"ამიტომაა, ევროპაში ამ გაცდენილ ტაიმს ცხვირში ძმრად რომ გვადენენ..."

AutoSharing Option
ვინ გახდება სფფ-ს პრეზიდენტი, დააფინანსებს თუ არა სახელმწიფო ფეხბურთს და ასე შემდეგ... ახლა ეს თემებია აქტუალური, სხვა მნიშვნელოვანი საკითხები კი იჩრდილება. საქმე პროფესიული ფეხბურთის ლიგის აღდგენას ეხება.

დღეს ბევრი ფიქრობს, რომ ქართული ფეხბურთი ისე დაეცა, მას ვერაფერი უშველის. მაგრამ პროფლიგის იდეის გამოცოცხლების ერთ-ერთი ინიციატორი საჩხერის "ჩიხურას" დირექტორი ბერიკა შუკაკიძე დარწმუნებულია, რომ ეს შესაძლებელია...

მასობრიობა მეორე ლიგაში!
- მიმაჩნია და მჯერა, რომ ქართული ფეხბურთის აღორძინება პროფლიგით დაიწყება. სტადიონზე მაყურებელი რომ არ დადის, კონკურენტუნარიანი გარემო და შემოსავლები არ არის, ეს ლიგის არარსებობის შედეგია...

ფეხბურთის ფედერაციამ საშეჯიბრო ფუნქცია პროფლიგას უნდა გადასცეს, რომელიც პიარს, ფინანსებს, გაშუქებას დამოუკიდებლად უკეთ მიხედავს. საარჩევნო პროგრამიდან არველაძის ნათქვამი მომეწონა, ლიგა ფედერაციას უნდა გაემიჯნოს, მაგრამ ტექნიკური დახმარება გაუწიოს და უეფა-ფიფადან თანხები მოიზიდოსო...

კლუბების ორგანიზებული გაერთიანების წამოყენებული მოთხოვნებიც უფრო სოლიდური და დამაჯერებელი იქნება. ვითარების გამოსწორება რამდენიმე საკითხის მოგვარებითაა შესაძლებელი: ლიგაში გაერთიანებული კლუბები ცუდი მსაჯობისგან მაქსიმალურად დაცულები ვიქნებით. ცხადია, მიკერძოება სრულად ვერ მოისპობა, მაგრამ დღევანდელზე მეტად გამოირიცხება...

ასეთი კითხვაც დაისმება - დღეს ჩვენი ლიგის მატჩების ჩვენების უფლებას რომელი ტელევიზია იყიდის, როცა თამაშებზე 1000 კაციც იშვიათად დადის, ბიზნესი არ ინტერესდება, დონე დაცემულია და ფეხბურთელები გაქცევაზე არიან...

უმაღლესში გუნდების რაოდენობის 10-მდე შემცირება კონკურენციას გაზრდის, შედეგად კი - ხარისხსაც. ფეხბურთის მასობრიობისთვის კი მეორე და პირველი ლიგაა. უგუნდოდ რამდენი ქალაქია? გუნდები იქ დავაფინანსოთ, გაცილებით მეტ ფეხბურთელს დავასაქმებთ და ფეხბურთიც უფრო მასობრივი გახდება. რაც მთავარია, 10-გუნდიან ჩემპიონატში ფეხბურთელის გაზრდის გაცილებით მეტია შანსია, ვიდრე 16-იანში...

მეორე - ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება სტადიონზე მეტ ადამიანს მიიზიდავს, რადგან კომფორტული გარემო მაყურებლის ზრდასთან პირდაპირ კავშირშია...

სახელმწიფომ ინფრასტრუქტურა უნდა ააშენოს და ხანგრძლივი სარგებლობით კლუბს გადასცეს, კომუნალური გადასახადებისგან კი გაათავისუფლოს. ბიზნესმენი მხოლოდ ასეთ შემთხვევაში დაინტერესდება...

ბიზნესპროექტი
- ჩვენი ფეხბურთი რომ კარგად შევფუთოთ, ჯერ საქმე შესაფუთად უნდა გვქონდეს. ამ იდეის განსახორციელებლად, ბიზნესპროექტი უნდა დავწეროთ. ფინანსისტები, პიარისა და მარკეტინგის სპეციალისტები ჩამოაყალიბებენ, რომელ დღეს და საათს უნდა ვითამაშოთ...

ლიგამ უნდა იყიდოს სამი-ოთხი მოძრავი სატელევიზიო სადგური, უზრუნველყოს მატჩების ტელერეპორატაჟები და LIVE-სტუდიაში რამდენიმე ქალაქიდან ჩართვები, რაც ინტერესს აუცილებლად გაზრდის. ამას გარდა, ტურები საღამოს, ხელოვნურ განათებაზე უნდა გაიმართოს, თანაც ისეთ დღეს, როცა ევროპაში მატჩები თითქმის არ ტარდება...

პრაიმტაიმზე მაყურებელი მოვა, განსაკუთრებით რაიონებში, რადგან განათებაზე თამაში მიმზიდველია. ცხადია, ჯერ მაყურებლის შემოსავალზე დაიმედება არარეალურია. ამიტომ, ლიგას უნდა ჰყავდეს გენერალური სპონსორი და რამდენიმე ტიტულიანი სპონსორი, სატელევიზიო უფლებები კი რომელიმე ტელეკომპანიას მიჰყიდოს...

საავტორო უფლების გაყიდვაც შესაძლებელია. ჩინეთში ფეხბურთი ძალიან დაბალ დონეზე იყო, მაგრამ მერე "კოკა-კოლას" ჩემპიონატი ჩაატარეს, ფული ჩადეს და დღეს აზიაში ერთ-ერთი უმდიდრესი ლიგაა. შემოსავალი ისე გვიჭირს, ჩემპიონატის სახელის გაყიდვაც დასაშვებად მიმაჩნია.

თემაა მატჩების დროს საკვების, მინერალური წყლებისა და გამაგრილებელი სასმელების გაყიდვა. დღეს სტადიონებზე კარგი მომსახურება არ არის. შესაძლებელია, ეს უფლება რომელიმე კომპანიას მივყიდოთ - ესეც შემოსავალი იქნება. დღეს ამაზე ბიზნესგათვლა ვერ გაკეთდება, მაგრამ ნელ-ნელა დასაშვებად მიმაჩნია.

რატომ 10-გუნდიანი?
- დღეს ჩვენ ლოგიკას ვეწინააღმდეგებით. ჩვენზე გაცილებით მდიდარ ავსტრიას, შვეიცარიას, დანიას, აზერბაიჯანსა და ყაზახეთს არ აქვთ 16-გუნდიანი ჩემპიონატი. გაცილებით ნაკლები ფინანსებით მათზე უკეთესი ლიგის გაკეთების იმედი რატომ გვაქვს, ასე ხომ ხარისხი საგრძნობლად იკლებს?..

ევროთასებზე საქართველოს გუნდები ყველაზე უკეთ 10 და 12-გუნდიანი ჩემპიონატების შემდეგ გამოვიდნენ. 16-გუნდიანი კი ცუდი იმითაა, რომ ხშირად ლიდერები შეხვედრებს იოლად იგებენ. გამონაკლისებიც გვახსოვს, მაგრამ ეს კანონზომიერებას ვერ შეცვლის. რეალურად, ლიდერები თამაშებს ერთ ტაიმში იგებენ და დარჩენილ დროში სირბილის მოტივაცია აღარ აქვთ...

ამიტომაა, ევროპაში ამ გაცდენილ ტაიმს ცხვირში ძმრად რომ გვადენენ. არადა, ევროპაზე უნდა მოხდეს ქართული ფეხბურთის პოპულარიზაცია და ხალხის მიზიდვა. ასეც მოხდა და "დილამ" და "ჩიხურამ" "მიხეილ მესხი" შეავსეს. მერე ხალხი ჩემპიონატზეც ინერციით დადიოდა. მაგრამ წარმატება ვერ განვავითარეთ და ხალხი ისევ დაგვშორდა...

10-გუნდიანი ჩემპიონატი ლიგაში საუკეთესო ფეხბურთელების შეკრების გარანტი იქნება. ფეხბურთელები მეტ დაძაბულ შეხვედრას გამართავენ. ბიზნესის ანაბანა კი ფეხბურთშიც ვრცელდება -კონკურენცია ხარისხსაც გაზრდის. ეს შეეხებათ მოთამაშეებს, გუნდებსა და ჩემპიონატის დონეს. დაძაბული ტურნირი კი მაყურებელში ინტერესს აუცილებლად გაზრდის.

ასეთი ჩემპიონატის შემდეგ გუნდები და ფეხბურთელები ევროთასებს გაცილებით მომზადებულები შეხვდებიან. წარმატებული გუნდებითა და მოთამაშეებით კი უცხოელებიც დაინტერესდებიან. "ბურსადან" დღემდე გვეხმიანებიან, საინტერესო მოთამაშეები ხომ არ გვყავთო?..

სახელმწიფო პროგრამის საფუძვლები
- საქართველოში ფეხბურთზე სერიოზული კვლევა არც ჩატარებულა. ეს იგივეა, ექიმმა პაციენტს დიაგნოზის გარეშე უმკურნალოს. ამიტომ ჯერ კვლევა უნდა ჩავატაროთ. აუცილებელია, ვიცოდეთ, რა ტიპის ხალხი ვართ, რა სტილი შეგვეფერება. გამოვიკვლიოთ მარკეტინგული საკითხები, რა მდგომარეობაშია ბავშვთა ფეხბურთი, ინფრასტრუქტურა, ეროვნული ჩემპიონატი, რამდენად მასობრივი და პოპულარულია ფეხბურთი..
.
მერე დავსვათ დიაგნოზი და სახელმწიფო პროგრამა მასზე დაყრდნობით შევიმუშავოთ.

საერთოდ, ფეხბურთი ეროვნული იდენტობის ერთ-ერთი გამომხატველია. ეს ბიძგი ჩვენს ერსაც სჭირდება, ქვეყანა ფეხბურთით რომ წარმოვაჩინოთ. მისი მნიშვნელობა პოლიტიკოსებსაც ესმით - ერთი მოგების შემდეგ ერი ისეთი ბედნიერია, თითქოს, ომი მოგვეგოს...
საფეხბურთო სამყარომ ეს მომენტი უნდა გამოვიყენოთ და პოლიტიკოსებს ფეხბურთის დაფინანსების გადაწყვეტილება მივაღებინოთ. საკითხის გადაწყვეტაში კი პოლიტიკური ელიტაც უნდა ჩაერიოს...

მიმაჩნია, რომ ბიზნესმენი ფეხბურთში ფულის ჩადებას რომ გარისკავს, მათ კაპრიზებსაც ანგარიში უნდა გავუწიოთ. 7 კერძო კლუბიც რომ შეგროვდეს, მერე სხვებიც დაინტერესდებიან - საქართველოში ეს მენტალიტეტი მუშაობს.

დარწმუნებული ვარ, თუ პროფლიგის პროექტი განხორციელდება, 5 წელიწადში ჩვენი ფეხბურთის გამოცოცხლება და თვითკმარი ლიგის არსებობა შესაძლებელი იქნება...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
კარგი ანალიზია.იმედია აიყოლიებ ყველას,ვისაცეს ეხება.
beqa
17:15 15-09-2015
0
ახლახან თბილისში ჩატარებული სუპერთასის მატჩის შემდეგ საქართველოში სტდიონზე ხალხი,როგორ უნდა მივიდეს მე პირადად არ მესმის,აბა ერთმა ჟურნალისტმა მაინც თუ დაწერა რამე ამ ფენომენზე,რომელსაც სუპერ თასი ჰქვია,აბა ახლა გონებაში გადახარშეთ ჩემპიონთა ლიგის ფინალი რა განცდას მოახდენს ჩვენს სულებში,დღეს უკვე ჩემპიონთა ლიგა იწყება,ამის ყურების შემდეგ ხალხს,როგორ უნდა უსაყვერურო სტადიონზე რატომ არ დადიხარო,საკვირველია პირდაპირ,ერთ რჩევას მოგცემთ,თუ გინდათ ხალმა სატადიონზე იაროს,მოიქეცით ისე,როგორც ჩრდილო კორეაში იქცევიან:დაახშვეთ ყველა სიგნალი,რაც საქართველოში შემოდის და ხალხი იზულებული იქნება თუ მოენატრება ქართული ფეხბურთი მოვიდეს სტადიონზე,მაგრამ კითხვა ისმის მაინც,მოენატრება კი ქართული ფეხბურთი ვინმეს,გუწრფელად გეტყვით ამასაც,რაღაც ძAლიან მეეჭვება.
roma
17:55 15-09-2015
0

სიახლეები პოპულარული