საბურთალო-ცხინვალი 2:1 - გამარჯვება დვალის "ცხრიანით"

AutoSharing Option
29 ივლისს "საბურთალომ" "ბენდელაზე" ამხანაგურად უმასპინძლა "ცხინვალს" და დაძაბულ ბრძოლაში მოუგო.

გიორგი ჭიაბრიშვილის შეგირდებმა ორჯერადი ვარჯიშების ფონზე ითამაშეს და ბევრი სახიფათო მომენტი ვერ შექმნეს. "საბურთალოს" მაისურა პირველად მოირგო ლაშა თოთაძემ, რომელიც კლუბში იჯარით ითამაშებს. ის დამაჯერებლად გამოიყურებოდა და კლუბში იმედოვნებენ, რომ მისი და ჯაბა დვალის კლასი და გამოცდილება ახალგაზრდულ კლუბს წაადგება. სხვათა შორის, დვალიც ძალიან მონდომებულია და ნელ-ნელა ფორმაშიც შედის.

ანგარიში სტუმრებმა გახსნეს: მე-11 წუთზე ეს ახალგაზრდა ლაშა ქოჩლაძემ შეძლო. თუმცა, მასპინძლებმა წონასწორობის აღდგენა მალევე მოახერხეს - "ცხინვალის" მეკარე ომარ
მიგინეიშვილმა
საჯარიმოში გურამ გოშთელიანი მოცელა და მსაჯმა პენალტი დანიშნა. გამოცდილმა მეკარემ ნერვები ვერ მოთოკა და არბიტრს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რისთვისაც წითელი ბარათით დაისაჯა.

რაკი თამაში ამხანაგური იყო, მიგინეიშვილის ნაცვლად კარში გიორგი ნადირაძე ჩადგა და "ცხინვალმა" მატჩი კვლავ სრული შემადგენლობით გააგრძელა. პენალტი კი ზუსტად შეასრულა გიორგი ხარაიშვილმა, რომელიც გუშინ 19 წლისა გახდა.

მეორე ნახევარშიც მატჩი თანაბარ ორთაბრძოლაში წარიმართა. 62-ე წუთზე კი დვალმა საჯარიმოს სიახლოვიდან ბურთი "ცხრიანში" მოათავსა და თავისიანები დააწინაურა. ერთ-ერთ მომენტში მას კიდევ შეეძლო გატანა, მაგრამ ნადირაძემ დროული რეაქციით იხსნა "ცხინვალი".

მატჩის დასრულებამდე 15 წუთით ადრე კი "საბურთალო" შეცვლაზე შესულმა 19-წლამდელთა ნაკრების მეკარე გიორგი ჩოჩიშვილმა გადაარჩინა, როცა მასთან პირისპირ გასულ მეტოქე ფორვარდს ბურთი ფეხიდან ააცალა.

საბოლოოდ, "საბურთალომ" 2:1 მოიგო და "სიონის", "ტორპედოსა" და "საპოვნელას" შემდეგ, ამხანაგურ მატჩებში მეოთხე გამარჯვება მოიპოვა, თუმცა მთავარი ოფიციალური მატჩებია. საინტერესოა ისიც, რომ ეს გუნდები ერთმანეთს ოთხჯერ შეხვდნენ და აქედან საბურთალოელებმა 3 მოიგეს, ხოლო ერთხელ დამარცხდნენ.

საბურთალო: ქურდაძე, მარგველაშვილი, თოთაძე, ჩაბრაძე, სოფრომაძე, მამუჩაშვილი, ალთუნაშვილი, ფანცულაია, ხარაიშვილი, დვალი, გოშთელიანი; შეცვლაზე: ჩოჩიშვილი, ვაჭარაძე, ბეროშვილი, გვარაძე, ბიძინაშვილი.
ცხინვალი: მიგინეიშვილი (ნადირაძე), კაკუბავა, კაჭკაჭიშვილი, ჯაფარიძე, ჭაფოძე, სიგუა, ქარდავა, ლობჯანიძე, მახარობლიძე, ქოჩლაძე, ლექვთაძე; შეცვლაზე: ბერძენაძე, ცაცკრიალაშვილი, ჯიშკარიანი, ჟვანია, გამყრელიძე, ბაჩიაშვილი, ცერცვაძე, გიგაური, ღვაბერიძე, მურცხვალაძე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული