კოლხეთი-საბურთალო 1:0 - ცოტა გამოცდილებაც და...

AutoSharing Option
ჩვენი ჩემპიონატის კვალობაზეც კი თამაშის ხარისხი დაბალი იყო. ცოტა იღბალი და მეტი გამოცდილება - ალბათ, ეს ფაქტორები უნდა მივიჩნიოთ გადამწყვეტად, რამაც "კოლხეთს" ზედიზედ მესამე მატჩი მოაგებინა.

ეს გელა სანაიას 100%-იანი შედეგია და ენა ვის მოუბრუნდება, მისი გამარჯვებული გუნდი "გაასამართლოს", მაგრამ იმდენად სუსტად გამოიყურებოდა "საბურთალო", "კოლხეთს" მატჩის შედეგი ბოლო წუთებამდე სადავოდ არ უნდა გაეხადა.

თუმცა ესეც სათქმელია - შეხვედრის მიმდინარეობა იმას მოასწავებდა, რომ თბილისელები ქულას მხოლოდ დიდი იღბლის ხარჯზე გადაარჩენდნენ. არადა, ეს ახალგაზრდული გუნდი ნამდვილად სიმპათიებს იმსახურებს, ოღონდ, ეგ არის, რომ
უმაღლეს ლიგაში გამოცდილება დიდ როლს თამაშობს...

მხოლოდ ეს ფაქტორი იყო, რამაც კოლხებს ნაადრევი გოლის (მერაბ გიგაური) შემდეგ ძალიან დიდი უპირატესობა მისცა, თუმცა ნომინალურმა მასპინძლებმა ეს ვერ გამოიყენეს.

მეტოქე კი მიზერულ შანსს "სტანდარტულებში" ეძებდა, მაგრამ ამას მწვავე გაგრძელება ერთხელაც ვერ მოუძებნა.

"საბურთალოს" მეორე ტაიმში უფრო მეტი მცდელობა ჰქონდა, თამაშის მიწურულს კი მეტოქის კონტრშეტევებიც გაეპარა და ფოთელებმა ერთი-ორჯერ ისეთი შანსი ვერ გამოიყენეს, ფეხბურთის დაუწერელი კანონის ამოქმედებას რომ "მოასწავებდა", მაგრამ...

საბოლოოდ, იმან მოიგო, ვინც მეტად იმსახურებდა, მაგრამ კიდევ ვიმეორებთ - სტუმრები ცოტა მეტად გამოცდილები რომ ყოფილიყვნენ, ქულის გადასარჩენად მშვენიერი შანსი ექნებოდათ...

P.S. ბოლო დღეების გახშირებულმა წვიმებმა კიდევ ერთხელ გამოაჩინა, რომ გურიაში ბუნებრივსაფარიანი მოედანი ორი გუნდის მომსახურებას ვერ აუდის...

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. X ტური
31.10. ლანჩხუთი. "ევგრაფი შევარდნაძე"
კოლხეთი-საბურთალო 1:0
გოლი: 1:0 გიგაური (10)
კოლხეთი: სეფიაშვილი, ქებურია, ზ. თევზაძე, ჩაკვეტაძე, ლემონჯავა, პოლულიახი, გიგაური, კოშკაძე (78. გოგონაია), ჟიშკარიანი, ნ. სიჭინავა (69. კუხალეიშვილი), გ. კვარაცხელია (82. ა. შენგელია).
სათადარიგოები: ძაგანია, ბარამიძე, მ. აფხაზავა, თ. კაკულია
მწვრთნელი: გელა სანაია
საბურთალო: ქურდაძე, თოთაძე, მარგველაშვილი, ბულუხაძე, გოშთელიანი, ჩაბრაძე, ნიკოლაშვილი (55. გვარაძე), რუხაძე (56. ხორხელი), ალთუნაშვილი, გ. კოხრეიძე, ფანცულაია (72. ჩოგაძე).
სათადარიგოები: სანიკიძე, მუზაშვილი, ლაკვეხელიანი
მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი
გაფრთხილება: გიგაური (23)
არბიტრი: გ. ვადაჭკორია.

მომდევნო, XI ტური
6 ნოემბერი, პარასკევი
ლოკომოტივი-ზუგდიდი

7 ნოემბერი, შაბათი
შუქურა-დინამო (ბთ)
საპოვნელა-დილა

8 ნოემბერი, კვირა
სამტრედია-ჩიხურა
გურია-ცხინვალი
სიონი-ტორპედო
დინამო (თბ)-კოლხეთი
საბურთალო-მერანი.

ბომბარდირები:
ო. მარცვალაძე (დილა) 9
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 8
გ. ბერიაშვილი (დინამო ბთ) 8
დ. ტატანაშვილი (სიონი) 7.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული