ხელი წამიცდა და ვნანობ, მაგრამ ქართული ფეხბურთის ყველა ჭირი ამ მსაჯების ბრალია?!

AutoSharing Option
"ქართულ ფეხბურთს თუ რამე საზიზღრობა და ჭირი სჭირდა, ყველაფერი მე და ჩემს შვიდ კოლეგას დაგვაბრალეს, ფეხბურთს ჩამოგვაშორეს და საპატიმროში ჯდომაც დაგვიმატეს. ახლა თუ ხვდებით და ხედავთ, რეალურად, ქართული ფეხბურთის დაქცევა ვისი ბრალიაა?!" - ეს სტატუსი ევროპალიგიდან სამივე ქართული გუნდის გავარდნის შემდეგ "ფეისბუქზე" ოთარ ხეცაძემ გამოაქვეყნა.

ის ერთ-ერთი იმ 8 მსაჯთაგანია, რომელზეც გამოძიებამ დაადგინა, რომ 2500-დან 5000-მდე დოლარის სანაცვლოდ, ამა თუ იმ პირებს ყვითელი და წითელი ბარათების რაოდენობაზე ურიგდებოდნენ.

ხეცაძის გარდა, 2014 წლის 24 სექტემბერს შსს-ს ანტიკორუფციული სამსახურის თანამშრომლებმა კიდევ 7
არბიტრი დააკავეს. 10 თებერვალს, სასამართლოზე, ყველასთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. 8 დაკავებულიდან 5 - ალექსანდრე გუნთაძე, ზვიად ასკარ-ოღლი, თეიმურაზ ხუჭუა, თორნიკე გვანცელაძე და ირაკლი ურუშაძე - უდო-თი მაისში გაათავისუფლეს, ონისე მოლოდინაშვილი, ოთარ ხეცაძე და მამუკა ურუშაძე კი 12 ივნისს პრეზიდენტმა შეიწყალა.

ოთარ ხეცაძე გათავისუფლების შემდეგ დუმდა, მაგრამ "ლელოსთან" ინტერვიუს დათანხმდა და ბევრი საყურადღებო მინიშნებაც გააკეთა.

- თქვენი სტატუსი მიუთითებს, რომ ვიღაცას აქეთ უტევთ...
- ვგულისხმობდი მათ, ვინც ქართული ფეხბურთის მთელი სიბინძურე ადრე ხუთ ფეხბურთელს დააბრალა, ახლა კი - 8 მსაჯს.

- სასამართლოზე ხომ დანაშაული აღიარეთ?
- მე ჩემს ბრალს არც უარვყოფ და კარგად მესმის, რომ მომხდარს ბოდიშით ვერ გამოვასწორებ. მაგრამ უარესებიც მომხდარა და ნახავთ, ამის შემდეგაც მოხდება, თუ სიტუაცია არ შეიცვლება.

- ანუ...
- ქართული კლუბები და ეროვნული ნაკრები ვერსად რომ ვერ გადიან, ესეც ჩვენი ბრალია?! ვერ ხვდებით, რომ ქართული ფეხბურთის პრობლემა გაცილებით ღრმაა, ვიდრე 5 ფეხბურთელისა და 8 მსაჯის ადამიანური სისუსტე? მე რა პირით უნდა ვიმართლო თავი? შევცდი, ამას გამართლება არ აქვს და მომხდარს გულით განვიცდი, მაგრამ მინდა, იმ ყველაფერზე გელაპარაკოთ, რამაც ამ დანაშაულამდე მიმიყვანა.

- ჩვენც ეს გვაინტერესებს. შემთხვევით არაფერი ხდება...
- დიახ, სწორედ ასეა - შემთხვევით არაფერი ხდება! ქართულ ფეხბურთს 17 წლის განმავლობაში ვემსახურებოდი და ბოლოს ფულზე ხელი მაინც წამიცდა. აქამდე კი ფინანსურმა პრობლემებმა მიმიყვანა. ამ ყველაფერზე იმიტომ ვლაპარაკობ, ხვალ და ზეგ ჩემი შეცდომა ახალგაზრდა მსაჯებმა არ გაიმეორონ. ეს ყველაფერი კი ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან არასწორი მიდგომის ბრალია.

- ფედერაცია რა შუაშია? ფული თქვენ აიღეთ...
- მსაჯებს ისეთი ანაზღაურება გვაქვს, აქ დიდი საცდურია. ამ ფედერაციას არ დავუკარგავ, რომ ბოლო 2 წელია კარგი ხელფასები დაგვინიშნეს. უმაღლესი ლიგის მატჩების მსაჯობაში 864 ლარს ვიღებთ, ლაინსმენები და კარსუკანა არბიტრები - 400-400 ლარს, ხოლო მეოთხე არბიტრი - 260-ს. მანამდე კი მთავარს 250 ლარს უხდიდნენ.

მაგრამ თვეში 4 თამაში იშვიათად გვიწევდა. გაითვალისწინეთ, რომ წელიწადში მინიმუმ 4 თვე შესვენებაა და ჩვენც შემოსავალი აღარ გვაქვს. იცით, ალბათ, რომ ხელფასს არ გვიხდიან...

მაგრამ უმაღლეს ლიგაში კიდევ რა გვიჭირს, უნდა იცოდეთ, სხვა ლიგებში რა დაბალი ანაზღაურებაა. პირველსა და დუბლებში მთავარი მსაჯი 150 ლარს იღებს, ლაინსმენი - 100-ს, ხოლო მეოთხე არბიტრი - 60-ს. მეორე ლიგაში კი სულაც კატასტროფაა - მსაჯობაში 75 ლარია, ლაინსმენობაში - 55, აქ და დუბლებში მეოთხე არბიტრი არ მუშაობს.

ამ ფედერაციამ სხვა საკითხიც ვერ მოაგვარა - როცა მსაჯი გასვლით შეხვედრაზე მიდის, მას სამივლინებო თანხა ეკუთვნის, ჩვენთან კი ასე არ ხდება. მაგალითად, ზუგდიდელმა თბილისში რომ იმსაჯოს, უფრო ნაკლებს აიღებს, ვიდრე დედაქალაქელი, რომელიც საკუთარ ქალაქშია განაწილებული. ჩვენ კი მფრინავი ხალიჩა არ გვაქვს, უფასოდ რომ გავფრინდეთ - მთელი დღე გზაში ყოფნა ხარჯია.

- კი, მაგრამ ეს მსაჯობაში ხელს როგორ გიშლით?
- რომ იცოდეთ, სერიოზულ პრობლემას ქმნის. ნოემბერსა და ზამთარში თამაშები 2 საათზე იწყება. ზუგდიდში ან ქობულეთში რომ ჩავიდეთ, დილის 6 საათზე უნდა ავდგეთ და გავემგზავროთ, მატჩამდე 2 საათით ადრე რომ ჩავასწროთ. მაგრამ ამხელა გზის შემდეგ ძნელია ისე კონცენტრირება, შეცდომა რომ არ დავუშვათ.

არადა, ლევან კობიაშვილი ახლახან ამბობდა, ყველა ნორმალურ საფეხბურთო ქვეყანაში მსაჯს სამივლინებო თანხას უწერენ, თუ მატჩი მისი ქალაქიდან 70 კილომეტრში ტარდება, წინა დღეს სასტუმროში რომ დაბინავდეს და მოედანზე ენერგიულად გავიდესო. ასეა არა მხოლოდ განვითარებულ ქვეყნებში, არამედ - აზერბაიჯანსა და სომხეთშიც.

გარდა ამისა, დაზღვევაც არაა. მაგალითად, ლევან მიქელაძე ავარიაში ისე დაზიანდა, მსაჯობა ვეღარ გააგრძელა, მაგრამ მკურნალობაში ვინ დაეხმარა? ამ ყველაფრის გამო, შესვენების პერიოდში ვალებს ვიღებთ და სეზონის დაწყებას ველით. ასეთ დროს ადამიანის ცდუნება ადვილია.

არ დავმალავ, მეც ასე მომივიდა და ახლა ძალიან განვიცდი. მესმის, რომ ვერანაირი პრობლემა ვერ გამამართლებს და ისევ სჯობდა, გაჭირვებაში ვყოფილიყავი, ვიდრე სახელი გამეტეხა. მაგრამ ხომ შეიძლება, საქმე ისე მოაგვარონ, რომ მსაჯებს ნაკლები ფინანსური პრობლემები და საცდური ჰქონდეთ?..

სხვათა შორის, მსაჯთა კორპუსის ერთი ხელმძღვანელის გამკვირვებია, ჩვენზე მენტორული ტონით რომ ლაპარაკობდა და სამუდამო დისკვალიფიკაციას ითხოვდა. იქნებ, ნაღდი დაბადების მოწმობა წარმოადგინოს და გვითხრას, ასაკი რატომ აქვს გადაკეთებული? იცით, რატომ? იმიტომ, რომ საერთაშორისო მატჩები კიდევ სამი წლის განმავლობაში ემსაჯა და მეტი ანაზღაურება მიეღო!

- ვის გულისხმობთ?
- ამას თავად მიხვდება. საერთოდ, ჭკუის სწავლებას, ურჩევნიათ, სამსაჯო კომიტეტში არბიტრები კვალიფიკაციის მიხედვით დანიშნონ და არა - ახლობლობით.

- ასეთებიც ხდება?
- ბევრი რამ ხდება. ყველამ ვიცით, მსაჯებში ვინ ვის ლობირებს. ხელმძღვანელების ფავორიტი თუ არის, უხეშ შეცდომაზეც კი თვალებს დაუხუჭავენ, "უპატრონოს" კი ეგრევე სჯიან. სხვათა შორის, ესეც მაინტერესებს - ჩვენი სამსაჯო კომიტეტი ევროპელ მსაჯთა კონვენციას შეუერთდა და უეფადან სამსაჯო კომიტეტი, ყოველწლიურად, არც ისე პატარა თანხები ერიცხება. ეს კი მსაჯების უცხოურ შეკრებებს, ახალგაზრდების აღზრდასა და ფორმების შეძენას უნდა მოხმარდეს.

ამ დროს, ჩვენ ქობულეთსა და ურეკში ვემზადებოდით და "ბალანდას" ვჭამდით. დიდხანს გვეცვა ძველი ფორმები და "ადიდასმა" ნაკრებს ეკიპირება რომ გამოუგზავნა, იქიდან ჩვენ საჩუქარი გვერგო, მაგრამ საინტერესოა, კომიტეტისთვის განკუთვნილი ფული სად მიდის? მე რასაც ვამჩნევ, ამ ფედერაციას მსაჯობის პრობლემების მოგვარების უნარი არ გააჩნია. ლევან კობიაშვილს იმედიანად ამიტომაც ვუყურებ. ნეტავ მოვიდეს და ყველაფერი დაალაგოს.

მსაჯობაში უწესო არავინ მოდის, ასეთებად გარემოებათა გამო ხდებიან.

- ფეხბურთში დაბრუნებაზე ისევ ფიქრობთ?
- არც მაბრუნებენ და თავადაც აღარ მსურს. საქართველოა და სულ სუფთად რომ ვიმსაჯო, ვიღაც მაინც წამომაძახებს... სხვათა შორის, ჩვენი "ჩაქოლვის" გამო, სამსაჯო კომიტეტი პროტესტის ნიშნად მამუკა ელიკაშვილმა და ავთო სამხარაძემ დატოვეს. მათ კარგად იციან, რომ ჩვენ მსხვერპლი ვართ და არა - ყველაზე დიდი დამნაშავეები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 13 /
Roca sachiro iqneba faktebsac davdeb yvelam tavis tavshi chaixedos da ise gansajet sxvebi yvelapers tavisi dro aqvs
Oto xecadze
20:34 02-08-2015
0
სიმართლეს ლაპარაკობს ეს კაცი და ზოგიერთებმა მიაყენეთ ტაკუცუნები თორემ კაცმა არიცის იქ ვინ და როდის მოხვდება
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული