ვარლამ კილასონიას გაწვრთნილ გუნდს მიმდინარე ჩემპიონატში მეოთხე ადგილი უჭირავს. "სიონი" არ განიცდის ფსიქოლოგიურ წნეხს. არ აქვს მიზნად გინდა თუ არა ევროთასებზე გასვლა. დანარჩენი კი დრომ უნდა გამოაჩინოს - როგორც იტყვიან, მადა ჭამაში მოდის.
ვასილ მაისურაძის დამოძღვრილი "ლოკომოტივი" კი ხვალინდელი დღის გუნდია.
ახლა თავად მატჩზე. ორივე გუნდისთვის შედეგს დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა ჰქონდა. ამიტომ, მწვრთნელებმა შედარებით ფრთხილი სათამაშო სქემა აირჩიეს, ერთი გამოკვეთილი ფორვარდით.
საქართველოს ჩემპიონატის კვალობაზე შეხვედრა მართლაც დაძაბული და თვალსასეირო გამოვიდა. ეგაა, დიდი ჯაფა დაადგა არბიტრ დავით ხარიტონაშვილს და ნამატჩევს ისე ჩანდა, "ლოკომოტივი" არცთუ მთლად კმაყოფილი იყო მისი გარჯით.
აქვე ვთქვათ, რომ კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა "სიონის" ვეტერანმა კარის დარაჯმა მირზა მერლანმა. წინა სეზონი, რბილად რომ ვთქვათ, არცთუ საუკეთესო იყო მისთვის. როგორც ჩანს, მას მეორე სუნთქვა გაეხსნა - სამი "მკვდარი" ბურთი მოიგერია...
"სიონმა" ეს შეხვედრა დამსახურებულად მოიგო, თუმცა მერლანის დიდებულმა თამაშმა სხვა ფეხბურთელების გარჯა მნიშვნელოვნად გააუფერულა.
პირველი წუთიდანვე მინდორზე ხისტი ბრძოლა გაჩაღდა. სახიფათო მომენტები გაცვალეს ლექსო ბენაშვილმა და დიმიტრი ტატანაშვილმა. მალევე, "ლოკომოტივის" ნახევარმცველმა ლაშა ქიქავამ დასცხო გადმოვარდნილ ბურთს - მერლანი საიმედო იყო.
მე-40 წუთზე "ლოკომოტივი" ახლოს იყო გოლთან - ზვიად ქანთარიამ ძლიერად დაარტყა. მერლანმა, ვისაც ძელიც წაეშველა, სასწაული რეაქციით შეძლო თავისიანების გადარჩენა.
ისიც ვთქვათ, რომ მთელი მატჩის განმავლობაში ძალიან ცხელოდა და ფეხბურთელებს იძულებითი პაუზის აღება უწევდათ, რათა ოდნავ მაინც აღედგინათ დახარჯული ენერგია. უნდა ითქვას, რომ პირველ ტაიმში სტუმარი გუნდი უფრო გააზრებულად თამაშობდა. ამას დაემატა ისიც, რომ თამაში არ წაუვიდათ "სიონის" ლიდერებს...
როგორც ჩანს, კილასონიამ შესვენებაზე ნაყოფიერად დაარიგა შეგირდები. მეორე ტაიმი ბოლნისელებმა გაცილებით უკეთ ჩაატარეს, საგოლე მომენტებიც მეტი შექმნეს.
47-ე წუთზე კობა შალამბერიძის უძლიერესი დარტყმა ძელს მოხვდა. ორი წუთის შემდეგ "სიონის" "ტვინმა", ალეკო გოგობერიშვილმა ჩააწოდა საჯარიმოში და კაპიტან დავით სვანიძეს თავური აუცდა. კარგი შანსები გაფლანგეს ცენტრალურმა მცველმა ზურაბ ჯაფიაშვილმა, ვისაც პოტენციალი აშკარად ეტყობა, და ლუკა რაზმაძემ.
ერთწუთიან ინტერვალში ბოლნისელი ქომაგები ორჯერ შემოსწყრნენ ხარიტონაშვილს, ვინც თამაშგარეები დააფიქსირა. ტრიბუნიდან ისე ჩანდა, რომ მეორე შემთხვევაში თამაშგარე იყო...
"სიონმა" გოლი მოამწიფა და გაიტანა კიდეც. 62-ე წუთი მიდიოდა, როცა ჩაწოდების შემდეგ "ლოკომოტივის" მეკარე ბაჩო მიქავამ ბურთი ვერ დააფიქსირა. გატანა ტატანაშვილმა სცადა, თუმცა საგოლე დარტყმა შეტევაში ჩართულმა ცენტრალურმა მცველმა დავით სვანიძემ შეასრულა - 1:0.
67-ე წუთზე "ლოკომოტივს" გათანაბრების შანსი ჰქონდა. ქანთარიას მერლანმა ისეთი ბურთი აუღო, აუღებელთა კატეგორიას რომ განეკუთვნებოდა. სულ ცოტა ხანში მირზამ კიდევ ერთ აშკარა გოლს გადაარჩინა "სიონი"...
დარჩენილ დროში "სიონს" კიდევ ჰქონდა სამი საგოლე მომენტი. ჯერ გიული მანჯგალაძის პასის შემდეგ ვერ გაიტანა მეკარესთან პირისპირ გასულმა ტატანაშვილმა, მერე ვილი ისიანის პასის შემდეგ მანჯგალაძეს გაუცუდდა თავური, ბოლოს კი თავად ვილიმ "მოიკითხა" ძელი.
"სიონის" თითქმის ყველა ფეხბურთელმა შესაძლებლობების ზღვარზე ითამაშა, თუმცა განსაკუთრებით მანჯგალაძის გარჯა უნდა გამოვარჩიოთ. უკრაინული "ზორიას" სკოლაგამოვლილს ეტყობა, რომ სულ სხვანაირ ფეხბურთს თამაშობს - წამითაც არ ჩერდება, უბურთოდ მოძრაობს, იხსნება.
ამ მოგების შემდეგ "სიონი" მეოთხეა სატურნირო ცხრილში, "ლოკოს" კი მე-12 პოზიცია უჭირავს.
საქართველოს ეროვნული ჩემიონატი. უმაღლესი ლიგა. V ტური
20.09. ბოლნისი. თამაზ სტეფანია. 800 მაყურებელი
სიონი-ლოკომოტივი 1:0
გოლი: 1:0 სვანიძე (62)
სიონი (4-5-1): მერლანი - ფოფხაძე, ჯაფიაშვილი, სვანიძე, საჯაია - გაფრინდაშვილი (76. კობახიძე), გოგობერიშვილი, მანჯგალაძე, რაზმაძე, შალამბერიძე (65. ისიანი) - ტატანაშვილი (84. უგულავა).
სათადარიგოები: ნანიევი, ჭიკაიძე, ვასაძე, მანჯგალაძე.
მწვრთნელი: ვარლამ კილასონია
ლოკომოტივი (4-5-1): მიქავა - გაბაძე, გეთიაშვილი, ღაღანიძე, უბილავა - ქანთარია (78. არველაძე), ჩიხლაძე (64. კიკნაძე), დიასამიძე, ქიქავა, ბენაშვილი (64. თექთურმანიძე) - გავაშელიშვილი.
სათადარიგოები: კუპატაძე, ჩიტეიშვილი, ხიდეშელი, სულთანიშვილი
მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე
გაფრთხილება: ჩიხლაძე (43), მიქავა (62), რაზმაძე (65)
არბიტრი: დ. ხარიტონაშვილი.
ბომბარდირები
გ. ბერიაშვილი (დინამო ბთ) 6
ი. სიხარულიძე (სამტრედია) 4
ჯ. ჯიღაური (დინამო თბ) 4
ო. მარცვალაძე (დილა) 4
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 4
მომდევნო, VI ტური
25 სექტემბერი, პარასკევი
ლოკომოტივი-შუქურა
26 სექტემბერი, შაბათი
კოლხეთი-საპოვნელა
მერანი-გურია
ზუგდიდი-სამტრედია
დილა-დინამო (თბ)
დინამო (ბთ)-ჩიხურა
ტორპედო-ცხინვალი
საბურთალო-სიონი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"