გურია-სიონი 1:1 - 17-წლიანი ბასტიონი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლანჩხუთის "ევგრაფი შევარდნაძე" მომზადებული შეხვდა ახალ სეზონს: ზაფხულის ხვატის კვალობაზე, მინდვრის საფარი ნორმალურ მდგომარეობაშია, დასავლეთ ტრიბუნის მხარე ნანგრევებისგან შეძლებისდაგვარად გაიწმინდა, ხოლო სამთავრობო ლოჟაში "დინამო არენისგან" ნაჩუქარი სავარძლები დამონტაჟდა.

ასევე განახლებული სახით ვიხილეთ სკამი-რელიკვია, რომლიდანაც თამაშს თვალყურს ადევნებდა "გურიის" ყველაზე დიდი პატრონი ევგრაფი შევარდნაძე. "ქართული ოცნების" ლანჩხუთელ აქტივისტ ნუგზარ ცინცაძეს მასზე წარწერაც გაეკეთებინა: "თუ ხარ ღირსი, იჯდე ლეგენდარული ადამიანის სკამზე, მაშინ დაჯექი"...

...თავად მატჩი კი საინტერესო სანახავი ვერ გამოდგა
და ამაში მთავარი "წვლილი" აუტანელმა სიცხემ შეიტანა. სასტარტო შეხვედრამ შეუთამაშებლობის კვალიც დატოვა და თამაშს დაღი ამანაც დაასვა. ამის მიუხედავად, რამდენიმე საინტერესო ეპიზოდი პირველ ტაიმში მაინც ვიხილეთ.

სტუმართა ფორვარდი დიმიტრი ტატანაშვილი ორჯერ ცდილობდა გატანას, ერთხელ თავური გადააცილა კარს, მეორედ კი იგივე ბედი საჯარიმოს მისადგომებიდან ძლიერად დარტყმულმაც გაიზიარა.

სამაგიეროდ, პირველივე რეალური ხიფათი გურულებმა გოლად აქციეს: ვანო წილოსანმა კარგად გადააწოდა კოტე ხიზანეიშვილს, რომელმაც, თავის მხრივ, ლაშა ჩაფიძე მოძებნა და ამ უკანასკნელმა "გურიის" რიგებში გოლების ანგარიშის გახსნა სადებიუტო თამაშს დაამთხვია.

ამის შემდეგ გურულებმა ფსიქოლოგიური უპირატესობა მიიღეს, თუმცა კახა გოგიჩაიშვილის შეგირდებმა მეტის გატანა ვეღარ შეძლეს.

პირველი ტაიმის ბოლოსკენ ხიფათები უკვე ექსგურულებმა შექმნეს - ვილი ისიანის შორეული დარტყმა კარს ასცდა, ხოლო კობა შალამბერიძეს თავური ნიკა დაუშვილმა არ გაატანინა.

ბოლნისელთა კიდევ ერთმა ახალწვეულმა ლუკა რაზმაძემ კი კარგი შანსი გაანიავა...

შესვენებისას ლანჩხუთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, "გურიის" ლეგენდარულმა კაპიტანმა თეიმურაზ ჩხაიძემ კლუბის დუბლშემადგენლობას, სამწვრთნელო შტაბსა და პრეზიდენტ ზაზა ურუშაძეს გადასცა ვერცხლის მედლები, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ დააწესა და "გურიამ" გასულ სეზონში დუბლიორთა გათამაშებაში დაკავებული მეორე ადგილისთვის მიიღო.

ლანჩხუთის საფეხბურთო სკოლის (დირექტორი სულხან წილოსანი) წარმომადგენელმა თემურ ალექსაიამ დუბლიორებს სრული სათამაშო კომპლექტი გადასცა საჩუქრად.

...მეორე ნახევარი უკვე სახიფათო ეპიზოდებითაც მწირი გამოდგა. აქეთ-იქით თითო მომენტს თუ გამოარჩევდა კაცი. თუნდაც ის, თორნიკე მოსიაშვილი კარგად რომ გასცდა მცველებს, მაგრამ მეკარემ დროულად დატოვა კარი, ხოლო შალამბერიძის გადაცემა ისევ გააცუდა ტატანაშვილმა.

მატჩის დასრულებამდე 4 წუთით ადრე ბოლნისელთა ახალწვეულების მორიგი მცდელობა გამაყაიმებელი გოლით დასრულდა - ტატანაშვილს ბურთზე რომ ფეხი არ მიეკრა, "სიონში" სადებიუტო შეხვედრაში თავის პირველ გოლს მის ნაცვლად შალაბერიძე (ისე ჩანდა, მისი დარტყმულიც კარში შევიდოდა) გაიტანდა.

საბოლოოდ, 1:1 - თავიანთ გუნდებში დებიუტანტ მწვრთნელებს თითო ქულა დებიუტანტმა შეგირდებმა მოუტანეს. უკვე 17 წელია, რაც "სიონი" ლანჩხუთში "გურიისთვის" ბასტიონად იქცა - ბოლოს გურულებმა ქვემოქართლელებს 1998 წლის 4 ნოემბერს მოუგეს...

უმაღლესი ლიგა. I ტური

14.08.15. ლანჩხუთი. ევგრაფი შევარდნაძე. 800 მაყურებელი
გურია-სიონი 1:1
1:0 ჩაფიძე (23. ხიზანეიშვილის პასით), 1:1 ტატანაშვილი 86 (შალამბერიძის პასით)
გურია: დაუშვილი, გელაშვილი, ჩადუნელი, ე. კილაძე, ხიზანეიშვილი, ნ. მაისურაძე, ზოზულია (43. კობერიძე), მოსიაშვილი, ვ. წილოსანი (63. ს. ბახია), ჩაფიძე, შ. ჯიქია (75. ა. რეხვიაშვილი).
სათადარიგოები: გოგუაძე, ლ. მჭედლიშვილი, ქურდაძე, ზაქრაძე
მწვრთნელი: კახა გოგიჩაიშვილი
სიონი: მერლანი, სვანიძე, მოსემღვდლიშვილი (46. მიქაბერიძე), ფოფხაძე, საჯაია, გაფრინდაშვილი, ისიანი (75. ჭიკაიძე), შალამბერიძე, რაზმაძე, ვასაძე (19. გოგობერიშვილი), ტატანაშვილი.
სათადარიგოები: ნანიევი, მანაგაძე, მესხი, გიორბელიძე
მწვრთნელი: ვარლამ კილასონია
გაფრთხილება: ჯიქია (35), გოგობერიშვილი (39), მიქაბერიძე (51)
არბიტრი: გ. კიკაჩეიშვილი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
კარგად დააკვირდით მიდიოდა თუ არა შალამბერიძის დარტყმული ბურთი ლანჩხუთელთა კარში.ტატანაშვილს გარჯას ნუ დაუკარგავთ.აშკარად ჩანს რომ დიმიტრიმ სწორი პოზიცია შეარჩია,წინააღმდეგ შემთხვევაში ბურთი სცდებოდა კარს.
ბადრი
22:55 17-08-2015
0

სიახლეები პოპულარული