12:00 24-08-2015
საბურთალო-ჩიხურა 1:0 - სახიფათო ბავშვები [VIDEO]
AutoSharing Option
ქომაგთა მხრიდან მატჩმა საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია. სტადიონზე მობრძანდნენ საბურთალოს რაიონის გამგებელი და მისი მოადგილეებიც. მოკლედ, ეს კლუბი თავის უბანში გარკვეულ მოვლენად იქცა. "ბენდელადან" პირველად შედგა მატჩის პირდაპირი ტელეტრანსლაციაც, რაც "საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" განახორციელა.
მატჩამდე გაზეთ "ლელოს" ჟურნალისტმა გია ტუხაშვილმა მასპინძელთა ფეხბურთელს, ექსდინამოელ ლაშა თოთაძეს 2014-15 წლების სეზონის ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო მცველის პრიზი გადასცა.
ფოტოზე: ლაშა თოთაძის დაჯილდოება
წესით, "ლელოსა" და კომპანია "ლიდერბეთის" მიერ დაწესებული ერთობლივი ჯილდო თოთაძეს განვლილი სეზონის დასრულების შემდეგ უნდა მიეღო, მაგრამ ისე მოხდა, რომ იმ პერიოდში "დინამოს" ყოფილი კაპიტანი ეროვნულ გუნდთან ერთად ავსტრიულ შეკრებაზე იმყოფებოდა...
რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, პირველი ნახევარი თანაბარ ორთაბრძოლაში წარიმართა. საერთოდ, განვლილი ორი ტურიდან და "საბურთალოს" ძველი თამაშებიდან აშკარად ჩანს, რომ მისი მთავარი მწვრთნელი გია ჭიაბრიშვილი თავიდან მეტოქეს აკვირდება და კოზირებს მეორე ტაიმში უპირისპირებს. ასე იყო პირველ ლიგაში, ახლახან "ცხინვალთან" და ასევე მოხდა შაბათსაც - გუნდმა ორი განსხვავებული ტაიმი ჩაატარა.
პირველ ნახევარში მეტოქეებს კართან მიახლოება უჭირდათ. სტუმრებმაც შორეული დარტყმებით სცადეს ბედი და მასპინძლებმაც. ყველაზე სახიფათო მომენტი საბურთალოელ ჯაბა დვალს ჰქონდა. მან საჩხერელთა მეკარისა და მცველების შეუთანხმებლობით ისარგებლა, თუმცა ბოლომდე ვერა - ბურთი კი მოიგო და მახვილი კუთხიდანაც დაარტყა, მაგრამ მიზანს ააცილა.
მეორე ნახევარი მასპინძელთა კარნახით წარიმართა. თუმცა არც "ჩიხურა" იყო გულხელდაკრეფილი. სტუმრები მწვავე კონტრშეტევებს ახორციელებდნენ. ერთი ასეთი მცდელობა კინაღამ გოლითაც დასრულდა - ლაშა კუჭუხიძემ მარცხენა ფლანგზე შეტევა ლაშა ჩიკვაიძეს გაუგრძელა, რომლის მიერ ჩაწოდებული ბურთი მცველებს შორის გაძვრა, მაგრამ გიორგი ჭანკოტაძემ კარში არაზუსტად დაარტყა და მშვენიერი საგოლე შანსი ხელიდან გაუშვა.
უფრო რეალური "საბურთალოს" მომენტი იყო. დვალმა ბურთი გიორგი ხარაიშვილს გააყოლა, მან კი ორ მცველს შუა საჯარიმოსკენ გაჭრილი გურამ გოშთელიანი მოძებნა. 18 წლის თავდამსხმელი საჯარიმოში შევარდა და მახვილი კუთხიდან დაარტყა. კუპატაძემ ბურთს ხელი წაჰკრა, კარიდან კი კუსიანმა გამოიტანა, მაგრამ დამატებაზე ისევ გოშთელიანს მიუგორდა და ბედი ამჯერად ძლიერი "გასროლით" სცადა - კუპატაძემ "ჩიხურა" ისევ გადაარჩინა.
მალე "ჩიხურამ" ორჯერ სახიფათოდ შეუტია მეტოქეს - პირველად კარის აღებას შორიდან თორნიკე გრიგალაშვილი შეეცადა, მეორედ - ჭანკოტაძე, მაგრამ სიზუსტემ ორივეს უმტყუნა.
ტრადიციულად, "საბურთალოში" გოშთელიანი და ხარაიშვილი გამოირჩეოდნენ. ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა მარჯვენა მცველმა ნოდარ იაშვილმაც, რომელიც მეტოქეს უამრავ პრობლემას უქმნიდა.
ერთადერთი გოლი 84-ე წუთზე სწორედ მის აქტიურობას მოჰყვა: სხვათა შორის, 22 წლის ფეხბურთელმა 67-ე წუთზე დვალსაც გაატანინა, მაგრამ ლაინსმენმა თამაშგარე დააფიქსირა. ამჯერად კი, ყველაფერი წესის დაცვით მოხდა - იაშვილი შეტევაში ისევ ჩაერთო, საჯარიმოში კვლავ სახიფათოდ და ზუსტად ჩააწოდა, გოშთელიანმა კი მცველს დაასწრო და სტადიონზე შეკრებილი მაყურებელი უზომოდ გაახარა - 1:0.
ამის შემდეგ "ჩიხურას" მატჩის გადარჩენის შანსი მიეცა - გრიგალაშვილმა საკუთარი საჯარიმოდან ბურთი მეტოქის ნახევარზე ჩაჰკიდა. მაღალი ბურთისთვის ბრძოლა კუჭუხიძემ მოიგო და გიორგი კორიფაძეს გადააწოდა. მას მცველმა დარტყმის საშუალება არ მისცა, მაგრამ ბურთი ხელსაყრელ პოზიციაში მყოფ გიორგი ჯოხაძეს მიუგორდა - მეკარე ბექა ქურდაძემ ახლო მანძილიდან დარტყმულზე ჩინებული რეაქცია გამოავლინა და "საბურთალო" გადაარჩინა.
მალევე არბიტრის საფინალო სასტვენმა უმაღლესი ლიგის დებიუტანტის ზედიზედ მეორე გამარჯვება დააფიქსირა - 1:0.
გია ჭიაბრიშვილის "ბავშვებმა" (ძირითადში მოხვედრილი გიორგი კოხრეიძე სულ რაღაც 16 წლისაა, უმრავლესობა კი - 18 წლის) ორი ტურის შემდეგ ქულათა მაქსიმუმი (6) დააგროვეს და "სამტრედიასა" და თბილისის "დინამოსთან" ერთად, პირველ-მესამე ადგილებს იყოფს.
მომდევნო შეხვედრებს საბურთალოელები სწორედ მათთან გამართავენ - 29 აგვისტოს "დინამოს" ესტუმრებიან, 12 სექტემბერს კი იმერლებს უმასპინძლებენ. ამ მატჩებში გამოჩნდება, რამდენად მზად არიან ეს პატარა ბიჭები ლიდერებთან საჭიდაოდ.
საქართველოს სუპერთასი
25 აგვისტო
დილა-დინამო (თბ)
25-26 აგვისტო
დ. ყიფიანის სახ. თასი. 1/16-ფინალი. საპასუხო მატჩები
უმაღლესი ლიგა. III ტური
29 აგვისტო, შაბათი
დინამო (თბ)-საბურთალო
30 აგვისტო, კვირა
დინამო (ბთ)-კოლხეთი
ტორპედო-დილა
ცხინვალი-ზუგდიდი
ჩიხურა-მერანი
სამტრედია-ლოკომოტივი
გურია-საპოვნელა
სიონი-შუქურა.
ბომბარდირები:
გ. ბერიაშვილი (დინამო ბთ) 4
ი. სიხარულიძე (სამტრედია) 4
ჯ. ჯიღაური (დინამო თბ) 3
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 2
ო. მარცვალაძე (დილა) 2
გ. გოშთელიანი (საბურთალო) 2
თ. წიქარიძე (შუქურა) 2
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
დინამომაც ასეთ პატარა სტადიონზე 2000 კაციანზე უნდა ჩაატაროს ჩემპიონატის თამაშები და სავსე ტრიბუნები გამოჩნდება და აღარ დაწერთ 400 მაყურებელიაო როცა 2-ჯერ ან შეიძლება 3-ჯერ მეტი იყოს მაგრამ დიდ სტადიონზე არ ჩანს
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული