"ლელო" ბოლნისელთა წარმატების მთავარ შემოქმედს, ვარლამ კილასონიას დაუკავშირდა და ინტერვიუ სთხოვა.
- პირველ რიგში, ბათუმის "დინამოსთან" ბოლო უქმეების მატჩი შევაფასოთ. ბევრი არ ელოდა, რომ გასვლაზე ესოდენ ძლიერი მოწინააღმდეგის დამარცხებას მოახერხებდით...
- ჩვენ ყველა თამაშზე მოსაგებად გავდივართ მინდორზე. მიმაჩნია, რომ არც მწვრთნელმა და არც გუნდმა სხვა ამოცანა არ უნდა დაისახოს.
ამ შეხვედრას დიდი ფასი
ჩვენი პრინციპი ასეთია - კი, შეიძლება სხვას უკეთესი პირობები აქვს, მაგრამ ჩვენ ჩვენსას ვცდილობთ დიდი ერთიანობით, მეგობრული სულით...
ამ მატჩში შეტევაში ჩემი გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ, რასაც ვერ ვიტყვი დაცვაზე. სამ ბურთს როცა უშვებ, ვერ დარჩები კმაყოფილი. ერთიცაა - მე აქ არ ვგულისხმობ მხოლოდ ამპლუით მცველების თამაშს, რადგან მთელი გუნდი უტევს და ასევე მთელი გუნდი იცავს თავს.
- "დინამოსთან" მატჩის შემდეგ "სიონის" გასახდელში გადაღებული კადრები ვნახე, სადაც ფეხბურთელები ერთსულოვნად და ემოციურად ზეიმობენ გამარჯვებას. ეს, ალბათ, წარმატების ერთ-ერთი მთავარი გარანტიაა...
- მართალი ბრძანდებით. ჩვენ ვაკეთებთ ერთ საქმეს და გვინდა, რომ ჩვენი გუნდი იყოს წარმატებული. როცა ფეხბურთელს ვარჩევ, უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებ მის პიროვნულ თვისებებს. ყველამ გუნდური ინტერესი უნდა დააყენოს წინა პლანზე. ესაა მთავარი. "სიონში" დღეს ახალგაზრდა და გამოცდილი მოთამაშეების კარგი სინთეზია და ეს ძალიან კარგია.
- თქვენს სამწვრთნელო კარიერას ლაიტმოტივად გასდევს, რომ ხშირად გიწევთ კოლექტივის აწყობა იმ ფეხბურთელებისგან, რომლებიც სხვა გუნდებმა დაიწუნეს...
- სწორად შეგინიშნავთ. ერთადერთი, თავის დროზე რუსთავში არ იყო ასე, ჩემპიონი გუნდი იყო, გახსოვთ ის პერიოდი...
არ მინდა, ბევრი ვილაპარაკო საკუთარ თავზე. ალბათ, ისიცაა, რომ ფეხბურთელები გრძნობენ ჩემს ნდობას. ერთი ან ორი თამაშით ფეხბურთელს ხაზს ვერ გადავუსვამ. მეც ვიყავი ფეხბურთელი და ვიცი, რას ნიშნავს, მწვრთნელისგან ნდობას რომ გრძნობ.
- სატურნირო ცხრილის გათვალისწინებით, "სიონს" ევროთასებზე მოხვედრა შეუძლია, თუმცა თავიდან ეს არ ყოფილა გუნდის მიზანი. ახლა როგორ არის საქმე?
- ევროთასებზე გასვლა ჩვენთვის იდეაფიქსი არ არის. ამას არც არავინ ითხოვს. ამის მიუხედავად, გულის სიღრმეში გვჯერა, რომ ეს შეგვიძლია და გეგმაზომიერად მივყვებით გზას. რა გამოგვივა, ამას სეზონის ბოლოს ვნახავთ. მიმდინარე სეზონში ერთადერთი მარცხი ვიწვნიეთ. ეს მოხდა გორის "დილასთან" საშინაო შეხვედრაში. ვინც ნახა ის მატჩი, დამეთანხმება, რომ ეს არ იყო წასაგები შეხვედრა.
- მას შემდეგ, რაც "სიონის" მთავარ მწვრთნელად დაინიშნეთ, ფაქტობრივად, "მეორე სუნთქვა" გაეხსნათ გუნდის ვეტერანებს. ეს რამ განაპირობა?
- გოგობერიშვილი, სვანიძე, მერლანი, ტატანაშვილი, მიქაბერიძე, რაზმაძე... ამ ფეხბურთელების წვლილი ჩვენი გუნდის წარმატებაში ძალიან დიდია. მე ვფიქრობ, რომ ისინი ადრეც მოწოდების სიმაღლეზე იდგნენ. თუ ახლა მათ თამაშში უკეთესობას გრძნობთ, ეს ძალიან მახარებს.
- "სიონში" სულ იდგა ადგილობრივი ფეხბურთელების პრობლემა, რომელიც თანდათან გვარდება...
- ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, ძირითად შემადგენლობაში დავაწინაუროთ ნიჭიერი ბოლნისელი ახალგაზრდები - გაფრინდაშვილი, გიორბელიძე, უგულავა... გუნდის კაპიტანი, გამოცდილი ცენტრალური მცველი დავით სვანიძე ბოლნისელია.
დუბლშემადგენლობიდან 4-5 ფეხბურთელი სულ ვარჯიშობს ძირითად გუნდთან ერთად.
- საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზეც გკითხავთ. როგორ ფიქრობთ, საით მიდის ჩვენი პირველობა? პროგრესს გრძნობთ?
- პროგრესი არ ჩანს. ეს საკითხი კომპლექსურია და ამას, ალბათ, გარკვეული დრო სჭირდება. თავს ვერ მოვიტყუებთ - წინ არ წავსულვართ, მაგრამ მჯერა, რომ წინსვლა შესაძლებელია.
- თქვენ არაერთ ნიჭიერ რუსთაველ ბავშვს გაუკვალეთ გზა დიდ ფეხბურთში. ის თაობა საქართველოში ერთ-ერთი უნიჭიერესი იყო. თქვენი აღზრდილია დინამოელი ოთარ კიტეიშვილი. თუ ადევნებთ თვალს ამ ბიჭების საფეხბურთო გზას და გაკმაყოფილებთ მათი პროგრესი?
- მიუხედავად იმისა, რომ "სიონს" ვწვრთნი, ბოლომდე ვერაფრით მოვწყდები ამ ბიჭებს. მათი ძირითადი ბირთვი ახლა "რუსთავში" თამაშობს, რომელიც საქართველოს ჩემპიონატის პირველ ლიგაში ასპარეზობს. ამ ბიჭების პროგრესი მთლად სასურველი ტემპით ვერ მიმდინარეობს და ამაში დამნაშავე ჩვენი საფეხბურთო რეალობაა...
რაც შეეხება ოთარ კიტეიშვილს, მე მჯერა მისი. დიახ, მჯერა, ის შეძლებს და გაახარებს ქართველ ქომაგს. ბევრი ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელისგან განსხვავებით, ოთარი ძალიან თავმდაბალი, რეჟიმის მოყვარული ადამიანია და მწამს, ამ თვისებას ბოლომდე შეინარჩუნებს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"