სევასტი თოდუა: ”ტორპედო” ძველ დიდებას დაიბრუნებს

AutoSharing Option
35 წლის გამოცდილ მცველს სევასტი თოდუას "ტორპედოს" ზეობის პერიოდში ქუთაისურ გუნდთან ერთად საქართველოს ჩემპიონობა და თასი მოუგია. დღეს კი ”ვისოლის" მიერ აღორძინებული გუნდის კაპიტანია და კვლავაც ”ტორპედოს" დაცვის ბურჯად ითვლება.

პირველ ორ წრეში მისი გამოცდილება მნიშვნელოვნად განაპირობებდა რიონისპირელთა დაცვის საიმედოობას. ქუთაისელებმა ჩემპიონატში ”დინამოს" შემდეგ ყველაზე ცოტა (10) გოლი რომ გაუშვეს, ამაში თოდუას დიდი წვლილიცაა. გუნდის კაპიტანი ”ტორპედოს" გულშემატკივრებსაც განსაკუთრებით უყვართ და მისი ძველებურად ეიმედებათ. სევასტის ანთალიაში შეკრებაზე გამგზავრებამდე ვესაუბრეთ.

- ახალჩამოყალიბებული გუნდი ხშირ შემთხვევებში სასურველ შედეგს ვერ აღწევს და ჩვენც
ასე დაგვემართა. პირველ ეტაპზე 3-4 თამაში მაღალ დონეზე ჩავატარეთ, მაგრამ გაცილებით მეტი ჩავაგდეთ. მოგება ძალიან გვიჭირდა. ხშირად ბედიც არ გვწყალობდა, მაგრამ წარუმატებლობის მხოლოდ ამით ახსნა მართებული არ იქნება. ალბათ, კლასიც გვაკლდა და შეთამაშებაც. თანაც, რამდენიმე ახალგაზრდა, გამოუცდელი ფეხბურთელი გვყავდა, რომლებიც უმაღლეს ლიგაში პირველად თამაშობდნენ და ამის ბრალიც იყო ჩვენი არასახარბიელო შედეგი.

- ტორპედოს" პირველ ნომრად" თამაში უჭირდა. ვისთანაც ფავორიტებად ითვლებოდით, სწორედ იმ გუნდებთან წაიფორხილეთ, ლიდერებთან კი უკეთ თამაშობდით.
- ფავორიტებთან მართლაც კარგად გამოგვდიოდა თამაში. ყველაზე კარგად ”დინამოსთან" ვითამაშეთ (1:1), მთელი მატჩის განმავლობაში ვჯობდით მეტოქეს და ვიგებდით კიდეც, მაგრამ წამიერი მოდუნების გამო დავისაჯეთ. კარგათ ვითამაშეთ შინ ”ზესტაფონთან" (1:0) და ”ოლიმპთან". თითო-ოროლა მატჩს თუ არ ჩავთვლით, თითქმის ყველა შეხვედრაში შეტევაზე ვაკეთებდით აქცენტს, ბევრსაც ვუტევდით, მაგრამ რეალურ მომენტებს ვერ ვქმნიდით და გოლი ვერ გაგვქონდა. ეს იყო ჩვენი პრობლემა, რის გამოც მატჩების უმრავლესობა, რომლებშიც ფავორიტად ვითვლებოდით, 0:0 ვითამაშეთ და უამრავი ქულა გავანიავეთ.

- სამაგიეროდ, ტორპედოს" დაცვა იყო საიმედო. ალბათ, საკუთარი თამაშით უკმაყოფილო არ იქნები?
- ეს მცველებთან ერთად მეკარე ომარ მიგინეიშვილის დამსახურებაცაა, რომელიც ძალიან საიმედოდ იცავდა კარს. თუმცა დაცვის კარგი თამაში არ ნიშნავს, რომ ”ტორპედო" დაცვითი სტილის მიმდევარია. საკუთარ საჯარიმოსთან მხოლოდ ერთხელ ”გამოვიკეტეთ", როცა ”ზესტაფონს" 1:0 ვუგებდით და ანგარიშის შენარჩუნებას ვცდილობდით. სხვა შემთხვევაში დაცვაში არ ”ჩავმჯდარვართ".

- ზამთრის შესვენებისას ტორპედოში" ბევრი ახალი ფეხბურთელი ჩაირიცხა და გუნდში კონკურენცია გაიზარდა. ალბათ, საგაზაფხულო ეტაპზე გაცილებით ძლიერ ტორპედოს" ვიხილავთ.
- მეორე ეტაპის იმედი გვაქვს. გუნდში მოვიდნენ გამოცდილი ფეხბურთელები, მეგრელაძე, გოცირიძე, სეთურიძე, დოლიძე... სხვა საინტერესო მოთამაშეებიც დავიმატეთ. მდგომარეობა უნდა გამოვასწოროთ. ყველა მატჩზე მოსაგებად გავალთ და ბოლომდე ვიბრძოლებთ, თორემ პირველ ეტაპის შედეგი არ ეკადრება ჩვენს გუნდს. ახალდამატებული ფეხბურთელების დიდი იმედი გვაქვს, მჯერა, ”ტორპედოს" მნიშვნელოვნად გააძლიერებენ.

- თუმცა თქვენთან ერთად არანაკლებ ძლიერდება ლიდერთა სამეულიც - ზესტაფონი, ოლიმპი, დინამო.
- რაც უფრო მეტი კარგი ფეხბურთელი ჩამოვა საქართველოში და ქართულ კლუბებში ითამაშებს, ეს ჩემპიონატის დონეს სასიკეთოდ წაადგება. ძლიერ გუნდებთან მოპოვებულ ქულებსაც მეტი ფასი ექნება. თასის ნახევარფინალში მეტოქედ ჩემპიონატის საუკეთესო გუნდი ”ზესტაფონი" გვყავს, რთული მეტოქეა, მაგრამ თუ მიზნის მიღწევა გვინდა და რაიმეზე პრეტენზია გვაქვს, ნებისმიერი მეტოქის ძლევა უნდა შევძლოთ.

- ანთალიაში მიემგზავრებით, სადაც ორკვირიან შეკრებას გაივლით და ამხანაგურ შეხვედრებსაც გამართავთ.
- გუნდის მზადების პროცესში უცხოური შეკრება ძალზე მნიშვნელოვანია. იქ ”ტომთან", ”შერიფთან", ”სევასტოპოლთან" გვექნება ამხანაგური შეხვედრები. ამ სპარინგებში კარგად გამოჩნება ჩვენი ძლიერი და სუსტი მხარეები. თუ რა პოზიციაზე გვიჭირს და რა იქნება გამოსასწორებელი. სეზონის წინ ასეთი შეკრება გუნდის პოტენციალს ერთი-ორად აამაღლებს. რაც ”ტორპედო" ”ვისოლის" ხელში გადავიდა, ახალი მფლობელი ყველაფერს აკეთებს, რათა გუნდი ფეხზე დააყენოს. ძლიერდება ინფრასტრუქტურა, ძლიერდება გუნდი. ”ვისოლის" მიზანია, რომ ”ტორპედო" ერთ-ერთი მოწინავე იყოს საქართველოში და როცა ევროთასებზე ვიასპარეზებთ, იქაც არ შევირცხვინოთ თავი.

- ტორპედოსთან" ერთად ჩემპიონობა და თასი მოგიპოვებია. ქუთაისური გუნდის მაშინდელი და ახლანდელი ვითარება შეადარე?
- იმდროინდელ და დღევანდელ გუნდებს შორის დიდი სხვაობაა. ძალიან ძლიერი გუნდი გვყავდა, ახლანდელ გუნდთან შედარებაც არ შეიძლება, მაგრამ ”ვისოლი" ”ტორპედოსთვის" იმდენ რამეს აკეთებს, რომ მოვა დრო, ქუთაისური გუნდი ძველ წარმატებებსაც გაიმეორებს და შესაძლოა, მაშინდელზე უფრო მეტად გაძლიერდეს.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"




მკითხველის კომენტარები / 3 /
აბა ტქვენ იცით ბიჭები თქვენი იმედი გვაქვს და არც შეკრებაზე შეგვარცხვინოთ და ჩვენ ტქვენტან ვართ ბოლომდე და ერთად მივაღწიოთ მიზანს. ჩემპიონატშიც და თასზეც. ტასზე საუკეტესო გუნდი შეგხვდა მარა თუ რამზე ტიტლზე გაქ პრეტენზია საკეტესოს უნდამოუგო ისე ტიტული არ იქნება ეს ასეა
vaxo
14:07 21-01-2011
0
ბებერი ლომი ხარ თოდუ წარმატებები ტორპედოსტან ერთად
gabro
13:50 21-01-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული