საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ითხოვდა, რომ ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილე გუნდებს, ყველა მატჩის ძირითად შემადგელობაში, ორი 21-წლამდელი ფეხბურთელი ეთამაშებინა.
აღმასკომი ამ წინადადებას ერთხმად დათანხმდა. მაგრამ, აღმოჩნდა, რომ ქობულეთის "შუქურას" დირექტორი რევაზ ჩელებაძე ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგია.
მას გუნდთან დაკავშირებულ სიახლეებზე სასაუბროდ დავუკავშირდით და ინტერვიუ გამოგვივიდა. თავდაპირველად, ჩელებაძემ სწორედ ზემოთ ხსენებული თემა წამოწია წინა პლანზე...
- აღმასკომის წევრებს პატივისცემით, მაგრამ საყვედურით მივმართავ - სანამ ახალგაზრდების თამაშის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ, იქნებ, კლუბებისთვისაც
- ამ გადაწყვეტილებაში თქვენთვის მიუღებელი რა არის?
- კარგად მესმის, რომ ახალგაზრდების დაწინაურება სასურველი საქმეა. წინა სეზონში არანაირი დირექტივა არ გვქონია, მაგრამ "შუქურაში" ისედაც ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა ვათამაშეთ და დავაწინაურეთ - კომახიძე, ტვილდიანი, ხოჭოლავა, კოპალიანი, თუხარელი...
კახა ცხადაძე ჩემი მეგობარია და მისი ჩანაფიქრი მესმის. მაგრამ ასეთი დაძალება მაინც მიუღებელია. გუნდი ასაკით ვერ აიწყობა, ფეხბურთელების მოედანზე შეყვანის გადაწყვეტილებას მწვრთნელი თავისუფლად უნდა იღებდეს და არა - ხელოვნური შეზღუდვების პირობებში.
- ორი ახალგაზრდის თამაში ხელს რაში შეგიშლით?
- ეს ახალგაზრდები ერთდროულად რომ დამიშავდეს ან ყველას დისკვალიფიკაციის გამო თამაშის გამოტოვება მოუხდეს, მე რა ვქნა? ამ დებულების გამო უნდა წავაგო? ამ გადაწყვეტილებას სხვა მოტივებითაც კატეგორიულად არ ვეთანხმები. მაშინ, ჭაბუკთა ჩემპიონატი ჩაატარონ.
ასე სადაა? წამყვან ლიგებში ახალგაზრდების ასეთი ნაძალადევი დაწინაურება არ ხდება, მაგრამ ესპანეთში, ინგლისში, იტალიაში, საფრანგეთში, გერმანიაში არ იზრდებიან ფეხბურთელები? იქნებ, ამაზე დავფიქრებულიყავით.
- ფაქტია, რომ ამით ახალგაზრდა მოთამაშეების დაწინაურება მოხდება, ჩვენთან კი მათ ნაკლები გასაქანი აქვთ...
- პირიქით, გუნდში რაც მეტი იქნება კონკურენცია და რაც მეტი ძლიერი მოთამაშე გვეყოლება, ჩემპიონატის დონეც უფრო გაიზრდება და ამ ახალგაზრდების კლასიც. აბა, კონკურენცია თუ არ დაძლია და შემადგენლობისთვის ბრძოლას არ მიეჩვია, ისე ვინ გაიზრდება? მიეჩვევა სასათბურე პირობებს და მერე სადაც უნდა წავიდეს? გადაჩვევა კი გაუჭირდება.
ჩვენი დროის "დინამოში" ასე რომ ყოფილიყო, ნამდვილად ვერ გავიზრდებოდით და ვერც კონკურენციის დაძლევას მოვახერხებდით.
ეს გადაწყვეტილება მხოლოდ იმ გუნდებს აწყობთ, რომელთაც საკუთარი საფეხბურთო სკოლები აქვთ - თბილისის "დინამოს", "საბურთალოსა" და "ლოკომოტივს", მაგრამ დანარჩენმა ცამეტმა გუნდმა რა უნდა ქნას? ეს ჩვენ მიმართ გამოვლენილი უპატივცემულობაა.
- "ჩვენში" ვის გულისხმობთ?
- კლუბებს! რომ იცოდეთ, მხოლოდ მე არ ვარ უკმაყოფილო, კლუბების უმრავლესობა ამ აზრზეა. ბოლოს და ბოლოს, 2 კაცი გუნდისთვის ბევრს ნიშნავს. ეს გადაწყვეტილება მძიმე მდგომარეობაში გვაყენებს. სიჭინავასა და ჩივაძეს ეს პირდაპირ ვუთხარი კიდეც.
საერთოდ, აღმასკომი, ფედერაცია და კახა ცხადაძე, ასეთ გადაწყვეტილებას რომ იღებენ, მანამდე იმ ხალხს უნდა დაეკითხონ, ვისაც კლუბებთან უშუალო შეხება აქვს, ვინც იცის გუნდის ნიუანსები - როგორც ცხოვრობს, რა უჭირს, რა ულხინს...
დაიბარონ მწვრთნელები და დაინტერესდნენ, მოეწონათ ეს გადაწყვეტილება? ახალგაზრდების დაწინაურება სხვაგვარად უფრო აჯობებდა.
- მაინც როგორ?
- რეგიონულ და პირველ ლიგებში ლეგიონერების თამაში აკრძალონ ან ლიმიტი 23 წელზე უფროს მოთამაშეებზე შემოიღონ. ჩვენი მომავალი თაობები სწორედ იქ იწყებენ დიდ ფეხბურთში დამკვიდრებას. ახლა გუნდი თითქმის დაკომპლექტებულია, კონტრაქტები გაფორმებულია და ეს ყველაფერი არსებულ ბიუჯეტზე გვქონდა გათვლილი.
ასეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას სეზონის დაწყებამდე ერთი თვით ადრე რომ იღებენ, რა გამოდის? - ყველაფერი თავიდანაა გადასათვლელი და კონტრაქტები გასაფორმებელი. ჩვენ კიდევ რა გვიჭირს, აჭარის ხელისუფლება გვაფინანსებს და მოთამაშეებს ასე თუ ისე კიდევ მოვძებნით, მაგრამ სხვებმა რა უნდა ქნან?!
- გასაგებია თქვენი პოზიცია. სხვა საკითხებზეც ვილაპარაკოთ. "შუქურას" ახალი ბიუჯეტი დაუმტკიცდა?
- 20 ივლისამდე დაგვიმტკიცებენ. სანამ ხელისუფლებაში არჩილ ხაბაძეა, მანამდე აჭარაში ფეხბურთის სამყაროს სადარდებელი არ აქვს. ის ფეხბურთზე რეალურად ზრუნავს.
- გოგიტა გოგუასთან დაკავშირებით რა ხდება?
- სამწუხაროდ, ვერ დავიმატეთ. დანარჩენი ყველა მოვიდა - ხოჯავა, გეგეჭკორი, ბრაჭული, გუგუჩია, თარხნიშვილი, დოლიძე, გეწაძე, შარიქაძე, ლობჯანიძე, ინგოროყვა, ჭეიშვილი, კაკალაძე და ნიქაბაძე.
- უცხოეთში შეკრება თუ გექნებათ?
- დიახ, ეს ამბავი გადაწყვეტილია - 19 ივლისიდან 21 აგვისტომდე თურქეთში, ერზრუმში მოვემზადებით და საკონტროლო შეხვედრებსაც ჩავატარებთ. სავარაუდო მეტოქეთა ვინაობა უკვე ვიცით, მაგრამ ორიოდ დღეში უფრო დაზუსტებით გვეცოდინება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"