კახა კაჭარავა: ფიფიას "დინამოსთვის" მეტი სურს, ვიდრე მხოლოდ დიდების დაბრუნება

AutoSharing Option
არავისთვის არახალი ამბავია, რომ ქართული საკლუბო ფეხბურთის სიმბოლოდ უკვე რამდენიმე ათეული წელიწადია თბილისის "დინამო" მიიჩნევა. ისიც არაერთხელ გვითქვამს, რომ საქართველოს მასშტაბით ჩასატარებელ ნებისმიერ ტურნირზე (ჩემპიონატი, თასი) ამ გუნდს მუდამ "მარადიული ფავორიტის" სტატუსი აქვს;

ჰოდა, ამიტომაც არის ყოველთვის აქტუალური "დინამოში" მიმდინარე პროცესები, - მით უფრო მაშინ, როცა ჩემპიონატის პირველ და მეორე ეტაპებს შორის გამოცხადებული პაუზის დროს გუნდში (გნებავთ, კლუბში) სერიოზული ცვლილებები მოხდა. ამჯერად კლუბის ხელმძღვანელობაში მომხდარ ცვლილებებზე არ ვისაუბრებთ, რამეთუ არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო სხვა საკადრო გადაწყვეტილებაც: "დინამოს" მთავარ მწრთნელად კვლავაც კახა
კაჭარავას ვიხილავთ, ვინც ამ თანამდებობას დაახლოებით ორთვიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა.

2005 წლიდან კაჭარავა "დინამოს" სამწვრთნელო შტაბშია; ჯერ "დინამო-2"-ის თავკაცი გახლდათ, მერე უკვე მთავარ გუნდში დუშან უჰრინსა და რაინერ ცობელს ეხმარებოდა. ამ უკანასკნელის გათავისუფლების შემდეგ კი თბილისის "დინამო" ჩაიბარა და მოკრძალებული რესურსისა და არცთუ სახარბიელო ფინანსური პირობების გათვალისწინებით, ვერავინ იტყოდა, წარუმატებლად მუშაობდაო. თანაც, ეს ეხება არა მხოლოდ საქართველოს ჩემპიონატსა და თასის გათამაშებას, არამედ ევროტურნირებზე მონაწილეობასაც.

კაჭარავამ მიმდინარე სეზონიც "დინამოში" დაიწყო; მისი ხელმძღვანელობით გუნდმა რამდენიმე შთამბეჭდავი თამაში ჩაატარა და ზუგდიდის "ბაიასთან" ფრედ დამთავრებული შეხვედრის შემდეგ ვიდრე გადადგებოდა, "დინამო" კვლავაც რჩებოდა ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტად. ისე, არ დავმალავთ: მართლაც უცნაური სიტუაცია შეიქმნა, რამეთუ იშვიათზე-იშვიათი შემთხვევაა, როცა ესა თუ ის პიროვნება თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელის პოსტს საკუთარი სურვილით ტოვებდეს.

თბილისის "დინამოს" ახალმა მეპატრონემ რომან ფიფიამ ერთ-ერთი პირველი საკადრო გადაწყვეტილება რაც მიიღო, გუნდის მთავარ მწვრთნელად კახა კაჭარავას დაბრუნება იყო.

ვერაფერს ვიტყვით: ქართულ საფეხბურთო "სივრცეში" გამოჩენილი ახალი ფიგურისგან მართლაც გონივრული ნაბიჯი იყო; მით უფრო, რომ გუნდის ფანებსაც გაუხარდებოდათ ეს გადაწყვეტილება, ფეხბურთელებსაც და, რაც მთავარია, ქართულმა სპორტულმა მედიამაც აშკარად დადებით მოვლენად შეაფასა კაჭარავას "დინამოში" დაბრუნება. ისიც ცხადია, რომ კაჭარავას კარგად უნდა ჰქონდეს გააზრებული, თუ რამხელა პასუხისმგებლობა იტვირთა:

ახალი მეპატრონის გამოჩენით გუნდს უამრავი პრობლემა "მოეხსნება" და "დინამოს" მწვრთნელ-ფეხბურთელებსაც ამიერიდან მხოლოდ ფეხბურთზე ექნებათ საფიქრალი.

თბილისის "დინამოს" ძველ-ახალ მთავარ მწვრთნელს კახა კაჭარავას დიღმის საწვრთნელ ბაზაზე მაშინ ვეწვიეთ, როცა გუნდი თურქულ შეკრებაზე გასამგზავრებლად ემზადებოდა.

საუბრის ძირითადი თემა კი, რაღა თქმა უნდა, ზამთრის მოსამზადებელ ეტაპზე გუნდის სატრანსფერო კამპანია იყო.

- თურქეთში გამგზავრებამდე "დინამომ" 5 საკონტროლო მატჩი ჩაატარა და ყველა მოიგო; ალბათ, კმაყოფილი იქნებით ამ ეტაპზე გუნდის მზადებით.
- შედეგზე მნიშვნელოვანი გუნდის ფუნქციონალური მომზადება და სელექციის პროცესია; რა თქმა უნდა, ხუთივე მატჩში გამარჯვებაც მახარებს, მაგრამ სელექციის პროცესი არ დასრულებულა და თურქეთშიც გაგრძელდება.

- ანუ, პოტენციური ახალწვეულების გამოჩენას იქაც უნდა ველოდოთ?
- ნაყოფიერი შეკრება გვაქვს დაგეგმილი, თანაც სამ უკრაინულ, ერთ რუსულ და ერთ ხორვატულ გუნდთან (ყველა - უმაღლეს ლიგაში ასპარეზობს) მოგვიწევს სპარინგ-მატჩების ჩატარება და ახალწვეულებს იმ შეხვედრებში დავაკვირდებით. ფაქტია, რომ ზოგ პოზიციაზე გაძლიერება გვჭირდება, ოღონდ, ამ ეტაპზე ამპლუების დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ.

- სელექცია აქაც არანაკლებ "მასშტაბური" იყო; ბოლოს და ბოლოს, ქართველებს თავი რომ დავანებოთ, ათი უცხოელი ფეხბურთელი ისინჯებოდა.
- მერე, იმ ათიდან რამდენი დარჩა? ერთადერთი, მხოლოდ მარკო მაროვიჩია, სერბი მარცხენა მცველი, ვისთანაც კონტრაქტი (6 თვე+2 წელი) გავაფორმეთ, დანარჩენებს კი კეთილი სურვილებით დავემშვიდობეთ. ზოგიერთი უცხოელი ახალწვეულის თამაში თვითონაც ნახეთ და ალბათ, დამეთანხმებით, თუ რა "დონის" ფეხბურთელებიც იყვნენ.

- ყოველ ექვს თვეში ერთხელ მსგავსი სიტუაციაა და არა მხოლოდ "დინამოში"; ჩამოჰყავთ ფართოდ "რეკლამირებული" უცხოელები და მერე აღმოჩნდება, რომ თურმე ხეირიანად ბურთზე ფეხის დარტყმაც არ შეუძლიათ.
- სხვა გუნდების მაგალითსა და სხვა წლებზე არ ვისაუბრებ და მხოლოდ დღევანდელ სიტუაციაზე მოგახსენებთ. "დინამოს" ხელმძღვანელობამ და სამწვრთნელო შტაბმა გადავწყვიტეთ, რომ არც ერთი იმ მენეჯერისათვის, ვისაც საქართველოში უცხოელი ფეხბურთელები ჩამოჰყავდა, უარი არ გვეთქვა; ანუ, როგორც იტყვიან, ყველას კარი გავუღეთ და, სამწუხაროდ, არცთუ სახარბიელო შედეგი მივიღეთ.

- იმას გულისხმობთ, ათი უცხოელიდან მხოლოდ მაროვიჩი რომ დაიტოვეთ?
- შეურაცხყოფას არავის ვაყენებ, მაგრამ მენეჯერების "მუშაობა" ნათლად გამოჩნდა; სხვათა შორის, მაროვიჩს რეკომენდაცია რუმინულ "გაზ მეთანში" მოასპარეზე აკაკი ხუბუტიამ გაუწია: თავის დროზე ერთად ვთამაშობდით, ურიგო ფეხბურთელი არ არის და იქნებ, გამოგადგეთო.

- ახალ ქართველ ახალწვეულებზე ვისაუბროთ; ოღონდ, ჯერ ისინი ვახსენოთ, ვინც "დინამოსთან" ერთად თურქეთში არ მიდის: ირაკლი ბერაიასა და გიორგი ფოფხაძეს ვგულისხმობთ.
- ბერაია ბოლო დროს რუსეთის ქვედა ლიგებში ასპარეზობდა, ოპერაცია ახალი გადატანილი ჰქონდა და ამ ეტაპზე მისი დატოვებისგან თავი შევიკავეთ. აი, ფოფხაძესთან დაკავშირებით აბსოლუტურად განსხვავებული სიტუაციაა. არ დაგიმალავთ, რომ ამ ბიჭთან, ფაქტობრივად, ყველაფერზე შეთანხმებული ვიყავით: ერთი კვირა ჩვენთან ერთად ივარჯიშა, ორი საკონტროლო მატჩიც ჩაატარა და კონტრაქტის გაფორმებასაც წინ არაფერი ედგა, მაგრამ...

- მიზეზი რა იყო, ქართველებისათვის ასე "ტრადიციული" - პირობებზე შეუთანხმებლობა?
- არა, უბრალოდ სხვაგან წასვლა ამჯობინა, თორემ, კიდევ ვიმეორებ, "დინამოში" მისი ჩარიცხვა, პრაქტიკულად გადაწყვეტილი იყო. რა თქმა უნდა, ფეხბურთელს თუ სხვაგან თამაში ურჩევნია, ძალით ვერ გააჩერებ; ასეც რომ არ იყოს, "დინამოში" დარჩენაზე ხვეწნას არავის დავუწყებთ.

- ხუთივე საკონტროლო მატჩში "დინამოს" კარს 20 წლის თორნიკე ზარქუა საიმედოდ იცავდა. "ბაიაში" მისი ყოფილი თანაგუნდელი ნიკა კვეკვესკირი კი, ჩვენი აზრით, "დინამოს" ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო შენაძენია. მით უფრო, რომ ამ ნიჭიერ ბიჭს რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია თამაში.
- ზარქუამ მართლაც მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა და ისიც მიხარია, რომ ამ ბიჭის შეძენით სწორი არჩევანი გავაკეთეთ. იმავეს თქმა შემიძლია კვეკვესკირზეც, ვის ადგილსაც ნახევარდაცვის ცენტრში ვხედავ და ვის ასპარეზობაზეც ჯერჯერობით მხოლოდ კარგის თქმა შემიძლია.

- ექვსთვიანი პაუზის შემდეგ "დინამოს" შოთა კაშია დაუბრუნდა.
- დიდი ხანია ვიცნობ და ხუთი წელი ერთად ვმუშაობდით. წინა ჩემპიონატი რომ მორჩა, უცხოეთში სურდა კარიერის გაგრძელება. მაგრამ, სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ ვერც სხვა ქვეყანაში გაემგზავრა და... ვეღარც "დინამოში" დაბრუნდა, სადაც შემადგენლობა უკვე დაკომპლექტებული იყო. 6 თვე ცხინვალის "სპარტაკში" გაატარა და ამ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო, ცუდად ნამდვილად არ უთამაშია და ძალიან მიხარია, ისევ "დინამოში" რომ დაბრუნდა.

- კაშიას ბოლო საკონტროლო მატჩები არ უთამაშია, აი, გიორგი ლორიას კი, საერთოდ, არც ერთ სპარინგ-შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია.
- კაშიამ მიკროტრავმა მიიღო, მაგრამ საშიში არაფერია. ლორიას კი მუხლი აწუხებდა და თურქეთში გამგზავრებამდე გუნდთან ერთად მხოლოდ 2 დღე ივარჯიშა. საერთოდ კი მინდა ვთქვა: თურქეთშიც რომ დავიმატებთ ფეხბურთელებს, "დინამოში", ფაქტობრივად, ყველა პოზიციაზე სერიოზული კონკურენცია იქნება.

- არადა, ბოლო წლებში მსგავსი რამ სანატრელი გექნებოდათ.
- რა თქმა უნდა - 14-15-კაცი გვყავდა, ძირითად შემადგენლობაში მოხვედრაზე მეტ-ნაკლებად რომ ჰქონდა პრეტენზია. ახლა კი, მერწმუნეთ, ასეთი, სულ მცირე, 20 ფეხბურთელი გვეყოლება.

- ისევ ლორიაზე გვინდა გკითხოთ, ვისი უდიდესი დამსახურებაც არის, პირველ ეტაპზე "დინამომ" ყველაზე ნაკლები გოლი რომ გაუშვა. ამას გარდა, მიგვაჩნია, რომ ლორია არამხოლოდ "დინამოსი", არამედ ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელიცაა და ამ მეკარის პროგრესიც აშკარაა.
- სახლის შენებას საძირკველით რომ იწყებენ, ასეა ნებისმიერ გუნდშიც: თუ კვალიფიციური მეკარე არა გყავს, რაიმე წარმატებაზე ფიქრი ზედმეტია. გეთანხმებით, რომ ლორიას მართლაც სერიოზული პროგრესი აქვს, თუმცა ყოველივე ეს ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა. ჯერ კიდევ 8 წლის წინ, "ავაზაში" რომ ვმუშაობდი, ჩემთან ვარჯიშობდა, მერე "დინამო-2"-ში ვიყავით ერთად და ყოველთვის მჯეროდა, რომ მაღალ დონეზე ითამაშებდა.

ისე როგორც "დინამო-2"-ში მისი თანაგუნდელები: გურამ კაშია, მათე ვაწაძე, გიორგი მერებაშვილი, გულვერდ თომაშვილი, ლევან კაკუბავა; ნიკა ფირცხალავაც უნდა ვახსენო - ამდენი ტრავმების შემდეგ ნელ-ნელა რომ იბრუნებს ოპტიმალურ ფორმას.

- "დინამოს" ერთ-ერთ წარმატებულ ტრანსფერად დიმიტრი ტატანაშვილის შეძენაც უნდა მივიჩნიოთ. თუმცა, ალბათ, დამეთანხმებით, რომ გუნდში მხოლოდ ერთი კვალიფიციური ფორვარდი საკმარისი ნამდვილად ვერ იქნება.
- ტატანაშვილის შესაძლებლობებში ეჭვი არასდროს შემპარვია, მაგრამ მისი თამაში წელიწადნახევარზე მეტი არ მქონდა ნანახი. მჯერა, რომ "დინამოს" საკმაოდ გააძლიერებს:

გამოცდილებაც დაუგროვდა, გოლის ალღოც აქვს და სისწრაფეც არ დაეწუნება. თუმცა, მხოლოდ მის იმედად ვერ ვიქნებით და თურქეთში რომ უნდა შემოგვიერთდნენ ახალწვეულები, მათ შორის ფორვარდებიც იქნებიან. არც იმას დაგიმალავთ, რომ ერთი-ორ ქართველ თავდამსხმელზეც ვფიქრობდით, მაგრამ თავიანთ კლუბებთან კონტრაქტი აკავშირებდათ და ამ საქმისგან არაფერი გამოვიდა.

- "დინამოდან" წასულებზეც გვინდა გკითხოთ და უპირველესად ლევან ხმალაძის ამბავი გვაინტერესებს.
- ამ ფეხბურთელს უდიდეს პატივს ვცემ; რამდენიმე შემთხვევა ყოფილა, ტრავმირებულს უთამაშია - ისევ და ისევ, გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე. შარშანაც ჰქონდა უცხოეთში წასვლის სურვილი და არ დავაბრკოლეთ; ჩამოვიდა და ისევ ჩვენთან გააგრძელა თამაში, მაგრამ კვლავ გამოუჩნდა ვარიანტი და ხელი არც ახლა შევუშალეთ.

- დავით მუჯირთან მიმართებაში რაღა მოხდა? ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, პირველი ეტაპის მიწურულს სწორედ "მუმუს" ზუსტმა დარტყმებმა "დინამოს" ორი გამარჯვება მოაპოვებინა.
- ამ გამოცდილ ფეხბურთელს მხოლოდ და მხოლოდ მადლობა უნდა გადავუხადოთ: დიდი ხნის უთამაშებელი იყო, მაგრამ როგორც თქვენ აღნიშნეთ, პირველი ეტაპის ბოლოს სწორედ მისმა საშემსრულებლო ოსტატობამ "დინამოს" უმნიშვნელოვანესი ქულები მოუტანა. სამწუხაროდ, მომავალ თანამშრომლობაზე ჩვენი კლუბისა და მუჯირის აზრი განსხვავებული აღმოჩნდა.

- უფრო კონკრეტულად?
- უბრალოდ, ჩვენი შეთავაზება მუჯირის სურვილი არ დაემთხვა, თანაც, "მუმუს" არც დაუმალავს, რომ სხვა წინადადებებიც ჰქონდა, თანაც სამწლიან კონტრაქტს სთავაზობდნენ.

არადა, მერწმუნეთ: როგორც "დინამოს" მთავარ მწვრთნელს და საერთოდაც, კლუბის ხელმძღვანელებსაც სურვილი გვქონდა, რომ მუჯირისათვის, როგორც იტყვიან, ღირსეული კონტრაქტი შეგვეთავაზებინა.

- ლეგიონერებიც არ დაგვავიწყდეს: ედნილსონმა ყველა საკონტროლო მატჩში მიიღო მონაწილეობა, აი, ჯუისსა და რობერტინიოს კი არც ერთი სპარინგ-შეხვედრა არ ჩაუტარებიათ.
- რობერტინიო ჩვენთან არის და ახალი, ოთხწლიანი გაუმჯობესებული კონტრაქტიც გავუფორმეთ; უბრალოდ, სამშობლოდან გვიან ჩამოვიდა და ჯერ ინდივიდუალურად ემზადებოდა, შემდეგ კი - დუბლებთან; ახლა კი თურქეთში ჩვენთან ერთად მოდის და მეორე ეტაპზე მასზე დიდ იმედებს ვამყარებთ. რაც შეეხება ჯუისს, ეს კამერუნელი შემტევი კლუბმა ტრანსფერზე დააყენა და ჩემი ინფორმაციით, ამჯერად ერთ-ერთ ბელგიურ კლუბში სინჯებზე იმყოფება.

- "დინამოდან" წასულ ფეხბურთელებსა თუ ახალწვეულებზე ვსაუბრობთ და, ალბათ, უფრო ადრე უნდა გვეთქვა კლუბის ახალ სახეებზეც. მით უფრო, რომ სხვადახვა თანამდებობებზე კლუბშიც და გუნდშიც ყოფილი დინამოელები, წარსულში ცნობილი ფეხბურთელები დაბრუნდნენ: ზაურ სვანაძე, მურთაზ შელია, მიხეილ ჯიშკარიანი; აშკარად პოზიტიურ ფაქტად მიგვაჩნია რამაზ მუმლაძის "დინამოში" დაბრუნებაც.
- შელია და ჯიშკარიანი კლუბში საპასუხისმგებლო თანამდებობებზე დაინიშნენ და ეს მართლაც მისასალმებელი ფაქტია; ალბათ, ყველა დარწმუნებული იქნება, რომ ისინი აქ ანაზღაურების გამო კი არა, არამედ ფეხბურთისა და, კერძოდ, "დინამოს" სიყვარულმა მოიყვანა; იმიტომ რომ ეს კლუბი უყვართ და შეეცდებიან ყველანაირად დაეხმარონ იმ გუნდს, სადაც თავის დროზე უთამაშიათ. აი, რაც შეეხება ზაურ სვანაძეს, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ბედნიერი ვარ, ასეთ პიროვნებასთან ერთად რომ ვიმუშავებ. იმაშიც გეთანხმებით, რომ რამაზ მუმლაძის პროფესიონალიზმი და გამოცდილება "დინამოს" ერთი-ორად წაადგება.

- საკუთარ თავზე არ საუბრობთ: როცა "დინამოში" დაბრუნებაზე შემოთავაზება მიიღეთ, ბევრი იფიქრეთ?
- წასული არც ვყოფილვარ, უბრალოდ, კლუბში სხვა ფუნქცია მქონდა; მაგრამ, როცა იმ გუნდის გაწვრთნას გთავაზობენ, სადაც გითამაშია, სადაც წლების განმავლობაში გიმუშავია, ეს პატივიც არის და, რაღა თქმა უნდა, პასუხისმგებლობაც. თანაც, გთავაზობენ საქმეს, რომელიც გიყვარს და როცა ბატონ რომან ფიფის შევხვდი, 3 საათი ვსაუბრობდით "დინამოს" გეგმებსა თუ მიზნებზე. რაც მთავარია, ჩვენ ახალ მეპატრონეს "დინამოსთვის" არა მხოლოდ ძველი დიდების დაბრუნება სურს, არამედ უფრო უკეთესის სურვილიც აქვს.

- ახლა კი მთავარზეც, ალბათ, საუბრის დასაწყისშივე რომ უნდა გვეკითხა: "დინამოს" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან მხოლოდ იმის გამო წახვედით, "ბაიასთან" საშინაო მატჩი ფრედ რომ დასრულდა?
- ამ საკითხზე კომენტარი თავის დროზეც გავაკეთე; თუმცა, კიდევ გავიმეორებ, რომ სკამსა თუ თანამდებობას არასდროს ვებღაუჭებოდი; თანაც, როცა საუბარია "დინამოზე", რომლის გაწვრთნაზე მთელი ცხოვრება ვოცნებობდი. რაც შეეხება თქვენს კითხვას, მართლაც იმ კონკრეტული მატჩის ვერმოგების გამო წავედი, თუმცა იყო კიდევ სხვა მიზეზი, მაგრამ ამაზე საჯაროდ საუბარი არ მსურს.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"






.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული