რევოლუცია ჯერ არნახული, "ოლიმპიური"

AutoSharing Option
რუსთავის "ოლიმპის" ისტორია მეექვსე წელიწადს ითვლის და ამ ხნის განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ქართულ კლუბადაც უნდა მივიჩნიოთ: გუნდი ორჯერ ჩემპიონი გახდა, ერთხელ მესამე პრიზიორი და საერთოდაც, უარესი შედეგი მეოთხე ადგილია.

თუმცა. ვინც ამ კლუბის ასპარეზობას ყურადღებით ადევნებს თვალს, ალბათ, დაგვეთანხმება ''ოლიმპთან'' დაკავშირებული ''უცნაურობის მითის'' არსებობაში. ჰო, ადრეც არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ დღიდან დაარსებისა, ამ კლუბში ყოველ ექვს თვეში უამრავი ცვლილება ხდებოდა. არადა, კიდევ ვიმეორებთ: საუბარია ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ კლუბზე, ყოველი სეზონის დაწყების წინ მხოლოდ და მხოლოდ მაქსიმალურ მიზნებს რომ ისახავდა. თუმცა,
კლუბის ხელმძღვანელებს არასდროს არაფერი აკმაყოფილებდათ: გუნდი პირველ ეტაპს ერთპიროვნული ლიდერის რანგში ჩაამთავრებდა, გნებავთ ჩემპიონი გახდებოდა, ''ოლიმპის'' შემადგენლობაში ორი ათეული ფეხბურთელი უნდა შეცვლილიყო და მათ ნაცვლად ასევე სარეკორდო რაოდენობის ახალწვეული უნდა მოსულიყო. აღარაფერს ვამბობთ მწვრთნელთა გაუთავებელ ცვლაზეც: 2006 წლის ზაფხულიდან დღემდე ''ოლიმპში'' 13 სამწვრთნელო გადაადგილება მოხდა. თანაც, ზოგს ერთი მატჩის წაგებას არ პატიობდნენ, ზოგს ჩემპიონობის მოპოვებისთანავე კარისკენ უთითებდნენ და ასე შემდეგ.

არადა, ასეთი ტოტალური ცვლილებები ''ჩვეულებრივ'' გუნდში რომ მომხდარიყო, არვისთვის გასაკვირვი არ იქნებოდა; ისეთ გუნდებს ვგულისხმობთ, მხოლოდ და მხოლოდ მოკრძალებული მიზნები რომ აქვთ და კლუბის ხელმძღვანელებიც, უმაღლეს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად, რადიკალურ ცვლილებებს ყოველ ექვს თვეში ერთხელ რომ მიმართავენ ხოლმე. ოღონდ, სამწვრთნელო გადაადგილებისა და ფეხბურთელთა ტოტალური ცვლილებებით ''ოლიმპთან'' ახლოს ვერც ერთი გუნდი დიდხანს ვერ ''მივა''; ეგ კი არა, ერთი-ორი ფეხბურთელი (ამ ეტაპზე თავს შევიკავებთ დაკონკრეტებისგან), 2006 წლიდან დღემდე ოთხი-ხუთჯერ რომ მისულა გუნდში და მერე, უკან წამოსულა...

და აი, მართლაც ''ისტორიული მოვლენის'' წინაშე უნდა დავმდგარიყავით: ''ოლიმპი'' მეორე ეტაპისათვის მზადებას, ფაქტობრივად, უცვლელი შემადგენლობით იწყებდა! ანუ, იმ ფეხბურთელთაგან, პირველ ეტაპზე მეტ-ნაკლებად ძირითადის წევრებად მოიაზრებოდა, გუნდიდან მხოლოდ გრიგოლ ჭანტურია და გიორგი ბერიაშვილი წავიდა; თანაც, ასევე პირველად კლუბის ისტორიაში, მოსამზადებელ ეტაპზე ''ოლიმპში'' საქართველოს ჩემპიონატში მოასპარეზე მეტ-ნაკლებად ცნობილ ფეხბურთელთაგანაც არავინ გამოჩენილა; ანუ, დებიუტანტი მწვრთნელის (გუნდს მხოლოდ სამ ოფიციალურ მატჩში რომ უხელმძღვანელა) თორნიკე მაისურაძის განკარგულებაში ფაქტობრივად პირველი ეტაპის შემადგენლობა უნდა ყოფილიყო (პლუს ქართული საფეხბურთო საზოგადოებისათვის უცნობი რამდენიმე ჭაბუკი მოთამაშე). ისე, კლუბში სიახლე როგორ არ იყო:

''ოლიმპის'' ისტორიაში, თუ არ ვცდებით, პირველად მოხდა, გუნდი შეკრებაზე თურქეთში რომ გაემგზავრა. ერთადერთი მხოლოდ ის შემთხვევა გვახსენდება, სამი წლის წინათ, ანატოლი პისკოვეცის ხელმძღვანელობით გუნდმა შეკრება ყირიმში რომ გაიარა. ჰოდა, ის დრო იყო, სიხარულით გვემცნო საზოგადოებისათვის, არიქა, რუსთავის კლუბში ''ახალი ერა'' იწყებაო (ანუ, ''ოლიმპის'' შემადგენლობაში რადიკალურ-კარდინალური ცვლილებები არ იგეგმებაო), რომ... ''რევოლუცია'' მაინც მოხდა! თანაც, არანაკლებ უცნაური, ვიდრე წინა წლებში, როცა წარმატებული მწვრთნელების თუ თავგამოჩენილი ფეხბურთელების ამაგი და ღვაწლი კლუბის ხელმძღვანელებს უცბად ''ავიწყდებოდათ''.

ჰო, ამჯერად საკადრო ცვლილება ბევრად ''უფრო ზემოდან'' მოდიოდა. რამეთუ გუნდიდან გაათავისუფლეს ''ოლიმპის'' დირექტორი (ერთ-ერთი იშვიათთაგანი, ვინც გუნდში დაარსების დღიდან მოღვაწეობდა) ბადრი ქარქაშაძე, ლიცენზირების სამსახურის უფროსი ბადრი მაჭავარიანი, პრესატაშე მიხეილ ჯორბენაძე, კლუბის ბუღალტერი და ასე შემდეგ. შეგახსენებთ, რომ პირველი ეტაპის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე ''ოლიმპი'' დატოვა კლუბის ვიცე-პრეზიდენტმა ზურაბ ჯაფარიძემ; ამ უკანასკნელმა ეს გადაწყვეტილება საკუთარი სურვილით ახსნა, ოღონდ არც იმის თქმა დავიწყებია, რომ მას და ''ოლიმპის'' მეპატრონესა და პრეზიდენტს ჯოზეფ ქეის ფეხბურთზე განსხვავებული შეხედულება ჰქონდათ.

მოკლედ, ''ოლიმპი'' არ ღალატობს ''არჩეულ'' კურსს და ამჯერად უკვე კლუბის სტრუქტურაში მომხდარი ცვლილებებით მიიპყრო ქართული საფეხბურთო საზოგადოება. სხვათა შორის, სხვა არანაკლები მნიშვნელობის ცვლილებაც მოხდა: ''ოლიმპის'' ერთ-ერთ დამფუძნებელს, მამუკა გუგეშაშვილს 2007 წლის ზაფხულიდან მოყოლებული, კლუბთან შეხება ფაქტობრივად არ ჰქონია და აი, ასეთი პაუზის შემდეგ კვლავაც რუსთავის გუნდში დაბრუნდა.

დაარსების დღიდან ''ოლიმპში'' მომხდარ სამწვრთნელო გადაადგილებებზე არაერთხელ ვწერდით; ახლა კი, შეძლებისდაგვარად გვინდა ის ფეხბურთელებიც ჩამოვთვალოთ, ''ოლიმპში'' ყოველ ექვს თვეში რომ მიდი-მოდიოდნენ.


ასე იწყებოდა...
უმაღლეს ლიგაში სადებიუტო სეზონი ''ოლიმპისათვის'' მართლაც რომ ტრიუმფულად წარიმარათ: ახალგაზრდა მწვრთნელების, გიორგი კიკნაძისა და ზაზა ზამთარაძის ხელმძღვანელობით მოასპარეზე გუნდმა პირველი წრე ჩინებულად ჩაატარა და ზამთრის პაუზას ერთპიროვნული ლიდერის რანგში შეხვდა. თუმცა, მეორე წრისთვის გუნდში უამრავი ცვლილება მოხდა: მწვრთნელების გარდა ''ოლიმპიდან'' ფეხბურთელთა ჯგუფიც (როინ ონიანი, ვახტანგ კვარაცხელია, გოჩა ხოჯავა, ირაკლი სირბილაძე, გია თოდუა, ლერი ხოხონიშვილი, ლაშა მიმინოშვილი) წავიდა; ახალ მთავარ მწვრთნელს, რევაზ ძოძუაშვილს კი ასევე ახალი ფეხბურთელებიც ''მოჰყვნენ'': მირზა მერლანი, ზურაბ ძამსაშვილი, გიორგი ნავალოვსკი, რევაზ გოცირიძე, დავით ჭიჭვეიშვილი, ზურაბ არზიანი, ლევან ბერუაშვილი. შედეგი ყველასათვის ცნობილია: ''ოლიმპმა'' სრულიად დამსახურებულად მოიპოვა ჩემპიონობა, თუმცა სულ მალე გუნდში კარდინალური ცვლილებები მოხდა; ანუ, მთავარ მწვრთნელთან ერთად გუნდის საჩემპიონო შემადგენლობაც შეიცვალა და ევროტურნირებზე ყაზახურ ''ასტანას'' წინააღმდეგ ''ოლიმპის'' ახალ თავკაცს, ვარლამ კილასონიას უამრავი ახალწვეულის გამოყვანა მოუწია. ყოველ შემთხვევაში, გიორგი ონიანი, გელა ხუბუა, თორნიკე აფციაური, გიორგი სეთურიძე და ზურაბ ძამსაშვილი წინა სეზონში ''ოლიმპის'' ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელებად მიიჩნეოდნენ.

ახალწვეულთა სიაც არანაკლებ შთამბეჭდავი იყო: ლევან სილაგაძე, სერგი ორბელაძე, რეზო ჯიქია, ალექსანდრე კოშკაძე, ჯაბა დვალი, პლუს სამი ლეგიონერი (ჟივკოვიჩი, მასუაგა, აკუასაგა). 2002-08 წლების სეზონში გუნდში კიდევ არაერთი ცვლილება მოხდა: კილასონიას ნაცვლად ''ოლიმპის'' მთავარ მწვრთნელად ანატოლი პისკოვეცი დაინიშნა, ვინც ჯერ კიდევ პირველი ეტაპის დასრულებამდე თავის გამოჩენის საშუალება ახალგაზრდა ფეხბურთელებს (დავით დევდარიანი, გიორგი ყრუაშვილი, ნიკა მგელაძე) მისცა. აი, ზამთარში კი გუნდის შემადგენლობა სანახევროდ კი არა, ლამის მთლიანად შეიცვალა: სხვადასხვა მიზეზით ''ოლიმპიდან'' წასულების (ჟივკოვიჩი, აკუასაგა, ნავალოვსკი, ქებაძე, ჯიქია, დვალი, დვალიშვილი, კოშკაძე, ალავიძე, მერლანი) ნაცვლად ათამდე ახალწვეული გამოჩნდა. აქედან ორი (კოვალევსკი, ომელიანოვი) პისკოვეცის თანამემამულე გახლდათ, დანარჩენები კი საქართველოს ჩემპიონატის სხვადასხვა გუნდებში ასპარეზობდნენ: გიორგი იმედაძე, გიორგი გაბედავა, ვლადიმერ ჯოჯუა, ბექა შეყრილაძე, თემურ აფრიამაშვილი, ნიკოლოზ სტეფანიშვილი; გუნდში ჩაირიცხა ადგილობრივი საფეხბურთო სკოლის აღზრდილი გიორგი რეხვიაშვილი, თუმცა მთავარი შენაძენი მაინც მეკარე გიორგი ლომაია გახლდათ. იმ სეზონის ბოლომდე ''ოლიმპში'' კიდევ ერთი სამწვრთნელო გადაადგილება მოხდა: უკანასკნელი 8 ტურის განმავლობაში გუნდი მოედანზე ხვიჩა ქასრაშვილს გამოჰყავდა.


არის რეკორდი!
შესაძლოა, ბევრს ჰგონია, რომ ''ოლიმპში'' სარეკორდი რაოდენობის ცვლილებები გასულ ზაფხულს მოხდა, მაგრამ საიუბილეო, XX ჩემპიონატის წინ გუნდში რომ ფეხბურთელთა ''მიდი-მოდი'' იყო, მსგავსი შემთხვევა, სხვაგან, ალბათ, არსად მომხდარა. მოდი, ჯერ ის ფეხბურთელები ჩამოვთვალოთ, გუნდი რომ დატოვეს: სერგი ორბელაძე, მიხეილ მახვილაძე, ლევან სილაგაძე, რევაზ გეწაძე, გიორგი კახელიშვილი, დავით დევდარიანი, ნიკა მგელაძე, ვლადიმერ ჯოჯუა, ნიკოლოზ სტეფანიშვილი, ბექა შეყრილაძე, გელა ხუბუა, გიორგი გაბედავა, გიორგი რეხვიაშვილი, გიორგი ლომაია და ზემოთნახსენები ორი უკრაინელი ლეგიონერი.

არანაკლებ სოლიდური და შთამბეჭდავი იყო ახალწვეულთა სიაც: მირზა მერლანი, თემურ ღონღაძე, გიორგი სეთურიძე, ნოდარ მაჭავარიანი, აქვსენტი გილაური, ერნესტ აკუასაგა, გიორგი გაბიდაური, შოთა ბაბუნაშვილი, დენის დობროვოლსკი, გიორგი მეგრელაძე, გიორგი ფეიქრიშვილი, გიორგი დეკანოსიძე, გოგა ფიფია, გაგა ჩხეტიანი, კოკა მიკუჩაძე, თენგიზ ჩიკვილაძე, ზვიად სტურუა, კახა ალადაშვილი. თანაც, ამათგან, სულ მცირე, სამი-ოთხი ფეხბურთელი ''ოლიმპს'' ერთი ან... ნახევარწლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. ასეთი შემადგენლობიდან გამომდინარე, ''ოლიმპს'' ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტად მიიჩნეოდა, მაგრამ ოცამდე (!) ახალწვეულს ერთმანეთთან შესათამაშებლად დრო რომ სჭირდებოდა, ამას ბევრი მტკიცება არ სჭირდებოდა. მოკლედ, გუნდმა წარუმატებელი სტარტი აიღო და VI ტურიდან ''ოლიმპის'' მთავარ მწვრთნელად კვლავაც ვარლამ კილასონია დაინიშნა.

საბოლოო შედეგს კი ურიგო კი არა, წარმატებული უფრო ეთქმოდა: ''ოლიმპმა'' ჩემპიონატი III ადგილზე დაასრულა, ამასთან თასის ფინალშიც გავიდა, სადაც პენალტების სერიაში დამარცხდა. თუმცა, მანამდე ხომ ზამთრის მოსამზადებელი პერიოდი იყო და პირველად კლუბის ხანმოკლე ისტორიაში, ''ოლიმპში'' განსაკუთრებული ცვლილებები არ მომხდარა: გუნდიდან მხოლოდ 5 ფეხბურთელი (მირზა მერლანი, აქვსენტი გილაური, გიორგი ფეიქრიშვილი, კახა ალადაშვილი, კოკა მიკუჩაძე) წავიდა და სანაცვლოდ 6-7 ახალი სახე გამოჩნდა; თუმცა ამათგან სამი (მიხეილ ალავიძე, გიორგი რეხვიაშვილი, გელა ხუბუა) ''ოლიმპში'' მანამდეც თამაშობდნენ.


გაგრძელება იქნება
XXI ჩემპიონატის დაწყები სწინ ''ოლიმპში'' კვლავაც სერიოზულზე სერიოზული ცვლილებები მოხდა: პოლონურ ''ლეგიასთან'' წაგებას კილასონიას გათავისუფლება მოჰყვა. თუმც მანამდე ხომ ძირითადი შემადგენლობა, ფაქტობრივად, მთლიანად გამოიცვალა! სხვადახვა მიზეზის გამო ''ოლიმპის'' დატოვება მოუხდათ: გელა ხუბუას, გიორგი სეთურიძეს, გიორგი გაბიდაურს, გიორგი მეგრელაძეს, გიორგი ჭელიძეს, გიორგი დეკანოსიძეს, გოგა ფიფიას, გაგა ჩხეტიანს, თენგიზ ჩიკვილაძეს, გიორგი ონიანს, ზვიად სტურუას, თემურ ღონღაძეს;

სამაგიეროდ, ახალ მთავარ მწვრთნელს ოთარ კორღალიძეს გუნდში ერთი-მეორეზე გამოცდილი ახალწვეულები დახვდა: გრიგოლ ჭანტურია, სევასტი თოდუა, დავით იმედაშვილი, ოლეგ გველესიანი, ვალერი აბრამიძე, ზაზა ჭელიძე, დაჩი ფოფხაძე. აღარაფერს ვამბობთ იმ დროისათვის ფართოდ რეკლამირებულ ''ბრაზილიურ პროექტზე'': რუსთაველთა გუნდში ''ატლეტიკო პარანენსეს'' ხუთი ფეხბურთელი ჩაირიცხა! სამწუხაროდ, ამ ხუთეულიდან მხოლოდ ორი იყო ''ნაღდი ბრაზილიელი'' - აკინო და ფრაგა, რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით ჟონატასზე, ჟერონიმოსა და განსაკუთრებით, ჩოკოზე. ამ ხუთეულს მოგვიანებით კიდევ ერთი ბრაზილიელი მიემატა, მაგრამ სალესმაც ვერაფრით გამოიჩინა თავი და მეორე ეტაპზე გუნდში მხოლოდ ფრაგა და აკინო იყვნენ დარჩენილნი.

თუმცა, ჯერ კიდევ პირველ ეტაპზე ''ოლიმპში'' კვლავ შეიცვალა მთავარი მწვრთნელი - გუნდის გაძღოლა თემურ მახარაძეს ანდეს; ზამთარში კი, ''ოლიმპისათვის'' დამახასიათებელი სურათიც ვიხილეთ: ოთხი ბრაზილიელის გარდა, გუნდის დატოვება ათამდე ფეხბურთელს მოუხდა; თუმცა, შევსება ამ შემთხვევაშიც სოლიდური იყო: ზოგი დაუბრუნდა ''ოლიმპს'' (ღონღაძე, ჯიქია, მერლანი, ხუბუა), ზოგი პირველად ჩაირიცხა რუსთავის გუნდში (დავით გიგაური, პაატა დათუნაიშვილი, გიორგი ხიდაშელი); ცალკე უნდა აღვნიშნოთ ''ოლიმპის'' იმ დროინდელი ორი მართლაც ''ხმაურიანი'' ახალწვეული - გია კვარაცხელიამ და სანდრო იაშვილმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს რუსთავული გუნდის მეორე ტრიუმფში. აი, ნიგერიელი ელოხი რა დამსახურებით მოხვდა ''ოლიმპში'', ამას ალბათ, ვერავინ იტყვის.

გინახავთ სადმე, საჩემპიონო სეზონის შემადგენლობა ევროტურნირების დაწყების წინ თითქმის 80-90 პროცენტით შეცვლილიყოს? ''შორს წასვლას'' ნუ დაიწყებთ - მსგავსი რამ მხოლოდ და მხოლოდ, საქართველოში, კონკრეტულად კი რუსთავის ''ოლიმპში'' შეიძლება მოხდეს! აი, ისე, როგორც მიმდინარე სეზონის დაწყების წინ, როცა ჩემპიონი-გუნდის შემადგენლობიდან 17(!) ფეხბურთელი წავიდა! თუმცა, რუსთაველთა გუნდში მალე ''სამწვრთნელო კარუსელიც'' დატრიალდა: ჯერ თემურ მახარაძე გაათავისუფლეს, შემდეგ მისი შემცვლელი რამაზ მუმლაძეც და პირველი ეტაპის ბოლომდე დარჩენილ სამ ოფიციალურ მატჩში ''ოლიმპის'' თავკაცად უკვე ახალგაზრდა სპეციალისტი თორნიკე მაისურაძე მოგვევლინა. აი, ამის მერე რაც მოხდა, ამაზე უკვე ზემოთ ვისაუბრეთ, თუმცა, გვჯერა, რომ გაგრძელება იქნება.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"






.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ამ პერიოდში ვინც უცვლელი იყო -ესაა დავით კირკიტაძე.მასშია მე მგონი ამდენი "დაშლა-აწყობის" მიზეზი
david
22:40 22-01-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული