"დავრწმუნდი, რომ თურქი ფეხბურთელები ქართველებზე ნიჭიერები არ არიან"

AutoSharing Option
შეკრებიდან დაბრუნებულმა "ზუგდიდმა" წალენჯიხის "სქურთან" საკონტროლო შეხვედრა გამართა და ამით სეზონისთვის მზადება დაასრულა - ბესიკ შეროზიას გუნდმა "ბაიას" ბაზაზე წალენჯიხის "სქურს" უმასპინძლა და 3:2 დაამარცხა.

როგორც "ზუგდიდის" ოფიციალური ვებგვერდი წერს, თავიდან სტუმრები დაწინაურდნენ: მე-17 წუთზე გოლი შელიამ გაიტანა. "ზუგდიდმა" წონასწორობა მხოლოდ პირველი ტაიმის მიწურულს აღადგინა. თავი გურამ სამუშიამ გამოიჩინა. მეორე ტაიმის დასაწყისშივე შეროზიამ შემადგენლობა მთლიანად შეცვალა. 70-ე წუთზე მურთაზ ჩანგელიამ თავურით წინ გაიყვანა თავისიანები, ხოლო სამ წუთში მანვე სტუმართა მეკარეს აუღებელი დაურტყა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:1.

"ზუგდიდი" პირველი
ტაიმში: მამალაძე, მაჩაიძე, გავაშელიშვილი, თიბილაშვილი, ჯავაშვილი, ს. მალანია, გ. სამუშია, ც. სამუშია, ფიფია, ფარჯიკია, ბულია; მეორე ტაიმში: ჯომიდავა, ქანთარია, ნარმანია, ნ. ქირია, ელიავა, ტყემალაძე, ჟვანია, დ. კუტალია, ჩანადირი, ჩანგელია, თუთბერიძე.

...ახლა კი ინტერვიუ ბესიკ შეროზიასთან. "ზუგდიდის" თავკაცი მოთამაშეთა მდგომარეობაზე, საკადრო პოლიტიკასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გველაპარაკა და, რა თქმა უნდა, თურქული შთაბეჭდილებებიც გაგვიზიარა...

- ჯერ თურქული შეკრებით დავიწყოთ. იქ ხანმოკლე დროით იმყოფებოდით და კარგად მოსამზადებლად ეს საკმარისი იყო?
- ჩვენ მზადება თურქეთში გამგზავრებამდე დიდი ხნით ადრე დავიწყეთ და ზუგდიდში დაბრუნებულებიც ვვარჯიშობთ. თურქული შეკრება კი ძალების შესაფასებლად იყო საჭირო. 10 დღეში 3 საკონტროლო შეხვედრა ჩავატარეთ და მიმაჩნია, რომ სეზონისთვის ცუდად არ მოვმზადებულვართ.

- "ზუგდიდს" ბოლო წლებში დაფინანსების პრობლემა მოუგვარდა, მაგრამ მილიონი ლარით (პლუს-მინუსებით) ძლიერი გუნდის ჩამოყალიბება რამდენად რეალურია?
- მეტის სურვილი ყველას აქვს, მაგრამ ზუგდიდი თავისი მოკრძალებული ბიუჯეტით კლუბისთვის მაქსიმუმს აკეთებს და მადლობის მეტი რა გვეთქმის? ეს იმის ფონზე, რომ წლების განმავლობაში ქალაქში გუნდის დაფინანსებაზე გაურკვევლობა იყო. მთავრდებოდა წელი და არ ვიცოდით, შეინახავდნენ თუ არა მერია და საკრებულო გუნდს მომავალ წელს. მთავარი სწორედ ისაა, რომ ამ გაურკვევლობას წერტილი დაესვა და ბოლო ორი წელიწადია, "ზუგდიდს" არსებობის პრობლემა არ შექმნია. გუნდის წინსვლის წინაპირობა კი სწორედ სტაბილური დაფინანსებაა.

- ვეტერანებზე უარი რატომ თქვით?
- ახალგაზრდული გუნდით გამოსვლა ვამჯობინეთ, რადგან მოთამაშეებს წინსვლის სტიმული აქვთ. მხოლოდ სამი გამოცდილი ფეხბურთელი მოვიწვიეთ - მეკარე ზურაბ მამალაძე, მცველი ზაალ ელიავა და შემტევი გოგი ფიფია. მათგან დრო მხოლოდ ელიავას გაუცდა, ტრავმა აწუხებდა და ამის გამო, დროებით, პირველ ლიგაში გამოდიოდა, მაგრამ ეროვნულ ნაკრებში აქვს ნათამაშები, თურქეთშიც კარგად მოემზადა და მჯერა, მალე ფორმაში იქნება და გუნდს დაეხმარება...

კითხვას დავუბრუნდები: ახალგაზრდული გუნდი გვყავს და პოტენციალის გამოსავლენად დრო გვჭირდება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ხელწამოსაკრავი არავისთვის ვიქნებით.

- თქვით, რომ უცხოეთში შეკრებით გუნდის ძალას შეაფასებო. საინტერესოა, რა დასკვნა გამოიტანეთ?
- საკონტროლო შეხვედრებში ყველაფერი კარგად გამოჩნდა. თურქეთის სუპერლიგის "ქაისერისთან" 0:1 წავაგეთ, მაგრამ საკმაოდ კარგად ვეთამაშეთ და მიმაჩნია, რომ არაფერში ჩამოვრჩებოდით. მათ დუბლებს კი იოლად მოვუგეთ.

მერე მესამე ლიგის გუნდთან 0:2-ს ვაგებდით და შესვენებაზე ბიჭებს ველაპარაკე - რაც უნდა კარგი პირობებით ჰქონდეთ, მაინც უნდა მოვუგოთ-მეთქი. ბიჭებში თავმოყვარეობამ გაიღვიძა და თამაშის შემოტრიალება მოახერხეს. ყველამ ძალიან კარგად ითამაშა, მაგრამ სამუშიას და წურწუმიას მაინც გამოვარჩევდი, რადგან მათ საუკეთესო შეხვედრა ჩაატარეს და მოგებაში დიდი წვლილი შეიტანეს...

ახლა საქართველოს ფიფას რეიტინგში ძალიან ცუდი მაჩვენებელი აქვს. ამის ფონზე, რაც უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, მაინც მიმაჩნია, რომ ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელები გვყავს და ქართულ ფეხბურთს დიდი პოტენციალიც გააჩნია.

- ამ დასკვნამდე რამ მიგიყვანათ?
- თურქეთში ბევრი რამ ვნახე: მათი პირობები, "ქაისერის" ვარჯიშებს დავესწარი და დავინახე, რომ მათი ფეხბურთელები შრომისმოყვარეები არიან და დისციპლინა აქვთ. მაგრამ ჩვენ ბევრად ნიჭიერი ფეხბურთელები გვყავს, ოღონდ ეგ არის, რომ მათ მენტალიტეტის შეცვლა სჭირდებათ და თუ ამას შეძლებენ, თურქებსაც ვაჯობებთ და კიდევ ბევრსაც.

ქართველმა ახალგაზრდებმა ტვინში უნდა ჩაიდონ, რომ შრომა და დავალებების შესრულებაა ის გასაღები, რომლითაც დიდ ფეხბურთს ითამაშებენ და ბევრს მიაღწევენ. გულწრფელად ვამბობ - ამაში დარწმუნებული ვარ!

- მენტალიტეტი რომ შევუცვალოთ, იმავე ფინანსებით სერიოზული ნახტომი მაინც ვერ მოხერხდება...
- თავისთავად ცხადია, რომ ფეხბურთს მეტი ფული სჭირდება. თქვენს ყურადღებას ფეხბურთელების კვებაზე გავამახვილებ, რომელზეც საქართველოში ნაკლებად ლაპარაკობენ. ეს საკითხი აბსოლუტურად ყველა კლუბში უნდა მოგვარდეს - დაწყებული უმაღლესი ლიგიდან და დასრულებული - მეორით.

მოთამაშეები დღეში ერთხელ მაინც რომ გამოკვებონ, მათი ორგანიზმი გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში იქნება. ეს საკითხი "ზუგდიდში" მოვაგვარეთ. შეკრებაზეც მშვენიერი სავარჯიშო პირობები გვქონდა, თავისი კვებით და აღდგენებით. გუნდს რომ აყალიბებ, ეს მნიშვნელოვანი დეტალია.

თურქეთში ნანახმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა: სახელმწიფო ფეხბურთს თუ მიხედავს და ფულს ბიზნესმენებიც ჩადებენ, მას დიდი მომავალი ექნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ყველაფერში ვეთანხმები ამ კაცს მაგრამ, ყველა ფულზე რომ ლაპარაკობს "მეტი დაფინანსებაა საჭირო" კი ბატონო, ბევრი ფული არავის წყენს მაგრამ, ამ დაფინანსებითაც შეიძლება საშუალო ევროპული გუნდის შექმნა, თუ ისეთი ნიჭიერი ახალგაზრდები გვყავს როგორც ბევრი ლაპარაკობს! შეხედეთ სამხრეთ ამერიკის გუნდებს ბევრ მათგანს ქართულ გუნდებზე მეტი ფინანსები არ აქვთ მაგრამ... ან თუნდაც აფრიკელები! ასე რომ მთავარი ფული არ არის,მთავარია როგორ მიუდგები საქმეს და როგორ და რაში გამოიყენებ არსებულ ფინანსებს!
gogia
10 აგვისტო 2015 16:13
0
ეს მწვრთნელია თუ ქორწილის თამადა
tamada
10 აგვისტო 2015 16:10
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული