სიონი-ტორპედო 6:2 - სიო(ნი) კი არა, ქარიშხალი! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბოლნისის "სიონმა" დაამტკიცა, რომ შემთხვევით არ არის საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერი. ვარლამ კილასონიას შეგირდებმა ულაპარაკოდ მოუგეს ქუთაისის "ტორპედოს". მოგებაცაა და მოგებაც - მეორე ტაიმში "სიონმა" რიონისპირელთა კარს შეტევების ნამდვილი ქარიშხალი დაატეხა თავს.

რა თქმა უნდა, მასპინძელმა კარგად ითამაშა, მაგრამ "ტორპედოს" რომ ასე გარჯა არ ეკადრება, ეს ფაქტია. განსაკუთრებით თვალსაჩინოა ქუთათურთა პრობლემები დაცვაში, რასაც ალექსანდრ შტელინმა სასწრაფოდ უნდა მიხედოს.

მატჩი 15 წუთის დაგვიანებით დაიწყო. საქმე ის იყო, რომ ორივე გუნდს ერთნაირი ფერის წინდები აღმოაჩნდა. პრობლემა მოგვარდა და არბიტრ ლევან კვარაცხელიას
სასტვენიც გაისმა.

როგორც იტყვიან ხოლმე, "სიონმა" მეტოქეს გამარჯობის თქმა არ აცალა და უკვე მე-2 წუთზე გახსნა ანგარიში. უსწრაფესი კომბინაცია ვილი ისიანის მიერ გატანილი გოლით დასრულდა, ასისტენტად კი დიმიტრი ტატანაშვილი მოგვევლინა, ვინც, "სიონისა" არ იყოს, დღესდღეობით დიდებულ ფორმაშია.

გოლის მერე "სიონი" რამდენიმე წუთის განმავლობაში კიდევ სჯობდა მეტოქეს, თუმცა ამის შემდეგ თამაში ჯერ გათანაბრდა, მერე კი "ტორპედომ" მარწუხებს მოუჭირა და უპირატესობა ხელთ იგდო, განსაკუთრებით - მოედნის ცენტრში.

23-ე წუთზე "სიონის" ყოფილმა ნახევარმცველმა, ამჟამად კი "ტორპედოს" ერთ-ერთმა ლიდერმა დათა სიჭინავამ ჯარიმა სახიფათოდ შეასრულა. ბურთი სოსლან ნანიევმა მოიგერია.

ორ წუთში ანგარიში გათანაბრდა - მარცხენა ფლანგიდან ჩაწოდებულ ბურთს დროულად დახვდა თორნიკე კაპანაძე და ცარიელ კარში აუღელვებლად გაიტანა. ისე ჩანდა, რომ ქუთათურებმა თამაში გარდატეხეს, თუმცა ფეხბურთში წინასწარ ვერაფერს განსაზღვრავ და ეს გუშინ ერთხელაც დამტკიცდა.

ტაიმის ბოლომდე "სიონს" ორი სახიფათო მომენტი შეექმნა და ორივე შემთხვევაში მოვლენათა ეპიცენტრში გიორგი მიქაბერიძე აღმოჩნდა. ჯერ მისი დარტყმული ასცდა კარს, მერე კი ბოლნისელთა ნახევარმცველი საგოლე პასს აკეთებდა, თუმცა არბიტრმა კვარაცხელიამ თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა.

პირველი ტაიმის ბოლო წუთზე დაშავდა ქუთაისელთა მიერ გატანილი გოლის ავტორი - თორნიკე კაპანაძე. მან ტაიმი კი ჩაამთავრა, თუმცა მეორე ნახევრის დასაწყისიდან მინდორზე ვეღარ ვიხილეთ. "ელვა" "ტორპედოსთვის" დიდი ძალაა, მაგრამ რაც მატჩის დასკვნით ნაწილში მოხდა, ამას მხოლოდ კაპანაძის არყოფნას ვერ დავაბრალებთ - საქართველოს ერთ-ერთი სახელოვანი კლუბი ასე არ უნდა თამაშობდეს!

და მაინც, რა მოხდა მატჩის მეორე ტაიმში? ჩვენი აზრით, სამი ფაქტორი იყო გადამწყვეტი. ჯერ ერთი, გასახდელში ვარლამ კილასონიამ მოახერხა შეგირდების მოტივირება. მეორე მომენტი ის იყო, რომ შეტევაში გადაინაცვლა აქამდე მარცხენა ფლანგზე მცველად გამწესებულმა გიორგი გაფრინდაშვილმა. და მესამეც - შეცვლაზე შესულმა გიორგი ვასაძემ "სიონის" თამაში უფრო ხისტი გახადა.

გაფრინდაშვილზე ცალკე უნდა ითქვას - ჩვენი აზრით, ის უკვე მზადაა, დაიცვას საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ღირსება და სამომავლოდ მეტზეც იფიქროს. მისი სახით ქართულ ფეხბურთს ძალიან კარგი კადრი ეზრდება...

49-ე წუთზე "სიონი" წინ გავიდა. გადმოვარდნილ ბურთს ნახევარბრუნში გიული მანჯგალაძემ დაარტყა და ძალიან ლამაზი გოლიც გამოუვიდა. იქვე იყო მეორე შანსიც. ალეკო გოგობერიშვილმა, ვინც ერთ-ერთი საუკეთესო იყო მინდორზე, გაფრინდაშვილს გადააწოდა, ამან შესანიშნავი პასი გაუკეთა ტატანაშვილს, ვისაც ურთულესი ბურთი აუღო რევაზ თევდორაძემ.

64-ე წუთზე იმავე გოგობერიშვილმა შესანიშნავი პასი გაუჭრა ისიანს, რომელმაც დუბლი გაიფორმა, გაახვია რა ბურთი შორეულ კუთხეში.

76-ე წუთზე შეტევაში ჩართულმა დაჩი ფოფხაძემ თავზე დაასვა ბურთი ცარიელი კარის წინ მყოფ დიმიტრი ტატანაშვილს - 4:1.

"ტორპედომ" გაიბრძოლა - ირაკლი კლიმიაშვილის დარტყმულ ბურთს მიმართულება ლაშა შინდაგორიძემ შეუცვალა და ჩამორჩენა ორ ბურთამდე შემცირდა.

ბოლო ორი აკორდი კი კვლავ "სიონისა" იყო. ჯერ გაფრინდაშვილის მიერ მოპოვებული პენალტი გარდასახა გოლად ჯაბა უგულავამ, მერე კი მისი დიდებული რეიდი გოლით დააგვირგვინა ვასაძემ - 6:2!

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XI ტური
08.11. ბოლნისი. "თამაზ სტეფანია"
სიონი-ტორპედო 6:2
გოლები: 1:0 ისიანი (2), 1:1 კაპანაძე (25), 2:1 მანჯგალაძე (49), 3:1 ისიანი (64), 4:1 ტატანაშვილი (76), 4:2 შინდაგორიძე (81), 5:2 უგულავა (86-პენ), 6:2 ვასაძე (90)
სიონი (4-5-1): ნანიევი - ფოფხაძე, სვანიძე, ჯაფიაშვილი, გაფრინდაშვილი - ისიანი (72. უგულავა), გოგობერიშვილი, მიქაბერიძე (46. ვასაძე), მანჯგალაძე, საჯაია - ტატანაშვილი (83. კილასონია).
სათადარიგოები: მერლანი, შალამბერიძე, კობახიძე, ჭიკაიძე
მწვრთნელი: ვარლამ კილასონია
ტორპედო (4-5-1): თევდორაძე - ტაბატაძე (80. ოდიკაძე), ნერგაძე, მამასახლისი, ქიმაძე - სიჭინავა, კლიმიაშვილი, ბაბუნაშვილი, კუხიანიძე, ბრეგვაძე (53. შინდაგორიძე) - კაპანაძე (46. კირკიტაძე).
სათადარიგოები: ხაინდრავა, ნიკონოვი, ნაცვლიშვილი, ბურჯანაძე
მწვრთნელი: ალექსანდრ შტელინი
გაფრთხილება: მანჯგალაძე (68), კუხიანიძე (90)
არბიტრი: ლ. კვარაცხელია.

ბომბარდირები:
ო. მარცვალაძე (დილა) 10
გ. ქვილითაია (დინამო თბ) 9
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 8
გ. ბერიაშვილი (დინამო ბთ) 8
დ. ტატანაშვილი (სიონი) 8

XII ტური
21 ნოემბერი, შაბათი
ზუგდიდი-საბურთალო
კოლხეთი-მერანი
დილა-ლოკომოტივი
დინამო (ბთ)-საპოვნელა
ტორპედო-შუქურა
ჩიხურა-გურია
დინამო (თბ)-სამტრედია

22 ნოემბერი, კვირა
ცხინვალი-სიონი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული