ირაკლი მოდებაძე: გოლის გატანა ისე აღარ გვიჭირს...

AutoSharing Option
"დილასა" და თბილისის "დინამოს" შორის შაბათის პრინციპული დაპირისპირების წინ გორელთა ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელს ირაკლი მოდებაძეს ვესაუბრეთ. მან ქვეყნის ჩემპიონატში თავისი გუნდის მიერ სტარტზე ნაჩვენებ შედეგებზეც გაგვიზიარა აზრი.

მოდებაძე, ჯერჯერობით, უკმაყოფილო არ არის, თუმცა ბოლომდე კმაყოფილი მაშინ იქნება, როცა "დილა" ცხრილის პირველ საფეხურზე გადავა. თბილისის "დინამოსთან" კი ქვეყნის შარშანდელი ჩემპიონატის ბომბარდირი მაყურებელს სანახაობრივ თამაშს ჰპირდება...

- ჩემპიონატის სტარტზე "დილას" მიერ ნაჩვენები შედეგებით ალბათ, მთლად უკმაყოფილო არ იქნებით...
- თუ არ ჩავთვლით ბათუმის "დინამოსთან" შეხვედრას, რომელშიც მოგება გვმართებდა, ჩემპიონატის ყველა სხვა მატჩში
3-3 ქულა ავიღეთ და ცხადია, კმაყოფილი ვარ.

- ბათუმელებთან, ისევე როგორც მიმდინარე ჩემპიონატის სხვა მატჩებში, საგოლე მომენტების რეალიზაციის თვალსაზრისით "დილა" მთლად კარგად ვერ გამოიყურებოდა...
- სასტარტო მატჩებს ხშირად თან სდევს ეს პრობლემა. უბრალოდ, რამდენიმე თამაშის შემდეგ შევედით უკეთეს ფორმაში და ახლა, როგორც ხედავთ, გოლის გატანა ისე აღარ გვიჭირს.

- თავად ყველაზე უკეთ ქუთაისურ მატჩში გამოავლინეთ შესაძლებლობები, სადაც "დილამ" თქვენი დუბლით მოიგო. მეორე გოლი კი საკმაოდ ეფექტური გამოგივიდათ...
- დიახ, ქუთაისში კარგად წაგვივიდა თამაში. თანაგუნდელების დახმარებით მეც ორჯერ გამოვიჩინე თავი. გოლი კი გამოვიდა კარგი, მაგრამ მთავარი ისაა, რომ გავიმარჯვეთ, შესაბამისად, იმაზე მეტად თუ ვინ გაიტანს გოლს, გუნდის წარმატებაა მნიშვნელოვანი.

- ზედიზედ რამდენიმე მატჩია, შეტევის ხაზში უჩა სოსიაშვილი თქვენი, ოთარ მარცვალაძის და ახალგაზრდა მათე კვირკვიას სამეულს ეყრდნობა...
- მარცვალაძეზე ახალს ვერაფერს ვიტყვი, ყველამ კარგად ვიცით, როგორი ძალაა და კარგად ვიცნობთ მის შესაძლებლობებს. კვირკვია კი ახალგაზრდა, მაგრამ საკმაოდ საიმედო, ტექნიკური და კარგი თავდამსხმელია. მწვრთნელი რადგან გვენდობა, ჩვენც უნდა გავუმართლოთ იმედები, სხვა გზა არ არის...

- ქვეყნის თასის გათამაშებაში ჩართულმა "დილამ" პირველ მატჩში "ზუგდიდთან" შინ მოულოდნელად წააგო. რა იყო ამის მიზეზი?
- მომდევნო ეტაპზე გამსვლელი გუნდის ვინაობა, ცხადია, საპასუხო მატჩში გაირკვევა. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით კი ის მარცხი დავივიწყეთ და მას შემდეგ სტუმრად ერთხელ კიდეც გავიმარჯვეთ. შესაბამისად, საკუთარი თავის რწმენა არ გვაკლია თბილისის "დინამოსთან" მეტად პრინციპული პაექრობის წინ.

- ახალ სეზონში "დინამოს" უკვე შეხვდით სუპერთასზე და დამარცხდით. ტაქტიკას, ბუნებრივია, მწვრთნელი წყვეტს, მაგრამ საინტერესოა თქვენ როგორ ფიქრობთ - "დინამოსთან" სასურველი შედეგის მისაღწევად როგორი ტაქტიკით თამაში ჯობია?
- ნამდვილად არ ვიცი, როგორ ტაქტიკას შეარჩევს მწვრთნელი. ერთადერთი, რაც ვიცი, არის ის, რომ 3 ქულისთვის უნდა ვიბრძოლოთ. რა ამინდი და პირობებიც უნდა იყოს, ჩვენ მოსაგებად გავალთ მოედანზე.

- ...და მაყურებელს დაჰპირდებით სანახაობრივ მატჩს?
- "დილა" ყველა მატჩში სანახაობაზე აკეთებს აქცენტს და გამონაკლისი, არა მგონია, თბილისის "დინამოსთან" მატჩი იყოს. ამას გარდა, რა თქმა უნდა, ერთგული გულშემატკივრის მხარდაჭერის იმედიც გვაქვს.

- შემადგენლობა და პოტენციალი "დილას" თამამად აძლევს იმის საფუძველს, რომ ჩემპიონობისთვის ბრძოლის ამბიცია ჰქონდეს?
- საქართველოში უდავოდ ერთ-ერთი გამორჩეული შემადგენლობა გვყავს და ნამდვილად შეგვწევს იმის ძალა, რომ ვიბრძოლოთ ტიტულის დასაცავად. "დინამოსთან" მოახლოებული მატჩი ამ ბრძოლაში, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იქნება, თუმცა არა - გადამწყვეტი. მიზნისკენ ჯერ კიდევ გრძელი გზაა.

- ქვეყნის ჩემპიონობისთვის ბრძოლაში მთავარ კონკურენტად, ალბათ, თბილისის "დინამო" გესახებათ. კიდევ რომელ გუნდში ხედავთ საჩემპიონო პოტენციალს?
- ჯერჯერობით, ასე ვფიქრობ - ჩემპიონობის უმთავრესი კანდიდატები ჩვენ და თბილისის "დინამო" ვართ, თუმცა სეზონის მიმდინარეობისას სხვა გუნდებიც რომ ჩაერთონ ამ ბრძოლაში, გამორიცხული სულაც არ არის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული