ქუთაისის "ტორპედოში" აქედან სკანდალებით წასული ალექსანდრ შტელინი ბრუნდება

AutoSharing Option
ორიოდე დღის წინათ ქუთაისის "ტორპედოს" ხელმძღვანელობა გიორგი დარასელიას დაემშვიდობა და მის ნაცვლად პოსტი დროებით საქართველოს ნაკრების ყოფილ ფორვარდ მიხეილ აშვეთიას ჩააბარა. მაშინვე ითქვა, "ტორპედოს" მესვეურები გამოცდილ უცხოელ სპეციალისტს ელაპარაკებოდნენ...

ყველას და ყველაფრის წარმოდგენა შეიძლებოდა, გარდა იმისა, რომ "ტორპედოს" მთავარი მწვრთნელი... კვლავ ალექსანდრ შტელინი გახდებოდა.

უკრაინელს ქუთაისში უახლოეს დღეებში ელიან. თბილისის "დინამოსთან" 17 ოქტომბრის პრინციპულ შეხვედრაში "ტორპედოს" სწორედ ის უხელმძღვანელებს.

შტელინი ქუთაისში 2001-03 წლებში მუშაობდა - ჯერ ფიზმომზადების მწვრთნელი იყო, შემდეგ კი მთავარ მწვრთნელადაც დანიშნეს. 61 წლის სპეციალისტი ბოლოს ზაპოროჟიეს "მეტალურგის"
მთავარი სელექციონერი გახლდათ.

საინტერესოა, რომ წლების განმავლობაში შტელინი კიევის "დინამოში" ვალერი ლობანოვსკის ეხმარებოდა ფიზმომზადების განხრით, მწვრთნელობას კი მას მერე მიჰყო ხელი, რაც ბელგიაში გადასახლდა. "ტორპედოს" მაშინდელმა მეპატრონე ზურაბ ხინიკაძემ შტელინი სწორედ ამ დროს მოიწვია ქუთაისში.

შტელინის ხელში გუნდი კარგად ათამაშდა და ივო შუშაკის თბილისის "დინამოც" დაამარცხა. უკრაინელისთვის უცხო არ იყო ექსპერიმენტებიც. "დინამოსთან" 2003 წელს მოგებულ ქართულ "კლასიკოში" გუნდის კაპიტანი, ცენტრალური მცველი დავით გამეზარდაშვილი... ფორვარდად ათამაშა და მიზანშიც მოარტყა - იმ თამაშში ერთადერთი გოლი სწორედ გამეზარდაშვილმა გაიტანა.

მისი ხელმძღვანელობით დაასრულა გუნდმა 2001-02 წლების საქართველოს ჩემპიონატი, რომელშიც ოქროს მედლები მოიპოვა. შტელინი იყო "ტორპედოს" დამრიგებელი 2002-03 წლების სეზონის დასაწყისშიც, როცა ქუთაისელებმა ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ფარერების "ბ 36" შინ 5:2 დაამარცხეს, გასვლაზე კი - 1:0 და შემდეგ ეტაპზე პრაღის "სპარტას" შეხვდნენ. ჩეხებმა ჩვენი ჩემპიონი გათამაშებიდან გამოთიშეს - 0:3, 1:2.

შტელინი სკანდალური ინტერვიუებითაც გამოირჩეოდა. მან სფფ-ის მაშინდელ მმართველებს "მაფიოზები" უწოდა და ღიად განაცხადა, რომ საქართველოს ჩემპიონატში ყველაფერი წინასწარ იყო დაგეგმილი. ამ ინტერვიუს გამო მას ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა გვარიანი სასჯელი გამოუწერა.

შტელინი "ტორპედოსაც" სკანდალურად დაშორდა - კლუბს ფინანსური პრობლემები შეექმნა, ხელფასს შტელინიც ვერ იღებდა და "ტორპედოს" მეპატრონეს ფიფაში უჩივლა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მინდა გითხრათ რომ არანაირი ფინანსური კრიზისი არ იყო მაშინ ტორპედოში, უბრალოდ ეს იყო ფედერაციის სადამსჯელო რაზმის წინააღმდეგ ბრძოლა რომელთაც ძალიან დიდი მცდელობა ჰქონდათ დაეძირათ ტორპედო რაც მოგვიანებით გამოუვიდათ. და მინდა გითხრათ რომ არ გადაუხდია ეს თანხა შტელინს.
levani
21:07 08-10-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული