დინამო (თბ)-საპოვნელა 4:0 - გურუ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თბილისის "დინამომ" სეზონი უმაღლესი ლიგის დებიუტანტ თერჯოლის "საპოვნელასთან" მატჩით გახსნა და კარგი განწყობაც შეიქმნა.

გია გეგუჩაძის გუნდმა უპირატესობა თავიდანვე მოიპოვა და მთელი შეხვედრა ასეც გააგრძელა. სტადიონზე შეკრებილ მცირეოდენ მაყურებელს ახალგაზრდა დინამოელებმა საკმაოდ სანახაობრივი ფეხბურთი აჩვენეს.

"საპოვნელას" მწვრთნელმა მირიან გეწაძემ კი საკუთარი გუნდის შესაძლებლობა რეალურად შეაფასა და, რა გასაკვირია, რომ დაცვითი ფეხბურთი ითამაშა. ანგარიშის მიუხედავად, უმაღლეს ლიგაში წლების შემდეგ დაბრუნებული თერჯოლელები საკმაოდ მწვავე კონტრშეტევების წამოწყებას ახერხებდნენ, თუმცა ბოლო ფაზაში მოიკოჭლებდნენ. პირველი ორი ასეთი შეტევა კარამდე მიიტანეს დავით ბერუაშვილმა და ზურაბ ენდელაძემ,
თუმცა მათი დარტყმები მეკარე ლიბორ ჰრდლიჩკამ გაანეიტრალა.

დინამოელები ჯაბა ჯიღაურმა დააწინაურა, რომელიც გეგუჩაძის ნდობამ აშკარად "გახსნა".

"საპოვნელას" საჯარიმოში მან ბურთი ოთარ კაკაბაძისგან მიიღო, მცველი ცრუ მოძრაობით ჩამოიცილა, ბურთი მარცხენა ფეხზე გადაიტანა და ზუსტად დაარტყა - 1:0.

ალექსანდრე იაშვილს "დინამოს" თამაშში დიდი როლი აქვს. ეროვნული ნაკრების ყოფილი ფორვარდი ახალგაზრდა თანაგუნდელებისთვის ის გურუა, რომელსაც უსმენენ და ენდობიან.

სწორედ 37 წლის ვეტერანმა გაზარდა ანგარიში. შეტევა თავად წამოიწყო და მარჯვენა ფლანგზე კაკაბაძეს გაუგრძელა, მერე მას კართან გაეხსნა და "საპოვნელას" კარის ბადე ახალგაზრდა დინამოელის ჩინებული გადაცემით შეარხია - 2:0.

აღსანიშნავია, რომ თბილისელთა კაპიტანმა "საპოვნელას" კარი 20 წლის შემდეგ კიდევ ერთხელ აიღო, ხოლო თერჯოლელთა კარში სულ 6 გოლი დაუგროვდა. წარმოგიდგენიათ? - იაშვილის მიერ თერჯოლელთა კარში გატანილი პირველი გოლის შემდეგ მთელი თაობა გაიზარდა...

მალე იაშვილს ლაშა პარუნაშვილმა ჯარიმა გაუთამაშა და თავდამსხმელმა გატანა საჯარიმოს ხაზიდან დარტყმით სცადა, მაგრამ ამჯერად მიზანს ააცილა.

იაშვილმა მეორე ტაიმში ვერ გაიტანა, თუმცა თერჯოლელთა კარის ბადე მესამედ სწორედ მისი დარტყმის შემდეგ შეირხა. ვეტერანი საჯარიმოში შეიჭრა და ბურთს გიორგი ქვილითაიას აწვდიდა. ბურთი მცველ თორნიკე ჯიმშელაშვილს მოხვდა თავში და კარში აღმოჩნდა - 3:0.

64-ე წუთზე არბიტრმა ჯენერი ხორავამ მეორე ყვითელი ბარათი აუფრიალა რენე ფერეირას და მოედნიდან გააძევა. თუმცა ამით "დინამო" მაინც ვერ შეაჩერა და მალე კიდევ სტუმართა კარში მეოთხე ბურთიც გავიდა, თანაც - ძალიან ლამაზად: ვახტანგ ჭანტურიშვილმა ქვილითაიას წამოწყებულ შეტევას საუკეთესო გაგრძელება მოუნახა და ბრწყინვალე გადაცემით ჯიღაური მეკარესთან პირისპირ დატოვა. ალექსანდრე გიორგაძე კარიდან კი გამოვიდა, მაგრამ დინამოელმა დაასწრო - 4:0.

"დინამოს" გატანა კიდევ შეეძლო. პარუნაშვილის მშვენიერი დარტყმის შემდეგ მეკარემ ბურთი უხეიროდ მოიგერია, მაგრამ დამატებაზე კარიდან ხუთ მეტრში მყოფ მათე ცინცაძეს გადაეღობა და სტუმრები გადაარჩინა. რამდენიმე წუთში ცინცაძე უკვე ფლანგური გადაცემის თავით დაგვირგვინებას ცდილობდა, მაგრამ გიორგაძემ კვლავ ჩინებული რეაქცია გამოავლინა.

ორჯერ ცდილობდა კარის აღებას ჭანტურიშვილი. პირველად - მეკარემ საიმედოდ ითამაშა, მეორედ კი მცველი ჩაუწვა და ვითარება განმუხტა.

მეოთხე გოლის შემდეგ "საპოვნელა" გააქტიურდა, თუმცა პრესტიჟის გოლის გატანა მაინც ვერ მოახერხა. ყველაზე რეალური შესაძლებლობა გიორგი ბუხაიძეს ჰქონდა, რომელმაც 32-ე წუთზე სტუმართა მიერ სახიფათოდ გათამაშებული ჯარიმის შემდეგ ბურთს ფეხი ძლიერად წაჰკრა და "დინამო" ძელმა იხსნა.

უმაღლესი ლიგა. I ტური

14.08.2015. თბილისი. დინამო არენა. 500 მაყურებელი
დინამო (თბ)-საპოვნელა 4:0
1:0 ჯიღაური (26. კაკაბაძის პასით), 2:0 იაშვილი (38. კაკაბაძის პასით), 3:0 ჯიმშელაშვილი (50-საკ. კარში), 4:0 ჯიღაური (66. ჭანტურიშვილის პასით)
დინამო: ჰრდლიჩკა (57. ბეგაშვილი), კაკაბაძე, რენე ფერეირა, ჭელიძე, თევზაძე, ცინცაძე, პარუნაშვილი, ჯიღაური, კიტეიშვილი (53. ჭანტურიშვილი), იაშვილი (66. გველესიანი), ქვილითაია.
სათადარიგოები: ტვილდიანი, არაბული, ვოლკოვი, ჯანელიძე
მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
საპოვნელა: გიორგაძე, ბერუაშვილი, ტყეშელაშვილი, ბუხაიძე, ჯიმშელაშვილი, მაკარიძე (75. ნ. შალამბერიძე), შუღლაძე (46. ცქიფურიშვილი), რობაქიძე, ზ. ენდელაძე, ამბროლაძე (46. თავაძე), ბანძელაძე.
სათადარიგოები: აბულაძე, ბუცხრიკიძე, კახეთელიძე, ზეინკლიშვილი
მწვრთნელი: მირიან გეწაძე
გაფრთხილება: მაკარიძე (13), რენე ფერეირა (18), ბერუაშვილი (54), რენე ფერეირა (64)
გაძევება: რენე ფერეირა (64)
არბიტრი: ჯ. ხორავა

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
დილა მშვიდობის. საქართველოს ფეხბურთის ჩემპიონატი არ უნდა იყოს 16 გუნდიანი. გასაგებია რომ ბევრი გუნდით ფეხბრთის პოპულარიზაცია კეთდება, მაგრამ ამას ჯობია იყოს 10-12 გუნდიანი უმაღლესი ლიგა (ისე როგორც შოტლანდიაშია, ავსტრიაშია.. რომელია ცვენზე ნაკლები ჩემპიონატი ? ) და პირველი ლიგა სადაც მეტი კონკურენცია იქნება უმაღლესში მოსახვედრად.თერჯოლის გუნდი, სამტრედიის, ზესტაფონის, ქუთაისის, ჭიათურის სულ რაღაც 20 კლომეტრიტაა ეს ქალქაები დაშორებული და ჯამში 200000 ადამიანი ცხოვრობს და უმარლესში 5 გუნდითაა წარმოდგენილი.. ასევე აჭარაც ქობულეთის ბათუმის გუნდებით.. იყოს რარაც რეგიონალური პრინციპით, აჭარა, გურია, სამეგრელო, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი-სვანეთი, ქართლი, კახეთი, შეიკრიბოს 10 გუნდი და მართლაც დაემსგავსება რაღაცას ჩემპიონატი :)
dave
09:20 18-08-2015
0
თბილისი. დინამო არენა. 500 მაყურებელი - ამით ყველაფერია ნათქვამი საქართველოს ჩემპიონატზე... მილიონიან ქალქაში - 500 კაცი... როგორ ვაგროვებდით 5000 კაცს საომრად ნეტა, როდესაც ფეხბურთის საყურებლად 500 კაცს ვერ ვაგროვებთ..
ქუთაისელი
16:44 17-08-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული