13:43 14-09-2015
საბურთალო-სამტრედია 3:2 - რა აღარ ვნახეთ!.. [VIDEO]
AutoSharing Option
აღარაფერს ვამბობთ ორივე კართან შექმნილ მართლაც უამრავ სახიფათო მომენტზე: ისედაც უხვგოლიან შეხვედრაში, სულ მცირე, 4-5 გოლი კიდევ რომ გასულიყო, გასაკვირი ნამდვილად არავისთვის არ უნდა ყოფილიყო. ანუ, ის შემთხვევაა, როცა გამარჯვებულიც და დამარცხებულიც ქებას იმსახურებდა ჯიგრიანი თამაშისათვის!
ორივე მწვრთნელმა, გიორგი ჭიაბრიშვილმაც ("საბურთალო") და გია ცეცაძემაც ("სამტრედია"), შემტევი ტაქტიკა აირჩია, თუმცა, მასპინძელთა ძირითადი შემადგენლობა "ნამეტნავად" შეტევაზე ორიენტირებული იყო: გამოკვეთილი ცენტრფორვარდის, ჯაბა დვალის უკან მამუკა ფანცულაია (მარჯვნიდან), ნიკა საბანაძე (მარცხნიდან), გიორგი ხარაიშვილი და გურამ გოშთელიანი მოქმედებდნენ.
მატჩი თავიდანვე სწრაფ ტემპში დაიწყო და სწრაფი გოლიც ვიხილეთ: საკუთარი საჯარიმოდან შეტევა ლაშა თოთაძემ წამოიწყო, რასაც ჯაბა დვალის ჩინებული გაგრძელება მოჰყვა და ეს ეფექტური კომბინაცია კი "საბურთალოს" ახალგაზრდა კაპიტანმა გიორგი ხარაიშვილმა ოსტატურად დააგვირგვინა, როცა მეტოქის მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო.
მასპინძლები გოლის მერეც არ გაჩერებულან და სულ მალე ჯაბა დვალი თავით, ვარდნაში ცდილობდა გოლის გატანას.
არანაკლებ სახიფათო გამოდგა სტუმართა საპასუხო იერიშიც, როცა ბუდუ ზივზივაძეს თავისუფლად შეეძლო ანგარიშის გაქვითვა. შემდეგ ისევ მასპინძლები გააქტიურდნენ და მათი მარჯვენა მცველის ნოდარ იაშვილის სახიფათო გამჭოლი გადაცემების შემდეგ გოლის გატანის შანსი დვალსა და საბანაძეს ჰქონდათ.
მერე, თოთაძის "საფირმო" საჯარიმო დარტყმაც ვნახეთ, გაბრიელ თებიძე რომ გაუმკლავდა. სტუმართა მეკარემ იმ ეპიზოდშიც იყოჩაღა, საბანაძე ახლო მანძილიდან რომ ურტყამდა, მაგრამ დამატებაზე ყველას მასპინძელთა ცენტრალურმა მცველმა გაგი მარგველაშვილმა აჯობა და ახლო მანძილიდან გოლიც გაიტანა.
ტაიმის ბოლომდე დიდი დრო არ იყო დარჩენილი, მაგრამ "სამტრედიამ" მაინც მოახერხა და ორი სახიფათო მომენტიც შექმნა, თუმცა, მასპინძელთა 18 წლის მეკარემ ბექა ქურდაძემ ჯერ დავით რაჟამაშვილის დარტყმა მოიგერია, მერე კი სტუმართა საუკეთესო გოლიადორის ირაკლი სიხარულიძის შორეული გასროლა!
დაძაბული და საინტერესო პირველი ტაიმი ხომ ვნახეთ, თურმე, წინ ბევრად უფრო საინტერესო 45 წუთი გველოდა! სტუმრებს მაშინვე შეეძლოთ ერთი ბურთის გაქვითვა, მაგრამ ბუდუ ზივზივაძემ ჩინებული შანსი ვერ გამოიყენა.
აქვე, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ერთობ ეფექტიანი აღმოჩნდა სტუმართა თავკაცის მიერ განხორციელებული შეცვლა: თეიმურაზ მარკოზაშვილი თამაშში აქტიურად ჩაერთო, დაჩი ცნობილაძემ კი ცენტრალური მცველის პოზიციაზე გადაინაცვლა და ერთ-ერთი გამორჩეულიც გახლდათ მოედანზე.
სწორედ ცნობილაძის ზუსტმა თავურმა დარტყმამ დაუბრუნა მატჩს ინტრიგა, მით უფრო, რომ "სამტრედია" ერთობ მოტივირებული გამოიყურებოდა შესვენების შემდეგ და ამას ისიც დაემარტა, რომ ტრავმის შემდეგ მატჩის გაგრძელება ვეღარ შეძლო ბექა ქურდაძემ და მის ნაცვლად კარში ლუკა სანიკიძე ჩადგა.
ჰოდა, 16 წლის დებიუტანტი მართლაც მშვენივრად ჩაერთო თამაშში და მისი დიდი დამსახურებაც არის, "სამტრედიამ" ჩემპიონატში პირველი მარცხი რომ იწვნია. არადა, სტუმრები ძალიან გააქტიურდნენ და სწორედ ამ დროს, სათამაშო ეპიზოდში დაჯარიმებულმა დავით მთივლიშვილმა ჯარიმა და ყვითელი ბარათი "ზომაზე მეტად ემოციურად" გააპროტესტა და გაძევებაც დაიმსახურა.
თანაც, ამ დროისთვის მასპინძლები ხომ კვლავაც ორბურთიანი უპირატესობით იგებდნენ: შეცდომა ყველას მოსდის და კურიოზული გოლებიც ხშირად გვინახავს და სწორედ ასეთი კურიოზული გოლი ვნახეთ შაბათს! მთელი თამაშის განმავლობაში ჩინებულად იდგა კარში გაბრიელ თებიძე, მაგრამ იმ ეპიზოდში, როცა აუტის ხაზთან გურამ გოშთელიანი ეფექტური ფინტით(!) ჩამოიშორა, საკუთარ საჯარიმოში მყოფი პარტნიორისთვის ბურთის გადაცემა მოინდომა და... ცარიელ კარში შეაგორა...
10-კაციანი "სამტრედია" მაინც არ ნებდებოდა და სიხარულიძის პასის შემდეგ ზივზივაძე აღმოჩნდა ჩინებულ პოზიციაზე, მაგრამ ლუკა სანიკიძემ არანაკლებ ჩინებულად ითამაშა. ამასობაში, მასპინძლებმა განახორციელეს სწრაფი კონტრშეტევა, რომელიც გრიგოლ ჩაბრაძის ეფექტურ ფლანგურ გარღვევას მოჰყვა, მაგრამ გოშთელიანის "მოჭრილი" დარტყმა თებიძემ მოიგერია.
მატჩის ბოლო წუთები დრამატული გამოდგა: სტუმართა მორიგ "სტანდარტულს" ბიძინა ცინცაძის ზუსტი თავური დარტყმა მოჰყვა და ანგარიშიც მინიმუმამდე შემცირდა.
არბიტრის მიერ დამატებულ დროში კი სტუმრებს ქულ(ებ)ის გადარჩენის 2 ჩინებული შანსიც მიეცათ, მაგრამ ირაკლი სიხარულიძისა და დავით ჯიქიას ერთობ სახიფათო დარტყმებს 16 წლის ლუკა სანიკიძის თავგანწირული თამაში მოჰყვა და მასპინძლებმაც ურთულესი მატჩი მოიგეს...
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. IV ტური
12.09. თბილისი. ბენდელა. 1 500 მაყურებელი
საბურთალო-სამტრედია 3:2
გოლები: 1:0 ხარაიშვილი (7. დვალის პასით), 2:0 მარგველაშვილი (39), 2:1 ცნობილაძე (57. მარკოზაშვილის პასით), 3:1 თებიძე (70-საკ. კარში), 3:2 ცინცაძე (90. რაჟამაშვილის პასით)
საბურთალო (4-1-4-1): ბ. ქურდაძე (60. სანიკიძე) - ნ. იაშვილი, მარგველაშვილი, თოთაძე, ჩაბრაძე - ალთუნაშვილი - ფანცულაია (57. მამუჩაშვილი), გოშთელიანი, ხარაიშვილი, საბანაძე - დვალი (57. კოხრეიძე).
სათადარიგოები: ნადარაია, ბიძინაშვილი, სოფრომაძე, გვარაძე.
მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი
სამტრედია (4-2-3-1): თებიძე - მთივლიშვილი, სანდოხაძე (46. მარკოზაშვილი), ბ. ცინცაძე, შერგელაშვილი (70. დ. ჯიქია) - დათუნაიშვილი, ცნობილაძე - რაჟამაშვილი, ენდელაძე, ზივზივაძე - სიხარულიძე.
სათადარიგოები: გოგიაშვილი, ახალაძე, იოსელიანი, მჭედლიძე, მეშველიანი.
მწვრთნელი: გია ცეცაძე.
გაფრთხილება: დათუნაიშვილი (22), დვალი (24), ალთუნაშვილი (27), ცნობილაძე (33), სანიკიძე (67), მთივლიშვილი (74), ენდელაძე (76), მარგველაშვილი (90).
გაძევება: მთივლიშვილი (74. სამტრედია).
არბიტრი: ჯ. ხორავა
ბომბარდირები
გ. ბერიაშვილი (დინამო ბთ) 5
ი. სიხარულიძე (სამტრედია) 4
ჯ. ჯიღაური (დინამო თბ) 4
ო. მარცვალაძე (დილა) 4
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 4
15-16 სექტემბერი
დ. ყიფიანის სახ. თასი. 1/8 ფინალი. I მატჩები
V ტური
20 სექტემბერი, კვირა
სიონი-ლოკომოტივი
შუქურა-საპოვნელა
ტორპედო-კოლხეთი
ცხინვალი-დინამო (ბთ)
ჩიხურა-დილა
დინამო (თბ)-ზუგდიდი
სამტრედია-მერანი
გურია-საბურთალო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული