11:41 09-11-2015
დინამო (თბ)-კოლხეთი 5:2 - სავსე ტრიბუნები მოუხდებოდა [VIDEO]
AutoSharing Option
ამას გარდა, ჰეთ-თრიკიც იყო გუშინდელ მატჩში, დუბლიც, გამოუყენებელი პენალტიც და ასე შემდეგ. ეს პენალტი კი მასპინძელთა კაპიტანმა ალექსანდრე იაშვილმა ვერ გამოიყენა: ქართული ფეხბურთის მართლაც დამსახურებულმა ვეტერანმა სტუმართა მეკარეს, კოკა სეფიაშვილს ვერ აჯობა.
გუშინდელ მატჩში, პენალტის გარდა, "იაშკას" კიდევ ჰქონდა, სულ მცირე, 3-4 უაღრესად ხელსაყრელი მომენტი, მაგრამ ფატალურად არ უმართლებდა; თუმცა, "თავისი საქმე" მაინც გააკეთა და თანაც, როგორ! თავად განსაჯეთ: ორი საგოლე პასი ხომ გააკეთა, დინამოელთა კიდევ ორი საგოლე კომბინაციაც მისი წამოწყებული იყო!
38 წლის იაშვილს არ ჩამორჩა 19 წლის ოთარ კიტეიშვილიც, ასევე ორჯერ ჩინებულად რომ გაერკვა სიტუაციაში და მარცხენა ფლანგიდან უზუსტესი საგოლე პას(ებ)ი რომ გააკეთა. აღარაფერს ვამბობთ დინამოელთა მეგოლეებზე: 23 წლის ჯაბა ჯიღაურმა პირველი გოლი მართლაც ეფექტური თავური დარტყმით გაიტანა, "დუბლის" შესრულებისას კი თავისი საყვარელი პოზიციიდან (მეტოქის საჯარიმოს გარედან) "ცაციათი", მოჭრილი დარტყმით იხეირა.
ასევე გამორჩეული მატჩი ჩაატარა მასპინძელთა ცენტრფორვარდმა გიორგი ქვილითაიამ: საჭირო დროსა და საჭირო ადგილზე რომ ხვდებოდა ბურთს სტუმართა საჯარიმოში და მერე უპრობლემოდ გზავნიდა მეტოქის კარში.
განსაკუთრებით ეფექტური კი მასპინძელთა მესამე გოლი იყო: იაშვილმა მოედნის სიღრმიდან იშვიათი სილამაზის პასი გაუჭრა მარცხენა ფლანგზე ოთარ კიტეიშვილს, რომლის გამჭოლი გადაცემის შემდეგ გიორგი ქვილითაიამ ერთი შეხებით ბურთი ზუსტად გაგზავნა მეტოქის კარში.
აქვე იმასაც დავძენთ, რომ 22 წლის ქვილითაიამ უმაღლეს ლიგაში ჰეთ თრიკი პირველად შეასრულა!
...ორივე ტაიმს ერთნაირი და, ცოტა არ იყოს, მოულოდნელი დასაწყისი ჰქონდა: სტუმრები ფავორიტ მეტოქეზე აქტიურად გამოიყურებოდნენ და პირველ ტაიმში თუ არ გაუმართლათ (უფრო ზუსტად, დინამოელთა პირველმა გოლმა იმოქმედა დამთრგუნველად), აი, შესვენების შემდეგ მოედანზე მოტივირებულნი გავიდნენ. პლუს ამას, გელა სანაიას მიერ განხორციელებული გადაადგილებებიც ეფექტიანი გამოდგა და მშვენიერი კომბინაციის მერე "კოლხეთმა" ერთი გოლი გაქვითა - შეტევაში ჩართულმა ცენტრალურმა მცველმა ზურაბ თევზაძემ ახლო მანძილიდან შანსი არ დაუტოვა ლიბორ ჰრდლიჩკას.
ეს საგოლე კომბინაცია სტუმართა ყველაზე გამოცდილმა ფეხბურთელმა ალექსანდრე კოშკაძემ წამოიწყო, რომელიც პირველ ტაიმში... ცენტრფორვარდის პოზიციაზე იყო გამწესებული.
ამ უხვგოლიან მატჩში გოლი ვერც კოშკაძემ გაიტანა, არადა, იაშვილის მსგავსად, ისიც იმსახურებდა, მაგრამ ერთ ეპიზოდში მის მიერ ჩინებულად შესრულებული "სტანდარტულის" შემდეგ ბურთი დინამოელთა კარის ხარიხას მოხვდა.
მოკლედ, მართლაც ხალისიანი მატჩი გამოდგა და ერთადერთი, რაც ნაკლად გასდევდა ამ შეხვედრას, ფაქტობრივად, ცარიელი ტრიბუნები იყო.
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XI ტური
08.10. ნოემბერი. "დინამო არენა"
დინამო (თბ)-კოლხეთი 5:2
გოლები: 1:0 ჯიღაური (17. გურულის პასით), 2:0 ქვილითაია (34. იაშვილის პასით), 3:0 ქვილითაია (44. კიტეიშვილის პასით), 3:1 ზ. თევზაძე (51. თ. კაკულიას პასით), 4:1 ჯიღაური (61. იაშვილის პასით), 5:1 ქვილითაია (65. კიტეიშვილის პასით), 5:2 ჟიშკარიანი (87)
გამოუყენებელი პენალტი: იაშვილი (42. მეკარე)
დინამო (4-2-3-1): ჰრდლიჩკა - კაკაბაძე, გველესიანი, რენე ფერეირა, გურული - პარუნაშვილი, მ. ცინცაძე (66. ჭანტურიშვილი) - ჯიღაური, ა. იაშვილი, კიტეიშვილი (66. არაბული) - გ. ქვილითაია (72. ჯანელიძე).
სათადარიგოები: ს. ლობჟანიძე, ვოლკოვი, კობოური, ბეგაშვილი
მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
კოლხეთი (5-4-1): სეფიაშვილი - ქებურია (66. გ. კვარაცხელია), ზ. თევზაძე, გოგონაია, ჩაკვეტაძე, ლემონჯავა (46. თ. კაკულია) - ჟიშკარიანი, გურ. გურეშიძე, პოლულიახი, ლ. კაკულია (46. ნ. სიჭინავა) - კოშკაძე.
სათადარიგოები: ბარამიძე, აფხაზავა, კუხალეიშვილი, ძაგანია
მწვრთნელი: გელა სანაია
გაფრთხილება: ჩაკვეტაძე (32), გველესიანი (49), გოგონაია (53)
არბიტრი: გ. კიკაჩეიშვილი.
ბომბარდირები:
ო. მარცვალაძე (დილა) 10
გ. ქვილითაია (დინამო თბ) 9
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 8
გ. ბერიაშვილი (დინამო ბთ) 8
დ. ტატანაშვილი (სიონი) 7
XII ტური
21 ნოემბერი, შაბათი
ზუგდიდი-საბურთალო
კოლხეთი-მერანი
დილა-ლოკომოტივი
დინამო (ბთ)-საპოვნელა
ტორპედო-შუქურა
ჩიხურა-გურია
დინამო (თბ)-სამტრედია
22 ნოემბერი, კვირა
ცხინვალი-სიონი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
დინამომ ფეხბურთის თამაში ისწავლა//
0
0
ამ მსაჯმა დილა თასიდან გააგდო თავის შეცდომით,დაეხლა ქვეყნის უპირველეს მოედანზე იმსაჯა,რახდება ხალხო?არ დაისაჯოს მსაჯი შეცდომას რომელსაც დაუმტკიცებენ?მაგრამ მაქაც მიდის ეტყობა პატრონობანა და ამბები
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული