I ლიგა. XI ტური: ნაცნობ-უცნობი სახეები

AutoSharing Option
საინტერესო მატჩი გაიმართა რუსთავში, სადაც მოგება ორივე გუნდს შეეძლო, მაგრამ საბოლოოდ, მაინც მეტ-ნაკლებად ლოგიკური ფრე დაფიქსირდა. პირველ ტაიმში მასპინძლები უკეთ გამოიყურებოდნენ და სტუმართა მეკარეს, სერგო მეძველიასაც რამდენჯერმე მოუწია თამაშში ჩართვა.

მასპინძელთაგან გოლის გატანის შანსი ჰქონდათ გიორგი ჩიკვაიძეს, ზვიად მეტრეველს, დავით იმედაშვილს, თუმცა ამ გამოცდილ ფეხბურთელთა დარტყმებს მცირეოდენი სიზუსტე აკლდა; სამაგიეროდ, ჩინებულად გაერკვა სიტუაციაში "რუსთავის" 19 წლის მარჯვენა გარემარბი ზურაბ ციცქიშვილი, რომელმაც სტუმართა მცველებისა და მეკარის შეუთანხმებლობით ისარგებლა და ანგარიში გახსნა.

მასპინძლებს კიდევ ერთი შანსი პირველი ტაიმის ბოლო წუთზე მიეცათ, როცა
19 წლის ბაჩანა მიქელაძის შორეული დარტყმა სერგო მეძველიამ მოიგერია.

აი, "იმერეთმა" კი პირველ ტაიმში შეტევაში ღირებული ვერაფერი შექმნა, არადა, სტუმართა გამოცდილი თავკაცის, კობა ჟორჟიკაშვილის ხელმძღვანელობით მოასპარეზე გუნდში ბევრი ისეთი ფეხბურთელი გამოდის, ახლო წარსულში უმაღლეს ლიგაში რომ თამაშობდა (გიორგი ხუმარაშვილი, შოთა გაბრიჭიძე, ბიჭიკო გედენიძე, მიხეილ კობერიძე, გიორგი გოგიჩაიშვილი, ირაკლი ქათამაძე, ბენჯამენ ტეიდი).

ამათ გარდა, "იმერეთში" სხვა "ცნობადი" ფეხბურთელებიც არიან, რუსთავში რომ არ უთამაშიათ: გიორგი მემარნიშვილი, გელა ხუბუა, თორნიკე კაკუშაძე, ალეკო მზევაშვილი. რაც შეეხებათ მასპინძლებს, ზემოთ ნახსენები იმედაშვილის, მეტრეველისა და ჩიკვაიძის გარდა, თითქმის ყველა დანარჩენი ფეხბურთელი ახალგაზრდაა და ალბათ, სწორედ გამოუცდელობას უნდა მივაწეროთ ის ფაქტი, რომ "რუსთავმა" პირველ ტაიმში მოპოვებული უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და ეგ კი არა, კინაღამ წააგო კიდეც.

ამ ყველაფერს რამდენიმე მიზეზი ჰქონდა, ერთ-ერთი საკადრო პრობლემებიც იყო: დისკვალიფიკაციისა თუ ტრავმის გამო გუნდს ვერ ეხმარებოდნენ საკვანძო ფეხბურთელები, ცენტრალური მცველი ლევან ბერუაშვილი და საყრდენი ნახევარმცველი გიორგი კილასონია.

მეორე ტაიმში სტუმრები "არანორმალურად" მოტივირებულნი გამოვიდნენ და ზედიზედ რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნეს; განსაკუთრებით კი, "იმერეთის" ნიგერიელი ლეგიონერი ბენჯამენ ტეიდი აქტიურობდა, რომელმაც დროის ძალიან მცირე მონაკვეთში ბურთი ორჯერ გაარტყა ხარიხას!

ამას მასპინძელთა საპასუხო "ჩხვლეტაც" მოჰყვა: "რუსთავის" მარცხენა მცველის, გურამ მინდორაშვილის შორეული რეიდი ძლიერი დარტყმით დამთავრდა, - ბურთი ამჯერადაც ხარიხამ აისხლიტა!

მომდევნო ეპიზოდში ამჯერად უკვე სტუმართა კოტდივუარელი ლეგიონერი, 31 წლის ტია მაბეა დაემუქრა მასპინძელთა კარს, მერე ისევ ბენჯამენ ტეიდი უტევდა სახიფათოდ, მაგრამ დავით იმედაშვილმა იყოჩაღა და თავისი გუნდი აშკარა ხიფათს გადაარჩინა.

ბოლოს და ბოლოს, ტეიდის აქტიურობა დაუფასდა: 21 წლის (ყოველ შემთხვევაში, ასეა ოფიციალურად - ავტ.) შემტევმა თავისი გუნდის მორიგი შეტევა გოლით დააგვირგვინა.

მასპინძლები მხოლოდ ამის შემდეგღა გამოცოცხლდნენ და ზვიად მეტრეველს ახლო მანძილიდან შეეძლო გოლის გატანა, მაგრამ სტუმართა მეკარემ შესაშური რეაქცია გამოავლინა.

"რუსთავის" თავკაცმა გიორგი მიშველიძემ მოედანზე კიდევ ერთი ფორვარდი (ვანო შენგელიძე) შემოიყვანა, მასპინძლებმაც კიდევ ორჯერ შექმნეს ხიფათი სტუმართა კართან, მაგრამ ორივე შემთხვევაში "რუსთავის" ახალწვეულმა ვლადიმერ უგრეხელიძემ ვერ ისარგებლა ამ მომენტებით...

და აი, შეტევაში ლამის მთელი გუნდით გადასული მასპინძლები კინაღამ საერთოდ უქულოდ დარჩნენ: ქუთაისის "ტორპედოს" ყოფილმა ნახევარმცველმა გიორგი გოგიჩაიშვილმა შორეული და მართლაც მშვენიერი პასით ხელსაყრელ პოზიციაზე დატოვა ირაკლი ქათამაძე, თუმცა "იმერეთის" 22 წლის კაპიტანმა ბურთი რუსთაველთა კარს ზემოდან სანტიმეტრებით გადააცილა!

არადა, უკვე მსაჯის მიერ დამატებული მესამე წუთი იწურებოდა...

საქართველოს ჩემპიონატი. I ლიგა. XI ტური:
31.10. რუსთავი. "ფოლადი". 100 მაყურებელი
რუსთავი-იმერეთი 1:1
გოლები: 1:0 ზ. ციცქიშვილი (36), 1:1 ბ. ტეიდი (66)
რუსთავი (4-1-4-1): დ. ლეგაშვილი - გ. ჩიკვაიძე, დ. იმედაშვილი, გ. სამადაშვილი, გ. მინდორაშვილი - ბ. მიქელაძე (82. ვ. შენგელიძე) - ზ. ციცქიშვილი (70. გ. გოცაძე), ა. გუჯაბიძე (70. ნ. მაჭავარიანი), ვ. უგრეხელიძე - ზ. მეტრეველი.
სათადარიგოები: გ. ბუზალაძე, გ. შუბითიძე, გ. ბერაძე, გ. ნადირაძე
მწვრთნელი: გიორგი მიშველიძე
იმერეთი (3-5-1-1): ს. მეძველია - ე. ანიგბო, გ. ხუმარაშვილი, შ. გაბრიჭიძე - მ. კობერიძე (65. ო. გიორგობიანი), ი. ქათამაძე, ი. საღარეიშვილი, გ. გოგიჩაიშვილი, ბ. გედენიძე - ბ. ტეიდი - ტ. მაბეა.
სათადარიგოები: გ. კიკნაძე, გ. ძაძამია, დ. კუხალეიშვილი
მწვრთნელი: კობა ჟორჟიკაშვილი
გაფრთხილება: ბ. მიქელაძე (23), ე. ანიგბო (42), დ. იმედაშვილი (90)
არბიტრი: ბ. ნინუა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული