მეტი იფიქრეთ ფეხბურთზე და ნაკლებად გაერთეთ! - დიმიტრი ტატანაშვილის რჩევა

AutoSharing Option
31 წლის ფორვარდი დიმიტრი ტატანაშვილი ბოლნისის "სიონის" ღირსებას დაიცავს. მას მოქმედი, ერთწლიანი კონტრაქტი კი აკავშირებს ბათუმის "დინამოსთან", მაგრამ მხარეთა მოლაპარაკების შედეგად გადაწყდა, რომ ტატანაშვილი "სიონს" უახლოესი 6 თვის განმავლობაში დაეხმარება.

მას გამოცდილება ნამდვილად არ აკლია. ბათუმური კლუბის გარდა, უთამაშია თბილისის "სპარტაკში", "ამერში", "პლზენში", "კლადნოში", ზაპოროჟიეს "მეტალურგში", თბილისის "დინამოში", რუსთავის "მეტალურგში", "ჩიხურასა" და "ზესტაფონში".

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ტატანაშვილმა 2 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. შეიძლება ითქვას, "სიონმა" სერიოზული შევსება მიიღო.

"ლელომ" ბოლნისელთა ახალწვეულთან ინტერვიუ ჩაწერა...

- როგორ განხორციელდა "სიონში"
თქვენი ტრანსფერი?

- ლადო ბურდული დამიკავშირდა. მეც ბევრი აღარ მიფიქრია და მივიღე ეს შემოთავაზება. ექვსთვიან არენდაზე შევთანხმდით. ამ ვადის გასვლის შემდეგ "სიონისა" და ბათუმის "დინამოს" ხელმძღვანელები კვლავ მიუბრუნდებიან ჩემს საკითხს, რადგან კონტრაქტით ისევ ბათუმელებს ვეკუთვნი.

- რატომ გადაწყვიტეთ "სიონში" გადასვლა? მეტი სათამაშო პრაქტიკის გამო ხომ არა?
- ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ესეც იყო. კიდევ ის, რომ ბათუმის "დინამოში" მეორე ფორვარდად ვთამაშობდი, "სიონში" კი ჩემს საყვარელ ადგილას, გამოკვეთილ ცენტრალურ თავდამსხმელად მოვიაზრები.

- როგორ აფასებთ ბათუმის "დინამოში" გატარებულ პერიოდს?
- მხოლოდ და მხოლოდ დადებითად. ბოლოს და ბოლოს, 18-წლიანი პაუზის შემდეგ გუნდმა ევროთასებზე ითამაშა და ეს არ იყო პატარა ამბავი. ამ მიღწევაში მცირეოდენი წვლილი მეც მიმიძღვის...

- როგორ ფიქრობთ, "ომონიას" ბარიერის გავლა შესაძლებელი იყო?
- ჩვენ არ დაგვიზოგავს თავი. მოდით, ცოტა სხვანაირად მივუდგეთ ამ საკითხს. ჩვენ წელიწადში ორ ასეთ პრინციპულ თამაშს ვთამაშობთ, ისინი კი - ყოველ კვირას. ასე რომ, მიზეზები საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში უნდა ვეძებოთ. სანამ ჩვენი პირველობა არ გახდება მეტ-ნაკლებად კონკურენტუნარიანი, სანამ არ აიწევს დონე, მანამდე გაჭირდება საერთაშორისო ასპარეზზე წარმატების მიღწევა.

რაც შეეხება კონკრეტულად "ომონიასთან" შეხვედრებს, პირველი მატჩი ზესტაფონში ჩვენ მოვიგეთ. თანაბარი თამაში იყო. მეორე მატჩში კი, სამართლიანობა მოითხოვს, აღინიშნოს, კვიპროსელებმა უკეთესად ითამაშეს.

- "სიონში" ადაპტაცია არ უნდა გაგიჭირდეთ...
- არა, გამორიცხულია. "სიონში" ბევრი ისეთი ფეხბურთელია, რომლებთანაც წლებია, ვმეგობრობ.

- თქვენი კარიერა რომ იწყებოდა, თითქმის ყველას მიაჩნდა, რომ მეტს მიაღწევდით. რატომ ვერ გამოავლინეთ ბოლომდე თქვენი შესაძლებლობები?
- რა თქმა უნდა, მეტი შემეძლო. მეტი კი არა, ბევრად მეტი... ახლა უკვე წარსულია ყველაფერი... ახალგაზრდული ასაკი, შეცდომები - ყოველივე ამას თავისი მიაქვს. მე რომ ახლა ვაზროვნებ და ვფიქრობ, ასე რომ მეფიქრა წლების წინათ, თქვენ სხვა დიმიტრი ტატანაშვილს იხილავდით...

რას ვიზამ... დროს უკან ვერავინ და ვერაფერი დააბრუნებს.

- რას ურჩევდით იმ ბიჭებს, ახლა რომ იწყებენ ფეხბურთის თამაშს?
- ჩემი რჩევა იქნება, მეტი იფიქრონ ფეხბურთზე და ნაკლები - გართობაზე. ფეხბურთელის კარიერა ხანმოკლეა და თუნდაც მცირეხნიან მოდუნებას არავის პატიობს. ჩვენ ნიჭი არ გვაკლია, ეს ცხადია. მთავარია, ყველა სერიოზულად მიუდგეს საქმეს. ქართულ ფეხბურთს აქვს მომავალი...

- როგორ ფიქრობთ, საით მიდის ჩვენი ეროვნული ჩემპიონატი?
- ევროთასებზე ნაჩვენებ შედეგებზე უკეთეს სტატისტიკურ მაჩვენებელს ვერ ვიპოვით. პირველი ბარიერი ვერც ერთმა ქართულმა გუნდმა რომ ვერ გადალახა, ეს რეგრესის უტყუარი მაჩვენებელია.

ალბათ, არ ვარ ერთადერთი გამონაკლისი, ვინც მიიჩნევს, რომ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი წლიდან წლამდე უკან-უკან მიდის, თან ეს რეგრესი თვალსაჩინოა. მდგომარეობა ძირეულად უნდა შეიცვალოს. აქ ერთი რომელიმე ნიუანსის გამოსწორება კი არა, საფუძვლიანი ცვლილებებია საჭირო.

- რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ოდნავ მაინც დავეწიოთ იმ ქვეყნებს, სადაც თქვენ გითამაშიათ - ჩეხეთსა და უკრაინას?
- პირველ რიგში, უნდა გაუმჯობესდეს ინფრასტრუქტურა. მინდორი თუ არ იქნება ნორმალური, კარგ ფეხბურთს ვერ ითამაშებ. ბავშვთა სკოლები უნდა იყოს ისეთი, როგორიც ევროპაშია...

ყველაფერი გამოსწორებადია. უბრალოდ, ახლა ასეთი დრო გვიდგას. შექმნილი სიტუაციიდან ყველა ერთიანი ძალისხმევით უნდა გამოვიდეთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჯიგარია ტატანა
0

სიახლეები პოპულარული