უმაღლესი ლიგის IX ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

AutoSharing Option
ამ ტურის წინათქმაშიც ვივარაუდეთ, რომ საინტერესო მატჩები გველოდა და ეს მოლოდინი გამართლდა კიდეც; ყოველ შემთხვევაში, IX ტურის თითქმის ყველა მატჩი საინტერესოდ წარიმართა, ამ შეხვედრებში რამდენიმე დასამახსოვრებელი ეპიზოდიც მოხდა და, რაც მთავარია, ერთმანეთზე ლამაზი რამდენიმე გოლიც გავიდა.

სამწუხაროდ, ისევ და ისევ გვიწევს იმ მართლაც მარადიულ პრობლემაზე აქცენტის გაკეთება, რასაც ჩვენს სტადიონებზე გულშემატკივრის ნაკლებობა ჰქვია. თანაც, რეგიონებში მეტ-ნაკლებად მაინც დადის ხალხი სტადიონზე, აი, თბილისში კი უკვე ჩვეულებრივ ამბად იქცა ჩემპიონატისა თუ სათასო მატჩების, ფაქტობრივად, ცარიელი ტრიბუნების წინ ჩატარება.

ახლაც, ამ ტურში, დედაქალაქში
ერთმანეთზე საინტერესო და საინტრიგო ორი მატჩი გაიმართა, რომლის მონაწილენიც გულშემატკივართა აშკარად დიდ აუდიტორიას რომ იმსახურებდნენ.

არადა, ადვილი წარმოსადგენია, ნოემბერ-დეკემბერში რა სიტუაცია იქნება, - გვარიანად რომ აცივდება და ერთი-ორი სტადიონის გარდა, უკვე მოედნ(ებ)ის პრობლემაც რომ აქტუალური გახდება...

ნაადრევი ფინანსური კრიზისი
სეზონის დაწყებიდან ჯერ მხოლოდ ორთვენახევარია გასული და უკვე არაერთხელ გაჟღერდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რამდენიმე გუნდში, რბილად რომ ვთქვათ, ერთობ არასახარბიელო ფინანსური სიტუაციაა. თანაც, ამ შემთხვევაში ლაპარაკია საკმაოდ ამბიციურ გუნდებზე, სულ რაღაც 2-3 თვის წინათ ევროტურნირებზე რომ ასპარეზობდნენ და მიმდინარე ჩემპიონატშიც "საკმარისზე მეტი" პრეტენზია რომ გააჩნიათ.

ძალიან არ გვინდა სიტუაციის დრამატიზება, მაგრამ ვეჭვობთ, რომ პირველი წრის ბოლომდე სხვა გუნდ(ებ)შიც იგივე შეიძლება გამეორდეს.

ეგ კი არა, ამა თუ იმ გუნდიდან უკვე ისეთი "ხმები" მოდის, რომ ქრონიკული უხელფასობით შეწუხებული ფეხბურთელები უახლოესი ოფიციალური მატჩის ბოიკოტსაც აპირებენ; ანუ, უფრო "გასაგებ" ენაზე რომ ვთქვათ, ხმამაღლა აცხადებენ: კუთვნილ ხელფასს თუ არ მივიღებთ, თამაშზე არ გავალთო!...

ორხელისუფლებიანობა გრძელდება
ზედიზედ ორი ტურია, ერთნაირი ქულებით ჩემპიონატს ორი გუნდი ლიდერობს და ეს ფაქტიც, ერთი მხრივ, მოულოდნელი არავისთვის უნდა ყოფილიყო: სეზონის დაწყებამდეც "გადაწყვეტილ-გარკვეული" იყო, რომ ოქროს მედლებისთვის "დილა" და თბილისის "დინამო" იბრძოლებდნენ.

ასეც არის და ეს ორი მართლაც გამოკვეთილი ფავორიტი "დაგეგმილი" 3 ქულის აღებასთან ერთად, ახლა უკვე ერთმანეთის "ფეხის დაცდენაზე" იქნება დამოკიდებული. თუმცა გასულ ტურში ორივე ფავორიტს ურთულესი მატჩი ჰქონდა: უჩა სოსიაშვილის დამოძღვრილმა "დილამ" გასვლაზე მინიმალური სხვაობით მანამდე წაუგებელი "სიონი" დაამარცხა, გია გეგუჩაძის "დინამომ" კი არანაკლებ მძიმე შეხვედრაში მოუგო "ცხინვალს".

ფინანსური პრობლემები "იქით იყოს" და მართლაც ფუფუნება ჰქვია იმ ფაქტს, როცა გუნდში, ფაქტობრივად, 2 სრულფასოვანი შემადგენლობა ეყოლება ნებისმიერ მწვრთნელს. სწორედ ასეთი სიტუაციაა "დილაში": ბოლნისში ჩატარებულ მატჩში სათადარიგოთა სკამზე ისხდნენ ირაკლი მოდებაძე, ირაკლი ძარია, ლაშა გვალია, გიორგი ილურიძე.

აი, "სიონს" კი საკადრო პრობლემები ნეგატიურად დაეტყო: ვარლამ კილასონიამ ჩემპიონის წინააღმდეგ რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი (მირზა მერლანი, ალექსანდრე გოგობერიშვილი, ლუკა რაზმაძე, ვარლამ კილასონია-უმცროსი) მოისაკლისა.

გრძელი სათადარიგოთა სკამი აქვს თბილისის "დინამოსაც" და გია გეგუჩაძეც საკმაოდ გონივრულად მიმართავს როტაციას: ყოველ მატჩში დინამოელთა ძირითადში წინასთან შედარებით მცირე, მაგრამ გარკვეული გადაადგილება მაინც ხდება ხოლმე და, რაც მთავარია, ეს გადაადგილებები თითქმის ყოველთვის ეფექტიანია.

ორი ვეტერანი
38 წლის ალექსანდრე იაშვილმა ამ ჩემპიონატში მხოლოდ ერთი მატჩი გამოტოვა (ისიც საპატიო მიზეზით), დანარჩენ შეხვედრებში კი, შინ თუ გარეთ, პროფესიონალიზმის ნამდვილ მაგალითს აძლევდა თავის ახალგაზრდა პარტნიორებს; ასე იყო გასულ ტურშიც, როცა 90 წუთის განმავლობაში დაუღალავად და უაღრესად სასარგებლოდ მოქმედებდა მოედნის სხვადასხვა მონაკვეთზე.

მის მსგავსად, ამ ჩემპიონატში კიდევ ერთი გამოცდილი ფეხბურთელი ასპარეზობს მართლაც გამორჩეულად: "დილას" 31 წლის შემტევმა ოთარ მარცვალაძემ წინა ტურში შესრულებულ ჰეთ თრიკს კიდევ ერთი გოლი მიუმატა და ბომბარდირთა დავაში მანამდე დაწინაურებულ გიორგი ბერიაშვილსა და ნიკა კაჭარავას წამოეწია.

სერიები
ამ ტურამდე ერთადერთი წაუგებელი "სიონი" იყო, თუმცა ბოლნისური გუნდის დაუმარცხებელი სერია შეწყდა; აი, "ზუგდიდი" კი კვლავაც რჩება ერთადერთ გუნდად, ჩემპიონატში თამაში რომ არ მოუგია.

წარუმატებელი სერია შეწყვიტა "ლოკომოტივმა", მართლაც თვალსასეირო და უხვგოლიან დედაქალაქურ "დერბიში" "საბურთალო" რომ დაამარცხა.

"ლოკომოტივის" მთავარმა მწვრთნელმა, საქართველოს ჩემპიონატში თითქმის ორწლიანი პაუზის მერე დაბრუნებულმა ესპანელმა სპეციალისტმა ჟერარდ სარაგოსამ თავის მეორე მატჩში შეძლო გამარჯვების მოპოვება, აი, მისმა გამოცდილმა კოლეგამ, უკრაინელმა ალექსანდრ შტელინმა საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნების შემდეგ ჯერ მხოლოდ ერთი ქულა მოიპოვა. თუმცა, ისიც სათქმელია, რომ შტელინის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "ტორპედოს" ერთმანეთზე რთული მეტოქეები ჰყავდა: ჯერ - თბილისის "დინამო", მერე კი - მიმდინარე სეზონის ყველაზე შედეგიანი გუნდი "სამტრედია".

ისე, გია ცეცაძის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "სამტრედია" ისეთ ფეხბურთს აჩვენებს, ნეიტრალური გულშემატკივარიც რომ არ რჩება გულგრილი.

სერიები ვახსენეთ და აუცილებლად უნდა ვთქვათ "კოლხეთზეც": მთავარ მწვრთნელად გელა სანაიას დანიშვნის შემდეგ ფოთელთა გუნდმა ზედიზედ ორი მატჩი მოიგო და სატურნირო მდგომარეობაც საგრძნობლად გაიუმჯობესა.

ასევე ცალკე გვინდა აღვნიშნოთ ერთი კონკრეტული ფეხბურთელის გარჯა: "საპოვნელას" 23 წლის ფორვარდმა გიორგი ბუხაიძემ ამ ტურშიც გამოიჩინა თავი და თავისი გუნდის წარმატებაში დიდი წვლილიც შეიტანა.

აღსანიშნავია, რომ ოქტომბერში ჯერჯერობით სამი ტური ჩატარდა და ერთადერთი სწორედ გიორგი ბუხაიძეა, სამივე ტურში რომ შეძლო გოლის გატანა!

სადებიუტო მატჩები, გოლები...
გასულ ტურში რამდენიმე ფეხბურთელმა უმაღლეს ლიგაში პირველი გოლი გაიტანა: 21 წლის ნიკა ნარმანიამ ("ზუგდიდი"), 22 წლის ამირან აბუსელიძემ ("დინამო" ბთ), 18 წლის სანდრო ალთუნაშვილმა ("საბურთალო"), 21 წლის დავით უბილავამ და 18 წლის შერმადინ ართმელაძემ (ორივე - "ლოკომოტივი");

ასევე სადებიუტო გოლი გაიტანა უმაღლეს ლიგაში თბილისის "დინამოსა" და საქართველოს ეროვნული ნაკრების მარჯვენა მცველმა, 20 წლის ოთარ კაკაბაძემ; თანაც, კაკაბაძის ზუსტმა და ეფექტურმა დარტყმამ "დინამოს" მეტად და მეტად საჭირო სამი ქულა მოუტანა.

...თითქმის ყოველ ტურში "საბურთალოს" ესა თუ ის ფეხბურთელი ატარებს უმაღლეს ლიგაში სადებიუტო შეხვედრას და ასე მოხდა ახლაც: 17 წლის ლუკა ლაკვეხელიანს ასეთი პატივი პირველად ერგო.

ფაქტები
თბილისის "დინამოს" 20 წლის საყრდენი ნახევარმცველი მათე ცინცაძე ზედიზედ მეორე სეზონია არა მხოლოდ თავის ამპლუაში, არამედ, საერთოდ, ერთ-ერთი საუკეთესოა ჩვენს ჩემპიონატში; უმეტეს შემთხვევაში სწორედ ის ასრულებს კიდეც მეტოქის კარის მიმართულებით დანიშნულ "სტანდარტულებსაც" და რამდენიმე ეფექტური გოლიც გაუტანია საჯარიმო დარტყმით.

ამ ტურამდე მათე ცინცაძეს ორიდან ორი პენალტი ჰქონდა ზუსტად შესრულებული, მაგრამ, აი, მესამე ცდა წარუმატებელი გამოდგა!

თუმცა, ნურც მის ოპონენტს დავუკარგავთ გარჯას: "ცხინვალის" მეკარემ და კაპიტანმა, 23 წლის გიორგი ნადირაძემ ლამაზ ნახტომში შეძლო ცინცაძის მიერ შესრულებული პენალტის მოგერიება...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
ბუხაიძე მაგარი თავდასხმელია
zviadi
18:32 27-10-2015
0
ანუ რაგინდა როთქვა, რომ სამტრედიაში გასართობი არგვაქ?))))):)
გულშემატკივარს))
14:43 27-10-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული