"დინამოს" სტანდარტული გამარჯვება

AutoSharing Option
თურქულ შეკრებაზე გამგზავრების წინ "დინამომ" მორიგი საკონტროლო მატჩი ჩაატარა და ისე, როგორც წინა ოთხ შეხვედრაში, შაბათსაც გამარჯვება მოიპოვა. კახა კაჭარავას გუნდმა ამჯერად პირველი ლიგის ერთ-ერთ ლიდერსა და საქართველოს თასის ნახევარფინალისტს, "გაგრას" აჯობა.

თუმცა მეტოქეთა შემადგენლობებს ოპტიმალური ნამდვილად არ ეთქმოდა: "დინამოს" შემადგენლობაში კვლავაც არ უასპარეზიათ გიორგი ლორიას, შოთა კაშიას და რობერტინიოს (გასინჯვაზე მყოფი მრავალრიცხოვანი უცხოელი ფეხბურთელების თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა უკან გააბრუნეს), ხოლო "გაგრას" წამყვან ფეხბურთელთა ჯგუფი (ნაკონეჩნი, ორდინსკი, ჯიშკარიანი, ოვონიკოკო, ტყეშელაშვილი, შარიქაძე, ხუციძე) აკლდა. ამის მიუხედავად, საფეხბურთო სკოლა "ავაზას" ხელოვნურსაფარიან მოედანზე
ჩატარებული სპარინგ-მატჩი საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა და სუსხიანი ამინდის მიუხედავად, გულშემატკივართა ინტერესიც გამოიწვია. ყოველ შემთხვევაში, "დინამოსა" და "გაგრას" საკონტროლო შეხვედრას იმაზე მეტი ქომაგი ესწრებოდა, ვიდრე თბილისსა ან რუსთავში ჩატარებულ რომელიმე ოფიციალურ მატჩს.

უცნაურია, მაგრამ ფაქტია: ამ სპარინგ-შეხვედრას გარკვეული "ინტრიგა" ახლდა! ალბათ, ბევრს ემახსოვრება, რომ 2010 წლის ბოლოს, საქართველოს თასის მეოთხედფინალში ანატოლი პისკოვეცის დამოძღვრილმა "გაგრამ" თავის ქომაგებს მართლაც რომ სასიამოვნო სიურპრიზი მიუძღვნა და ორი მატჩის ჯამში "დინამოს" აჯობა! თუმცა, იმის მერე "დინამოში" ბევრი რამე (გნებავთ, ვინმე) შეიცვალა და გუნდში დაბრუნებულ კახი კაჭარავასაც, ფაქტობრივად, ახალი კოლექტივის შექნა უწევს. ამ შემთხვევაში კი, უპირველეს ყოვლისა, სელექციას ვგულისხმობთ: თურქეთში გამგზავრებამდე ჩატარებულ ხუთ საკონტროლო მატჩში "დინამოს" შემადგენლობაში 30-მა ფეხბურთელმა ითამაშა, საიდანაც ნახევარზე მეტი პოტენციური ახალწვეული გახლდათ! თუმცა, როგორც ამ ბოლო დროს არის "წესად დამკვიდრებული", გასინჯვაზე მყოფი ზოგიერთი უცხოელი ფეხბურთელის შესაძლებლობებში დასარწმუნებლად ერთი ტაიმიც საკმარისი ხდებოდა;

მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, მხოლოდ იმას ვიტყვით, რომ 16 პოტენციური ახალწვეულიდან "დინამოში" კარიერას მხოლოდ 5 გააგრძელებს: თორნიკე ზარქუა (მეკარე), გიორგი ციმაკურიძე, მარკო მაროვიჩი (მცველები), ნიკა კვეკვესკირი (ნახევარმცველი), დიმიტრი ტატანაშვილი (თავდამსხმელი). არადა, "ლელოს" მკითხველს ემახსოვრება, სულ ახლახან საკუთარ თავს როგორ რეკლამას უკეთებდა "დინამოს" ზოგიერთი პოტენციური ახალწვეული: ერთმა - "ლივერპულში" ვთამაშობდიო, მეორემ - ახალი ზელანდიის ნაკრებშიო, მესამემ - "ლაციოს" გაზრდილი ვარო და ასე შემდეგ.

თუმცა, ეს სხვა სასაუბრო თემაა და ამ პერიოდისათვის დამახასიათებელ "სატრანსფერო ზღაპრებს" აუცილებლად დავუბრუნდებით: ბოლოს და ბოლოს, უკვე საკმარისზე მეტი დრო გავიდა, ჩვენი ტრადიციული რუბრიკა-სერიალი ("სიცრუის დეტექტორი") მკითხველისათვის რომ არ შეგვითავაზებია. მით უფრო, რომ მხოლოდ უცხოელებს არ უყვართ "ზღაპრის გუდასთვის" პირის მოხსნა, - მშვიდად იყავით, ჩვენი თანამემამულეებიც არაფერში ჩამორჩებიან და ვიდრე ზამთრის "სატრანსფერო ფანჯარა" დაიხურება, იმისთანა ზღაპრებს უნდა ველოდოთ, თქვენი მოწონებული...

სჯობს, ისევ "დინამო"-"გაგრას" საკონტროლო მატჩს დავუბრუნდეთ, რომლის მონაწილეებიც ისეთი მონდომებით ასპარეზობდნენ, ძვალში და რბილში გამტარი სიცივე საერთოდ რომ არ შეაწუხებდათ; რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით ორივე კლუბის წარმომადგენლებზე, გულშემატკივრებზე, ამ სტრიქონების ავტორსა და "ლელოს" ფოტოკორესპონდენტ ალექსანდრე კოტორაშვილზე - "ნაღდი" ზამთარი, ალბათ, ახლა იწყება...

პირველი ტაიმის საწყისი წუთები "დინამოს" აშკარა უპირატესობით წარიმართა და "გაგრას" კარში "გოლების წვიმაც" უნდა გვენახა, რომ არა ლადო ნადირაშვილის ჩინებული თამაში.

"გაგრას" მეკარემ პირველ ტაიმში, სულ მცირე, ოთხ-ხუთ ეპიზოდში საკუთარი გუნდი აშკარად ხიფათს გადაარჩინა, როცა ირაკლი ბერაიას, ნიკა ფირცხალავასა და გიორგი კახელიშვილის დარტყმები მოიგერია. დინამოელთა შორის განსაკუთრებით კახელიშვილი აქტიურობდა - ფლანგებიდანაც ხშირად ამწვავებდა თამაშს და ორჯერ თავური დარტყმითაც სცადა გოლის გატანა, მაგრამ ნადირაშვილმა ორივეჯერ ჩინებული რეაქცია გამოავლინა. თუმცა, პირველ ტაიმში გოლი მაინც ვიხილეთ: კახელიშვილის მორიგ აქტიურობას "გაგრას" მცველებმა მხოლოდ ის დაუპირისპირეს, რომ საკუთარ საჯარიმოში წესების დარღვევით შეაჩერეს. ფიფას არბიტრის, ლაშა სილაგავას გადაწყვეტილება საკამათო არავისთვის ყოფილა: "გაგრას" კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც "დინამოს" ახალწვეულმა დიმიტრი ტატანაშვილმა ზუსტად შეასრულა.

ისე, "გაგრას" შედარებით ინერტული თამაში, ასე ვთქვათ, გასაგებიც იყო: ჩემპიონატში პაუზის შემდეგ გუნდი, ფაქტობრივად, პირველ მატჩს ატარებდა, თანაც ანატოლი პისკოვეცმა ძირითად შემადგენლობაში ერთდროულად ექვს ახალწვეულს მისცა თავის გამოჩენის საშუალება. ალბათ, ამის გამოც იყო, რომ პირველ ტაიმში "გაგრას" ფეხბურთელებმა მხოლოდ ერთხელ დაარტყეს მეტოქის კარში: ფოთის "კოლხეთის" აწ უკვე ყოფილმა ლიდერმა დათა სიჭინავამ შორი მანძილიდან "მოსინჯა" დინამოელთა ახალგაზრდა მეკარის, თორნიკე ზარქუას საიმედოობა.

შესვენების შემდეგ "დინამოს" შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება მოხდა და ასე გაგრძელდა მატჩის ბოლომდეც; თუმცა, მეორე ტაიმის დასაწყისში "გაგრამ", ფაქტობრივად, ერთადერთი შანსი მაქსიმალურად გამოიყენა და გუნდის მეორე ახალწვეულმა, ფოთის "კოლხეთის" ყოფილმა ფორვარდმა დავით ციცხვაიამ "სტანდარტული" ზუსტად გამოიყენა.

საყაიმო ანგარიში დიდხანს არ შენარჩუნებულა: დიმიტრი ტატანაშვილმა მართლაც ეფექტური საჯარიმო დარტყმით "დინამო" წინ გაიყვანა! აღსანიშნავია, რომ ტატანაშვილი უცბად გაერკვა სიტუაციაში: მეტოქის მეკარეს "სტანდარტულის" დროს პოზიცია არასწორად ეკავა, ჰოდა "მოჭრილი" დარტყმით ბურთი "ცოცხალ კედელს" შემოატარა და დაუცველ დაბალ კუთხეში ზუსტად გაგზავნა. ისე, ცნობისათვის: ტატანაშვილიც და ნადირაშვილიც არცთუ ისე დიდი ხნის წინათ თბილისის "ამერში" ერთად თამაშობდნენ.

მატჩის ბოლომდე ანგარიში აღარ შეცვლილა, არადა, "დინამოს", სულ მცირე, ორი ჩინებული მომენტი ჰქონდა: ნიკა კვეკვესკირის დარტყმის შემდეგ ბურთი "გაგრას" კარის ხარიხას მოხვდა, გიორგი თექთურმანიძეს კი ისევ და ისევ ნადირაშვილმა არ დაანება გოლის გატანა. 2:1. აი, ასე დასრულდა ეს საინტერესო სპარინგ მატჩი, სადაც სამივე გოლი "სტანდარტულებიდან" გავიდა.

"დინამო": ზარქუა (55 ნადირაძე)-კაკუბავა (46. ციმაკურიძე), გ. კვარაცხელია, თომაშვილი, მაროვიჩი (75. ოთარაშვილი)-კვეკვესკირი, ფირცხალავა (70. ედნილსონი)-ი. ბერაია (46. ლეკვთაძე), კოშკაძე (46. თექთურმანიძე), კახელიშვილი (80. ქანთარია)-ტატანაშვილი (80. სიხარულიძე).

"გაგრა": ნადირაშვილი-ჯანაშია, დ. გიგაური, გაბუნია, გედენიძე-ზ. ჩხეტიანი, ჭკუასელი, ბ. ყიფიანი, სიჭინავა (46. კობერიძე)-ციცხვაია, გრძელიძე (46. შ. კვანტალიანი).

გუშინ საღამოს "დინამო" თურქულ შეკრებაზე გაემგზავრა; კახა კაჭარავამ ანთალიაში 22 ფეხბურთელი წაიყვანა:

მეკარეები: გიორგი ლორია, თორნიკე ზარქუა;
მცველები: ლევან კაკუბავა, გულვერდ თომაშვილი, გია კვარაცხელია, მარკო მაროვიჩი, გიორგი ციმაკურიძე, გიორგი გველესიანი, გიორგი ოთარაშვილი;
ნახევარმცველები: ალექსანდრე კოშკაძე, შოთა კაშია, გიორგი კახელიშვილი, ნიკა ფირცხალავა, ედნილსონი, ნიკა კვეკვესკირი, გიორგი თექთურმანიძე, ირაკლი ლეკვთაძე, ჯაბა ჯიღაური;
თავდამსხმელები:
დიმიტრი ტატანაშვილი, რობერტინიო, ზვიად ქანთარია, ირაკლი სიხარულიძე.

ამასთან, თურქეთში ყოფნის დროს კვლავაც გაგრძელდება სელექციის პროცესი და "დინამოში" რამდენიმე უცხოელ ფეხბურთელსაც გასინჯავენ: "დინამო" თურქეთში 4 თებერვლამდე დარჩება და მანამდე ხუთ საკონტროლო მატჩს ჩაატარებს: ნალჩიკის "სპარტაკთან" (26 იანვარი), "სევასტოპოლთან" (28 იანვარი), ლუცკის "ვოლინთან" (30 იანვარი), ხორვატულ "ოსიეკთან" (1 თებერვალი), ლუგანსკის "ზარიასთან" (3 თებერვალი).


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"







.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული