ცხინვალი-ჩიხურა 1:1 - შეცვლის ფასი

AutoSharing Option
ამ მატჩმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მწვრთნელის დროული ჩარევა თამაშის მსვლელობაში ძალიან ბევრს ცვლის. "ჩიხურამ" ვაკეში ქულა შეხვედრის დამთავრებამდე 5 წუთით ადრე გადაარჩინა გიორგი კორიფაძის ძალისხმევით, ვინც მინდორზე სულ 15 წუთი კი გაატარა, მაგრამ ძალიან სასარგებლოდ ითამაშა და გოლის გარდა, რამდენიმე ეპიზოდშიც დაგვამახსოვრა თავი მშვენიერი გარჯით.

საჩხერელთა გოლზე ვთქვით და ბარემ ისიც აღვწეროთ. ანგარიშში ჩამორჩენილი "ჩიხურა" მატჩის მიწურულს დიდი მონდომებით მიეძალა ცხინვალელთა კარს. ჯერ შეტევაში ჩართულმა დავით მეგრელიშვილმა სცადა გატანა, მაგრამ მეკარე გიორგი ნადირაძემ იხსნა "ცხინვალი", მერე კი გადმოვარდნილ ბურთს
კორიფაძემ უძლიერესად დასცხო და ამოდსაცქერი გოლიც გამოუვიდა.

გოლების ამბავი აქვე მოვითავოთ. მასპინძლები 53-ე წუთზე დაწინაურდნენ. ვასიკო ბაჩიაშვილმა ცხინვალელთა შეტევის მარცხენა ფლანგზე მიიღო ბურთი, მინდვრის ცენტრისკენ შეიწია და უძლიერესი დარტყმაც არ დაახანა. ასე დაწინაურდა კახა კაჭარავას გაწვრთნილი გუნდი, თუმცა სოსო ფრუიძის მიერ გაკეთებულმა დროულმა შეცვლამ და იმერთა ერთბაშად გააქტიურებამ ცხინვალელთა ზეიმი ჩაშალა.

...საქართველოს ჩემპიონატის კვალობაზე, თამაში დუნე და მოსაწყენი არ ყოფილა. საშემსრულებლო ოსტატობისა რა გითხრათ, მაგრამ მინდვრის ყოველი გოჯისთვის ფიცხელი ბრძოლა იყო გაჩაღებული.

ერთიც უნდა ვთქვათ - ორივე გუნდის სათადარიგოთა სკამზე ისეთი ფეხბურთელები ისხდნენ, სხვა დროს ძირითადში ხშირად რომ ვხედავთ ხოლმე. ფაქტია, მინდორზე მყოფებს თავი არ დაუზოგავთ.

პირველი სახიფათო მომენტი "ცხინვალმა" შექმნა. გიორგი ცერცვაძემ სეხნია ივანიშვილს უპასა, ამან კი კარის გასწვრივ შეასრიალა ბურთი, რომელსაც ნიკა კაჭარავა ვერ შესწვდა. სამაგიეროდ, მას მიუსწრო ირაკლი ლეკვთაძემ, ვისაც მცველებმა არ გაატანინეს.

კაჭარავაზე ცალკე - საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გუშინ ჩვეულად მწვავე ვერ იყო. მოგვეჩვენა, რომ სოსო ფრუიძეს საჩხერელი მცველებისთვის საგანგებო დავალებები ჰქონდა მიცემული ცხინვალელთა ყველაზე "ბასრი იარაღის" გასანეიტრალებლად.

ცოტა ხანში "ჩიხურამ" თითქმის ასპროცენტიანი საგოლე შანსი გაატანა ვაკურ ქარს. ლაშა ჩიკვაიძემ შესანიშნავი პასით მონახა მოწინააღმდეგის საჯარიმო მოედანში კარგად გახსნილი ჭიაბერ ჭეჭელაშვილი. ერთ დროს საქართველოს იუნიორთა ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი გასატანად შეიმართა და თავურიც დაარტყა, მაგრამ ბურთი მეკარისგან დაუცველ კუთხეს ოდნავ ასცდა.

პირველ ტაიმში გუნდებს მეტი საგოლე მომენტი აღარ შეუქმნიათ. დაიწყო მეორე ტაიმი და ნიკა კაჭარავა ძალიან საეჭვოდ წაიქცა სტუმართა საჯარიმოში. მოვლენებს წინ გავუსწრებთ და ვიტყვით, რომ მოგვიანებით 11-მეტრიანს "ჩიხურაც" ითხოვდა...

საერთოდ, ჩვენი აზრით, ბაკურ ნინუას მეთაურობით მოქმედი მსაჯთა ბრიგადის გარჯამ კითხვის გვარიანი ნიშნები დატოვა. უპირველეს ყოვლისა, მათ აკლდათ დამაჯერებლობა და რამდენიმე ეპიზოდში ვერდიქტი ცოტა დაგვიანებითაც კი გამოიტანეს. იქვე, ჩვენი აზრით, "შავოსნებს" ზოგიერთ ეპიზოდში მეტი სიმკაცრის გამოჩენაც მართებდათ.

ისევ თამაშს მივყვეთ. 50-ე წუთზე "ცხინვალი" ვალდებული იყო, ანგარიში გაეხსნა. ირაკლი ლეკვთაძის მიერ დარტყმული ბურთი მატჩის ერთ-ერთმა საუკეთესო მოთამაშე დავით მეგრელიშვილმა ცარიელი კარიდან გამოიტანა.

ამის მერე იყო ბაჩიაშვილის გოლი, რომელზეც უკვე ვთქვით. ეს იყო და, თამაში გაიხსნა. გუნდებმა სახიფათო მომენტები გაცვალეს. ჯერ შეტევაში ჩართულმა გიორგი განუგრავამ ვერ გაიტანა. მერე ივანიშვილს არ გაატანინა დავით კუპატაძემ. თავის გამოჩენა შეეძლოთ კაჭარავასა და მიხეილ სარდალიშვილს.

ბოლო 10 წუთი "ჩიხურამ" კარგად ჩაატარა და გამათანაბრებელი გოლიც გაიტანა. ის კი არა, თამაშის ბოლოს საჩხერელთა ფორვარდი ლაშა კუჭუხიძე მაღალ ბურთს რომ შესწვდომოდა, ცხინვალელთა კარში გოლი გარდაუვალი იქნებოდა.

მომენტი მასპინძლებსაც ჰქონდათ, თუმცა შემტევებმა ცერცვაძის ჩაწოდების შემდეგ ბურთი კარში ვერ გადაგზავნეს. საბოლოოდ - ფრე, რომელიც ამჯერად ლოგიკას დაემორჩილა.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. VIII ტური
18.10. თბილისი. "მიხეილ მესხი" (სათ)
ცხინვალი-ჩიხურა 1:1
გოლები: 1:0 ბაჩიაშვილი (53), 1:1 კორიფაძე (85)
ცხინვალი (4-4-1-1): ნადირაძე - ცერცვაძე, კაკუბავა, მაისაშვილი, ბაჩიაშვილი - ივანიშვილი (87. ჯაფარიძე), მახარობლიძე, ქარდავა, ლეკვთაძე (90. შულაია) - ქოჩლაძე (77. ლობჟანიძე) - კაჭარავა.
სათადარიგოები: მიგინეიშვილი, ბურძენაძე, ბეჭვაია, ცაცკრიალაშვილი
მწვრთნელი: კახა კაჭარავა
ჩიხურა (4-4-1-1): კუპატაძე - გრიგალაშვილი, კაშია, განუგრავა, მეგრელიშვილი - ჯოხაძე (61. კუჭუხიძე), ჩიკვაიძე, დობროვოლსკი, სარდალიშვილი - ჭეჭელაშვილი (75. კორიფაძე) - კუსიანი (19. მუმლაძე).
სათადარიგოები: მწყერაშვილი, ჭანკოტაძე, კაკაშვილი, დეკანოიძე
მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
გაფრთხილება: ჩიკვაიძე (41), კაშია (62), მახარობლიძე (66), ცერცვაძე (81)
არბიტრი: ბ. ნინუა

ბომბარდირები
გ. ბერიაშვილი (დინამო ბთ) 8
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 8
ო. მარცვალაძე (დილა) 7

მომდევნო, IX ტური
23 ოქტომბერი, პარასკევი
ჩიხურა-კოლხეთი
დინამო (თბ)-ცხინვალი
გურია-დინამო (ბთ)
სიონი-დილა
სამტრედია-ტორპედო
შუქურა-ზუგდიდი

24 ოქტომბერი, შაბათი
საპოვნელა-მერანი

25 ოქტომბერი, კვირა
ლოკომოტივი-საბურთალო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული