ცხინვალი-სამტრედია 1:0 - ლეკვთაძის შედევრი, თარსი 13 და სანახაობა

AutoSharing Option
ფეხბურთელისთვის ამაზე მეტი მოტივაცია რაღა იქნება - საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მორიგი ტურის ცენტრალურ მატჩს ვაკეში საქართველოს ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბი უცქერდა კახა ცხადაძისა და გიორგი ჩიხრაძის შემადგენლობით, გია ცეცაძე კი, "სამტრედიის" მწვრთნელი და ცხადაძის შტაბის კიდევი ერთი წევრი, ამ დღეს უშუალოდ საქმეში იყო...

შეხვედრას დაესწრნენ აგრეთვე ახალგაზრდული ნაკრების დამრიგებელი ალექსანდრე ჩივაძე და მისი ასისტენტი ოთარ გაბელია. მატჩს თვალი ადევნა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმაც...

ფეხბურთელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ მართლაც რომ გაუსაძლის სიცივეში გვარიანად მოინდომეს. ვიხილეთ ეროვნული ჩემპიონატის
ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი, რომელსაც არც დაძაბულობა აკლდა, არც სახიფათო მომენტები და არც ვნებათაღელვა.

თავიდანვე ვთქვათ - მოგებული "ცხინვალის" გარდა, ქებას წაგებული "სამტრედიაც" იმსახურებდა. იმერთა თამაში მიმდინარე სეზონში პირველად ვნახე და ჩანს, რომ ეს გუნდი თავისი პოტენციალით ერთ-ერთი საუკეთესოა საქართველოში, თან შესანიშნავ ფეხბურთსაც თამაშობს - უმეტესად მოკლე პასი, უბურთოდ მოძრაობა, საინტერესო გადაადგილებები...

"ცხინვალმა" კი, რომელსაც დისკვალიფიკაციის გამო ლევან კაკუბავა და ბაქარ ქარდავა, ხოლო ტრავმის გამო გიორგი ივანიშვილი აკლდნენ, საკუთარ თავს არ უღალატა. ითამაშა, იომა, თავის თავს გადაახტა და 3 ქულაც მოიპოვა.

ერთი ნოვაციაც - მასპინძელთა რიგებში ცენტრალურ მცველად ითამაშა "ზესტაფონის", თბილისის "დინამოსა" და "სამტრედიის" ყოფილმა შუახაზელმა თორნიკე გორგიაშვილმა, ვინც კახა კაჭარავას დავალება პირნათლად შეასრულა. ეს მატჩი ნამდვილად იმსახურებს იმას, რომ მასზე ამომწურავად დავწეროთ.

პირველი სახიფათო მომენტი "სამტრედიამ" შექმნა. ლაშა შერგელაშვილის მიერ ჯარიმიდან დარტყმული ბურთი გიორგი ნადირაძემ მოიგერია. გავუსწრებთ მოვლენებს და ვიტყვით, რომ ნადირაძე, კოლეგა კახა მეშველიანთან ერთად, გუშინ ორივე გუნდის შემადგენლობაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო...

მე-13 წუთი კი სტუმრებისთვის თარსი გამოდგა. გიორგი ცერცვაძის შესანიშნავი გადაცემის შემდეგ ტანმორჩილი ირაკლი ლეკვთაძე მოულოდნელად "გაფრინდა" და შეაგდო ულამაზესი გოლი, რომელსაც ბევრი სახელგანთქმული ფეხბურთელი მოაწერდა ხელს...

მალე ისევ ლეკვთაძეს შეეძლო ცხინვალელთა უპირატესობის გაზრდა, თუმცა მის მიერ დარტყმული ბურთი კარს ასცდა.

ერთ წუთში ნიკა კაჭარავამ გაიტანა, მაგრამ მსაჯთა ბრიგადამ გოლი გააუქმა. ნიკას ბურთი სამტრედიელი მცველის ფეხიდან კი მიუვიდა, თუმცა მანამდე თამაშგარე მდგომარეობა იყო.

ორ წუთში გატანას ისევ აქტიური კაჭარავა ცდილობდა. მისი თავური უშედეგო აღმოჩნდა - ბურთი მეშველიანის კარს ზემოდან გადაევლო. ამის შემდეგ უკვე გია ცეცაძის შეგირდები გააქტიურდნენ და ზედიზედ ორი მწვავე მომენტიც შექმნეს.

ჯერ იყო და, ირაკლი სიხარულიძის მიერ ძლიერად დარტყმული ბურთი ასცდა კარს, მერე კი ავთო ენდელაძეს დაუფარეს მასპინძელთა მცველებმა. რამდენჯერმე იაქტიურა სამტრედიელთა შემტევმა - დავით ჯიქიამ.

აქვე ვიტყვით - კარგია, რომ საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების ყოფილი ლიდერი სათამაშო ფორმას იბრუნებს და კიდევ მოუმატებს, შეიძლება საქართველოს ნაკრების ხელმძღვანელობის ყურადღებაც მიიქციოს. დღეს ჩვენს ფეხბურთში ბევრი არ არის ისეთი მოთამაშე, ვისაც შეუძლია ფინტის გაკეთება, ფრთაზე კაცის მოტყუება. მას შეუძლია ტრიბუნები აიყოლიოს, თამაში გაამწვავოს.

ისევ თამაშს დავუბრუნდეთ. კაჭარავას პასის შემდეგ ბიძინა მახარობლიძემ სცადა გატანა, თუმცა "სამტრედია" დამაჯერებლად მოთამაშე მეშველიანმა გადაარჩინა. იქვე, იმერთა მცველს, შეტევაში ჩართულ ჯემალ გოგიაშვილს მიეცა გატანის შანსი - თავით ცხინვალელთა კარის კუთხეს კი დაუმიზნა, მაგრამ ნადირაძემ შესანიშნავი რეაქცია გამოავლინა და თავისიანები იხსნა.

ამას ორი შესანიშნავი მომენტი მოჰყვა. ჯერ ჯიქიამ ვერ აჯობა ნადირაძეს, მერე კი რატი ცაცკრიალაშვილმა ადგილზე მოატყუა მეურვე და უძლიერესად დაარტყა - მეშველიანმა ურთულესი ბურთი მოიგერია.

ტაიმი "ცხინვალის" საგოლე შანსით დაიხურა. ლაშა ქოჩლაძემ შესანიშნავად დაარტყა, მაგრამ მეშველიანი კვლავ შესანიშნავად გაისარჯა.

მეორე ტაიმი სამტრედიელთა კარგი შეტევით დაიწყო - შერგელაშვილის ჩაწოდების შემდეგ გიორგი დათუნაიშვილმა მძლავრად დაარტყა თავით, თუმცა ნადირაძეს ვერც მან აჯობა - ცხინვალელთა მეკარე დიდებული იყო!

მერე მასპინძელ გუნდს ორჯერ შეეძლო გატანა, მაგრამ ჯერ კაჭარავას გადაეღობნენ მცველები, ხოლო შემდეგ - ცაცკრიალაშვილს. ამას მოჰყვა ჯიქიას შესანიშნავი მომენტი და გოლსაც, თითქოს, აღარაფერი ედგა წინ, მაგრამ ბურთი კარს ასცდა.

ეს იყო და, "ცხინვალი" კაცნაკლული დარჩა - ზვიად ლობჯანიძემ აუტის ხაზთან დაიჭირა მოწინააღმდეგე. მას უკვე ჰქონდა ყვითელი ბარათი და ასე ნამდვილად არ უნდა მოქცეულიყო...

სამტრედიელთა კიდევ ერთი მომენტი - შეცვლაზე შესულმა თემურ მარკოზაშვილმა ისე დაარტყა, ნადირაძე უძლური აღმოჩნდა, თუმცა "ცხინვალს" ძელი შეეშველა.

თამაშის ბოლომდე მეტი აღარაფერი მომხდარა. თუ რამე დააკლდა "სამტრედიას" ამ მატჩში, ჟინი საბოლოო შტურმისა.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. X ტური
01.11. თბილისი. "მიხეილ მესხი" (სათ)
ცხინვალი-სამტრედია 1:0
გოლი: 1:0 ლეკვთაძე (13)
ცხინვალი (4-4-1-1): ნადირაძე - ცერცვაძე, გორგიაშვილი, მაისაშვილი, ბაჩიაშვილი - ლეკვთაძე, მახარობლიძე, ცაცკრიალაშვილი (83. ბეჭვაია), ლობჯანიძე - ქოჩლაძე - კაჭარავა (90. შულაია).
სათადარიგოები: მიგინეიშვილი, ღვაბერიძე, ჯიშკარიანი, შენგელია, ბოლქვაძე.
მწვრთნელი: კახა კაჭარავა
სამტრედია (4-4-1-1): მეშველიანი - მთივლიშვილი (84. მჭედლიშვილი), სანდოხაძე, გოგიაშვილი, შერგელაშვილი - რაჟამაშვილი, დათუნაიშვილი, ენდელაძე, ჯიქია - ზივზივაძე (65. მარკოზაშვილი) - სიხარულიძე.
სათადარიგოები: თებიძე, ცინცაძე, იოსელიანი, ახალაძე, ცნობილაძე
მწვრთნელი: გია ცეცაძე
გაფრთხილება: შერგელაშვილი (19), ლეკვთაძე (62), ლობჯანიძე (66), რაჟამაშვილი (74), სანდოხაძე (76), ქოჩლაძე (85)
გაძევება: ლობჯანიძე (72)
არბიტრი: ლ. კვარაცხელია.

მომდევნო, XI ტური
6 ნოემბერი, პარასკევი
ლოკომოტივი-ზუგდიდი

7 ნოემბერი, შაბათი
შუქურა-დინამო (ბთ)
საპოვნელა-დილა

8 ნოემბერი, კვირა
სამტრედია-ჩიხურა
გურია-ცხინვალი
სიონი-ტორპედო
დინამო (თბ)-კოლხეთი
საბურთალო-მერანი.

ბომბარდირები:
ო. მარცვალაძე (დილა) 9
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 8
გ. ბერიაშვილი (დინამო ბთ) 8
დ. ტატანაშვილი (სიონი) 7.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
საშინელ მდგომარეობაში იყო სტადიონი, ფაქტიურად ტალახში ითამაშეს, ბურთი ნორმალურადა არ დაგორავდა და სამტრედიამაც ვერ ითამაშა ჩვეული სწრაფი ფეხბურთი. კარგ ამინდში და კარგ სტადიონზე შესანიშნავი სანახაობა იქნებოდა. გასვლა ზოგადად უწირს სამტრედიას და უნდა მოუმატონ
ილორელი
17:15 02-11-2015
0
მსაჯს იმდენი აგინეს სამტრედიელებმა რო რავი ყველაფერზე იყო არ იყო ჯარიმა მაინც აგინებდნენ არასწორია ასეთი მიდგომა აფუჭებს ყველაფერს
irakli arqania
23:34 02-11-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული