი ესწრება - ასეთი რამ საქართველოში სადმე გინახავთ? მხოლოდ ესპანეთის ნაკრების თამაშამდე მახსოვს, სტადიონზე 12 ათასი მაყურებელი რომ მოვიდა.

ეს სარისკო კი არა, სასიამოვნო ამბავია და წესით, მწვრთნელი ამას კი არ უნდა გაურბოდეს, უნდა ახარებდეს. გუნდისთვის კი ეს უდიდესი სტიმულია საიმისოდ, რომ ხალხი ლამაზი და შედეგიანი ფეხბურთით გავახაროთ. მაყურებელმა თუ არ შეგიძახა და არ გაგამხნევა, შენს მუშაობას რა აზრი აქვს?

სხვათა შორის, სამტრედიელები ფეხბურთის დიდი მოყვარულები რომ არიან, ეს მე პატარაობიდან ვიცი. მთელი ბავშვობა სამტრედიის რაიონის სოფელ დიდ ჯიხაიშში, დედულეთში მაქვს გატარებული და იქაურობა უზომოდ მიყვარს.

- "სამტრედიაში" მუშაობა სანაკრებო საქმიანობაში ხელს ხომ არ შეგიშლით?
- არანაირად, რადგან სანაკრებო ფანჯარა ჩემპიონატში პაუზას ემთხვევა და პრობლემას ვერ შემიქმნის.

- თქვით, რომ ახალი გუნდის შენებას იწყებთ. ამ სეზონში რა მიზნებს დაისახავთ?
- ამაზე ფეხბურთელებს უკვე ველაპარაკე. ხალხმა უნდა დაინახოს, რომ მოედანზე თითოეული მათგანი თავს დებს და, რაც მთავარია, ფეხბურთს თამაშობს.

ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული გუნდი ვიყოთ და რაც შეიძლება ხარისხიანი და სანახაობრივი ფეხბურთი ვაჩვენოთ. თუ ამას მივაღწევთ, შეუძლებელია, ადრე თუ გვიან შედეგიც არ მივიღოთ - ეს ხელმძღვანელობას კარგად ესმის. იმაზე კი არც მიფიქრია, გუნდი გავარდება თუ არა, ჩვენ მხოლოდ საუკეთესო თამაშსა და მოგებებზე ვფიქრობთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
Gubazis bavhvebit ratom ar interesdebit,kargebia keburia kvaracxelia, sul golebi gaakvs,ramdenjer ukure rogorc gulhematkivari magra momewona.hkviani da teknikurebi arian
0
ნამდვილად ვეთანხმები ავტორს, რომ დუბლებში იყო ძალიან მაგარი ბიჭი იყო. ჭკვიანი მოთამაშეა. იმედა ერქვა სახელი. თბილისიდან იყო.
gurami
11:08 25-06-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული