უმაღლესი ლიგის V ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

AutoSharing Option
განვლილი ტური, როგორც მოსალოდნელი იყო, საინტერესოდ წარიმართა და მასპინძელთა დომინირებითაც ჩაიარა: რვა მატჩიდან სტუმრებმა მხოლოდ ერთ შეხვედრაში გაიმარჯვეს და ერთიც ფრედ დაამთავრეს!

ტურის საშუალო შედეგიანობაც არ იყო დაბალი: 8 მატჩში 20 გოლი გავიდა. თუმცა, სატურნირო ცხრილში სერიოზული გადაადგილებები არ მომხდარა: ორმა გუნდმა მესამე-მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა, ერთ-ორი გუნდი კი რამდენიმე საფეხურით ქვემოთ დაეშვა.

არც ერთპიროვნული ლიდერი შეცლილა და ასევე უცვლელი დარჩა ცხრილის ბოლოში არსებული სიტუაცია, ხოლო იმაზე, თუ რა იყო საინტერესო და გამოსარჩევი V ტურში, ქვემოთ მოგახსენებთ...

ფავორიტის შესაფერისი
XXVI ჩემპიონატის უმთავრეს
ფავორიტად თბილისის "დინამოს" ჯერ კიდევ სეზონის დაწყებამდეც მივიჩნევდით და ხუთი ტურის შემდეგ ეს (არამხოლოდ ჩვენი) ვარაუდი მართლდება: ჩვენი ყველაზე ტიტულიანი კლუბი ერთადერთია, ქულათა მაქსიმუმით რომ აგრძელებს გათამაშებას.

ცალკე საუბრის თემაა "დინამოს" სუპერშედეგიანი თამაშიც: ჩემპიონატის ამ ხუთ მატჩში გუნდმა მეტოქეთა კარში 19 გოლი გაიტანა!

თვალშისაცემია კიდევ ერთი ნიუანსიც: "დინამოს" მთავარი მწვრთნელი გია გეგუჩაძე თითქმის ყველა მატჩში მიმართავს ძირითადი შემადგენლობის გონივრულ და, რაც მთავარია, ეფექტიან როტაციას.

ახლაც, V ტურის მატჩში, შეცვლაზე შემოსვლამ მოუწიათ ჯაბა ჯიღაურსა და, რაც მთავარია, ალექსანდრე იაშვილს, ფეხბურთელებს, რომლებიც სეზონის სტარტზე არა მხოლოდ შედეგიანი თამაშით გამოირჩეოდნენ, არამედ, საერთოდაც, გუნდის ერთ-ერთი ლიდერებიც არიან.

მოკლედ, გუნდში სერიოზულზე მეტი რომ ჰქვია, ისეთი კონკურენციაა და ვინ იცის, რამხელა მნიშვნელობა ექნება ამ ფაქტორს სეზონის ბოლოსკენ.

თუმცა, ნურც იმას დავივიწყებთ, რომ თითქმის ანალოგიური სიტუაციაა "დინამოს" მთავარ კონკურენტ გუნდშიც და ბარემ, ახლავე დავაანსოთ, რომ მომდევნო ტურში პირველი წრის უმთავრესი დაპირისპირება გველოდება: მოქმედმა ჩემპიონმა "დილამ" თბილისის "დინამოს" უნდა უმასპინძლოს!..

მორიგი საჩემპიონო ამბიცია
მოქმედი ჩემპიონი კვლავაც დაუმარცხებლად ასპარეზობს და ისიც გამოსარჩევი ფაქტია, რომ "დილამ" ამ ხუთ ტურში მხოლოდ ერთი მატჩი ვერ მოიგო (თავის უხერხულ მეტოქე ბათუმის "დინამოსთან") და ის ერთადერთი გოლიც მაშინ გაუშვა.

ამ ტურში გორელთა გუნდს ნამდვილად არ ჰქონდა იოლი გასეირნება, თუმცა "დილამ" მაინც შეძლო "ჩიხურასთან" საგარეო მატჩის მოგება და როგორც უკვე აღვნიშნეთ, მომდევნო ტურის და, საერთოდ, პირველი წრის უმთავრესი საინტრიგო დაპირისპირების წინ უმთავრეს კონკურენტ თბილისის "დინამოსთან" ჩამორჩენა კვლავაც უცვლელი (2 ქულა) დარჩა.

"დინამოს" მსგავსად, "დილაშიც" მძაფრი კონკურენციაა თითქმის ყველა პოზიციაზე და მეტოქეებსაც ყოველი მატჩის წინ სერიოზული თავსატეხი უჩნდებათ: წინა ტურში ოთარ მარცვალაძემ გაიბრწყინა, ახლა ირაკლი მოდებაძემ გაიტანა გამარჯვების მომტანი გოლი და ასე შემდეგ.

ამას გარდა, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორიც უნდა აღვნიშნოთ: უჩა სოსიაშვილის გუნდს "გზადაგზა" ემატებიან თუ უბრუნდებიან ცნობადი ახალწვეულები თუ ტრავმამოშუშებული ფეხბურთელები.

სულ ცოტა ხნის წინათ გულვერდ თომაშვილის დაბრუნებაზე ვწერდით, გასულ ტურში კი "დილას" შემადგენლობაში ერთდროულად სამმა ფეხბურთელმა ჩაატარა ამ სეზონში პირველი მატჩი: 21 წლის სწრაფი გარემარბი გიორგი ერისთავი საჩემპიონო სეზონის მერე ახლაღა გამოჩნდა, 23 წლის ნიჭიერი შემტევი გიორგი ილურიძე გორელთა გუნდში 2-წლიანი პაუზის მერე დაბრუნდა, 32 წლის უნივერსალი ნახევარმცველი გოგიტა გოგუა კი - ორწელიწად-ნახევრიანი პაუზის შემდეგ.

საერთოდაც, გოგუას "დილაში" ჩარიცხვა ამ ჩემპიონატის ყველაზე "ხმაურიან" (გნებავთ - საინტრიგო) დაბრუნებად უნდა მივიჩნიოთ. მით უფრო, რომ ამ გამოცდილ და მართლაც კვალიფიციურ ფეხბურთელს საკმარისზე მეტი მოტივაცია უნდა ჰქონდეს: საქართველოს ნაკრებში დაბრუნებას ვგულისხმობთ...

შენიღბული ფავორიტი
...პირველი ტური იყო, "გურიას" ახალწვეულმა ლაშა ჩაფიძემ "სიონის" კარში გოლი რომ გაიტანა; აი, იმის მერე კი ბოლნისელთა კარის აღებას ვერავინ ახერხებს და 5 ტურის მერე უმაღლეს ლიგაში ორად-ორი გუნდიღაა, საკუთარ კარში მხოლოდ 1 გოლი რომ აქვს გაშვებული: "დილა" და "სიონი".

თუმცა, ქვემოქართლელები მხოლოდ ამის გამო არ უნდა გამოვარჩიოთ: ახალი მწვრთნელის, ვარლამ კილასონიას ხელმძღვანელობით მოასპარეზე "სიონი" თბილისის "დინამოსა" და "დილას" მსგავსად წაუგებლად გამოდის ჩემპიონატში და მესამეადგილოსან "სამტრედიას" მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება.

"სიონში" მრავლად არიან გამოცდილი ფეხბურთელები, თუმცა მათ გვერდით რამდენიმე პერსპექტიული ახალგაზრდაც ჩინებულად გამოიყურება და ეს სინთეზიც უნდა მივიჩნიოთ ბოლნისელთა გუნდის წარმატებული ასპარეზობის ერთ-ერთი წინაპირობაც.

სამწვრთნელო საკითხი
აგვისტოს ბოლო რიცხვები იყო, უმაღლეს ლიგაში პირველი სამწვრთნელო გადაადგილება რომ მოხდა - გელა სანაია "შუქურას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე თემურ შალამბერიძემ ჩაანაცვლა.

იმ მომენტისთვის მხოლოდ 2 ტური იყო გასული სეზონის სტარტიდან, ახლა კი, გასული ტურის შემდეგ, კიდევ ერთ სპეციალისტს მოუწია გუნდის დატოვებამ: კახა გოგიჩაიშვილისა და "გურიას" გზები გუშინ საბოლოოდ გაიყარა.

...ხანგრძლივი პაუზის შემდეგ "გურია" უმაღლეს ლიგას 2013 წელს დაუბრუნდა და იქიდან მოყოლებული, უკვე ტრადიციასავით იქცა ლანჩხუთელთა გუნდში სამწვრთნელო ცვლილებები.

არც იმას დავმალავთ, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ეს ცვლილებები გარკვეულ კითხვებსაც ბადებდა-ხოლმე. ახლაც, არცთუ სოლიდური შემადგენლობის მქონე "გურია" 5 ტურის მერე ნამდვილად არ იმყოფებოდა კატასტროფულ სატურნირო მდგომარეობაში (5 ქულით XI ადგილზეა), თუმცა, ეტყობა, რომ კლუბის ხელმძღვანელებს ბევრად უფრო ამბიციური გეგმები თუ მიზნები აქვთ და ეს საკადრო ცვლილებაც, ალბათ, ამას უნდა ნიშნავდეს...

დინასტიის გაგრძელება
გასულ ტურში რამდენიმე ფეხბურთელმა ჩაატარა პირველი მატჩი უმაღლეს ლიგაში: 19 წლის ზურაბ ქათამაძემ (ბათუმის "დინამო"), 18 წლის გიორგი ახალაძემ ("სამტრედია"), 17 წლის გიგა გაზდელიანმა ("მერანი").

კიდევ ერთ დებიუტანტზე კი ცალკე გვინდა ვთქვათ: "სიონი"-"ლოკომოტივის" მატჩის მეორე ტაიმში, სტუმართა გუნდში შეცვლაზე შემოვიდა 17 წლის ვატო არველაძე, ქართული საფეხბურთო დინასტიების კიდევ ერთი წარმომადგენელი! აი, ასე: ხანგრძლივი პაუზის მერე უმაღლეს ლიგაში კიდევ ერთი არველაძე გამოჩნდა და იმედი დავიტოვოთ, რომ 17 წლის ვატო ღირსეულად გააგრძელებს თავისი სახელოვანი ბიძების (შოთა, აჩიკო) თუ მამის (რეზო) საფეხბურთო ტრადიციებს.

სადებიუტო გოლები და სხვა...
გასული ტურის ცენტრალური მატჩის ("ცხინვალი"- ბათუმის "დინამო") ბედი დიდწილად განაპირობა მასპინძელთა სწრაფმა გოლმა, რომელიც შორეული დარტყმით 22 წლის ვასიკო ბაჩიაშვილმა გაიტანა.

ბაჩიაშვილი ამპლუით მარცხენა მცველია, მიმდინარე ჩემპიონატში პირველად გამოჩნდა "ცხინვალის" შემადგენლობაში და უმაღლეს ლიგაში სადებიუტო გოლიც გაიტანა. ისე როგორც "ზუგდიდის" 20 წლის შემტევმა ცოტნე სამუშიამ.

ახალი გუნდის მაისურით პირველი გოლები გაიტანეს: 23 წლის ლუკა გუგუჩიამ, 21 წლის ლევან გეგეჭკორმა (ორივე-"შუქურა"), 21 წლის თეიმურაზ მარკოზაშვილმა ("სამტრედია"). თითქმის ორწლიანი პაუზის მერე გაიტანა გოლი მშობლიურ "ტორპედოში" დაბრუნებულმა გიორგი კუხიანიძემ.

დაბოლოს, კიდევ ორ ფეხბურთელზე: "სამტრედიას" 21 წლის თავდამსხმელმა ბუდუ ზივზივაძემ უმაღლეს ლიგაში პირველი "დუბლი" შეასრულა, მისმა თანატოლმა, თბილისის "დინამოს" ცენტრფორვარდმა გიორგი ქვილითაიამ კი ზედიზედ მეორე შეხვედრაში შეასრულა "დუბლი" და საუკეთესო ბომბარდირთა დავაში მხოლოდ გიორგი ბერიაშვილს (ბათუმის "დინამო") ჩამორჩება.

უმაღლესი ლიგა. მომდევნო, VI ტური
25 სექტემბერი, პარასკევი
ლოკომოტივი-შუქურა

26 სექტემბერი, შაბათი
კოლხეთი-საპოვნელა
მერანი-გურია
ზუგდიდი-სამტრედია
დილა-დინამო (თბ)
დინამო (ბთ)-ჩიხურა
ტორპედო-ცხინვალი
საბურთალო-სიონი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ის სიმბოლური ნაკრები სად გაქრა სადაც გეგეჭკორი და გუგუჩია იყო შეყვანილი!
0
მიმოხილვა კი არა ტრუხაა...
გუადუა
13:57 22-09-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული