ვინ გაწვრთნის თბილისის "ლოკომოტივს"? ინტერვიუ ლექსო თოფურიასთან

AutoSharing Option
თბილისის "ლოკომოტივმა" ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო.

"ლელოს" მკითხველისთვის ცნობილია, რომ ვასილ მაისურაძემ უმაღლეს ლიგაში დაბრუნებული გუნდის მთავარ მწვრთნელობაზე უარი თქვა. მისი თქმით, მიზეზი 19-წლამდელთა ნაკრებში მუშაობა გახდა - ამ გუნდის მთავარი მწვრთნელი ვარ, შემოდგომაზე კი შესარჩევი ეტაპის შეხვედრები გველის და გადავწყვიტე, ნაკრებზე ვიყო კონცენტრირებულიო.

თუმცა, "ლოკომოტივის" სისტემაში დარჩენას და ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარების ჯგუფის ხელმძღვანელობას მაინც დათანხმდა.

"ლოკომოტივში" მაისურაძეს გიორგი დევდარიანი ეხმარებოდა, რომელიც მთავარ მწვრთნელად დანიშვნის ნომერ პირველი კანდიდატი გახლდათ, მაგრამ... "ტრაბზონსფორის" ახალმა თავკაცმა შოთა არველაძემ 19-წლამდელთა ნაკრების ყოფილი დამრიგებელი თავის
თანაშემწედ მიიწვია.

საინტერესოა, ვინ გახდება "ლოკომოტივის" მწვრთნელი?

შევიტყვეთ, რომ კლუბის მეპატრონე ლექსო თოფურია ვასილ მაისურაძესთან მოლაპარაკებას აწარმოებს, მაგრამ საკითხი ჯერ გადაუწყვეტელია.

ამ და გუნდთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე თოფურიას ინტერვიუ ვთხოვეთ:

- მაისურაძემ მთავარი მწვრთნელობა არ ისურვა, მისი ასისტენტი დევდარიანი კი "ტრაბზონში" შოთა არველაძემ მიიწვია. აბა, "ლოკომოტივს" ვინ გაწვრთნის?
- ეს უახლოეს დღეებში გადაწყდება.

- გუნდის შემადგენლობაში რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება ხომ არ მომხდარა?
- რადიკალური ცვლილება არ იქნება. რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელი დავიმატეთ: "ვიტ ჯორჯიის" კაპიტანი გიორგი გეთიაშვილი, გორის "დილასა" და მარტვილის "მერანის" ნახევარმცველები ვაჟა ქიქავა და გიორგი თექთურმანიძე; აგრეთვე, "სამტრედიის" ყოფილი თავდამსხმელი ზვიად ქანთარია. აქვე დავაკონკრეტებ, რომ თექთურმანიძე ჩვენთან იჯარით ითამაშებს.

- არაბიძის გარდა, გუნდი ვინმემ დატოვა?
- ჩვენი ცენტრალური მცველი ნიკა სანდოხაძე კვიპროსშია და ერთ-ერთ გუნდში მისი ჩარიცხვის საკითხი ახლა ირკვევა.

- შეკრებასა და საკონტროლო თამაშებზეც გკითხავთ...
- ბევრი იყო დამოკიდებული სახელმწიფო დაფინანსებაზე, მაგრამ ეს საკითხი კვლავ ღიად არის დარჩენილი და დღემდე არაფერი გადაწყვეტილა. ამიტომ საგურამოში დავრჩებით და უცხოურ შეკრებაზე უარს ვიტყვით. საკონტროლო თამაშებსაც საგურამოშივე ან სხვა ქალაქში გავმართავთ.

- არაბიძემ "შახტართან" კონტრაქტი გააფორმა?
- არაბიძე წასულია შეკრებაზე და დონეცკელებთან ერთად ვარჯიშობს. ოფიციალურად, ის ჯერაც სინჯებზეა. მაგრამ როგორც "შახტარის" დამოკიდებულებიდან ჩანს, გიორგის ამბავი გადაწყვეტილია და მისი დატოვება უნდათ.

- თუ საკითხი გადაწყვეტილია, კონტრაქტზე ხელმოწერა რატომ ფერხდება?
- იმიტომ, რომ არაბიძე ჯერ 17 წლისაა და მასთან პროფესიული კონტრაქტის გაფორმება არ შეიძლება.

- აბა, ეს ტრანსფერი როგორ მოგვარდება?
- დონეცკელები ფიფაში საბუთების გაგზავნასა და თხოვნით მიმართვას აპირებენ, რომ გიორგისთან ხელშეკრულების გაფორმების უფლება მის სრულწლოვნებამდე 6 თვით ადრე დართონ. მთავარია, თავად გიორგის გუნდი მოსწონს, დონეცკელები კი მისით კმაყოფილები არიან.

სხვათა შორის, უკვე 6 თვეა, არაბიძის მშობლებიც უკრაინაში მუშაობენ.

- წლეულს "ლოკომოტივს" უმაღლეს ლიგაში რა მიზანი ექნება?
- მიუხედავად იმისა, რომ უმაღლესში გადავედით, ამით ჩვენი მიზნები არ შეცვლილა. ოთხეულსა და ექვსეულში მოხვედრაზე ნამდვილად არ ვფიქრობთ - მთავარია, ლიგაში ადგილი დავიმკვიდროთ. "ლოკომოტივის" ამოცანაა, ასაკობრივი და ეროვნული ნაკრებებისთვის ფეხბურთელები მოამზადოს და შემდეგ უცხოეთში კარგ გზაზე დააყენოს. ეს ტენდენცია გაგრძელდება.

არაბიძის გარდა, ჩვენ კიდევ არაერთი საინტერესო მოთამაშე გვეზრდება. ეს ბავშვები ძალიან მონდომებულები და მოტივირებულები არიან და მათთვის უმაღლესი ლიგა დიდი გამოწვევაა. მაგალითად, 1998 წელს დაბადებულები არიან არდაზიშვილი და სამურაკასოვი, კიკნაძე კი 1997-იანია.

ასე რომ, ჩვენ ისევ ქართული ფეხბურთის მომავალზე ვფიქრობთ და არა ადგილობრივ სარბიელზე მიზნების შესრულებაზე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული