ამას გარდა, ''დინამოს'' მთავარმა მწვრთნელმა კახა კაჭარავამ იმ ფეხბურთელებსაც მისცა თავის გამოჩენის საშუალება, სხვადასხვა მიზეზით ნალჩიკის ''სპარტაკთან'' მატჩში მონაწილეობა რომ არ მიუღიათ. ფაქტობრივად, მხოლოდ გიორგი ლორია და სემირ ჰაჯიბულიჩი იყვნენ ის ფეხბურთელები, თურქულ შეკრებაზე ორივე მატჩი ძირითად შემადგენლობაში რომ დაიწყეს.
რა თქმა უნდა, ერთი (გნებავთ, ორი) საკონტროლო მატჩით კონკრეტულ ფეხბურთელზე გარკვეული წარმოდგენის შექმნა არცთუ ისე ''იოლია'', მაგრამ ის ფაქტი, რომ ''დინამოში'' სელექციის პროცესი გრძელდება, ამ გუნდის სერიოზულ მიზნებზე კიდევ ერთხელ მიუთითებს. სხვათა შორის, ამ ზამთრის მოსამზადებელ პერიოდში ''დინამოში'' უკვე 17 ახალწვეული გაისინჯა (შვიდ საკონტროლო მატჩში) და ბარემ, გასინჯულთა გეოგრაფიასაც გავეცნოთ. უფრო ზუსტად, ''ერთპიროვნული ლიდერი'' უნდა ვახსენოთ: 17 ფეხბურთელიდან 7 სერბია (მარკო იევტიჩი, ვლადიმირ ვუკაილოვიჩი, მარკო მაროვიჩი, სემირ ჰაჯიბულიჩი, ნებოიშა იოქსიმოვიჩი, მიროსლავ გეგიჩი, გორან ცვეტკოვიჩი)!
ისე, ''წარმომავლობა'' არც დანარჩენებს დაეწუნებოდათ: დანიელ ოდონელის (ინგლისი), სემი დერასს (საფრანგეთი), კრის ბრაიტს (ახალი ზელანდია), ანდრეა ტოდოროვს (ბულგარეთი), მანდუგის ბაჟუგისს (ლიტვა), დანილოს, ტიაგო დე პაულას (ორივე-ბრაზილია), პანჩე კუმბევს (მაკედონია) და უკვე ზემოთ ნახსენებ ირჟი ჰომოლასა (ჩეხეთი) თუ სერგეი კოლესნიკს (უკრაინა).
ჩვენი ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი გუნდის გუშინდელი მეტოქე ''სევასტოპოლი'' იყო, თავის ისტორიაში პირველად რომ ასპარეზობს უკრაინის უმაღლეს ლიგაში. თუმცა, ბულგარელი მწვრთნელის, ანგელ ჩერვენკოვის ხელმძღვანელობით მოასპარეზე გუნდი განსაკუთრებული შედეგებით ნამდვილად ვერ დაიკვეხნის - უკრაინის ჩემპიონატში პირველი ეტაპის შემდეგ ბოლოსწინა ადგილზე იმყოფება და დიდი ძალისხმევა დასჭირდება, უმაღლეს ლიგაში ადგილი რომ შეინარჩუნოს.
ალბათ, ამას ემსახურება კიდეც ზამთრის სატრანსფერო პერიოდში გუნდში განხორციელებული რამდენიმე ცვლილება: ''სევასტოპოლის'' ლეგიონერთა რიცხვს ბულგარელი ნახევარმცველი ალექსანდრ მლადენოვი, ბელარუსის ბატე-ს ყოფილი მეკარე სერგეი ვერემკო და ნიგერიის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი, 28 წლის ჯულიუს აგაჰოვა შეემატნენ. ეს უკანასკნელი ''სევასტოპოლის'' ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფეხბურთელია: აგაჰოვას არაერთ ცნობილ კლუბში უთამაშია, თუმცა განსაკუთრებულ წარმატებას დონეცკის ''შახტარში'' მიაღწია. სხვათა შორის, ''შახტარისაგან'' აბსოლუტურად განსხვავებული მიზნების მქონე ''სევასტოპოლში'' აგაჰოვას ორი ყოფილი პარტნიორიც დახვდა: 31 წლის იგორ დულიაისა (სერბეთი) და მის თანატოლ მარიუშ ლევანდოვსკის (პოლონეთი) არაერთი სეზონი აქვთ გატარებული დონეცკელთა გუნდში. იმასაც ვიტყვით, რომ დულიაიც და ლევანდოვსკიც, წლების განმავლობაში, შესაბამისად, სერბეთისა და პოლონეთის ნაკრების ღირსებას იცავდნენ.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ''დინამომ'' გუშინდელ სპარინგ-მატჩში, ფაქტობრივად, ექსპერიმენტული-შერეული შემადგენლობით იასპარეზა, რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით მეტოქეზე: ''სევასტოპოლმა'' პირველ ტაიმში ოპტიმალური შემადგენლობა გამოიყვანა, მეორეში კი - უახლოესი რეზერვი.
''დინამო'': ლორია (46. ზარქუა)-შ. კაშია, ჰომოლა, იოქსიმოვიჩი (46. გეგიჩი), ოთარაშვილი-ედნილსონი, ცვეტკოვიჩი (46. თექთურმანიძე)-რობერტინიო (83. ციმაკურიძე), ჰაჯიბულიჩი (63. ჯიღაური), კოლესნიკი (46. ლექვთაძე), სიხარულიძე (58. ქანთარია).
''სევასტოპოლი'': ვერემკო, ბოლოხანი, სტეპანოვი, შეველიუხინი, შენდრუკი, მლადენოვი, ლევანდოვსკი, დულიაი, ფერენჩაკი, კივა, აგაჰოვა.
როგორც უკრაინული გუნდის ვებგვერდიდან შევიტყვეთ, პირველ ტაიმში უპირატესობა ''სევასტოპოლის'' მხარეს ყოფილა, მაგრამ ჯულიუს აგაჰოვას და ანდრეი კივას რეალური მომენტები ვერ გამოუყენებიათ. თუმცა, ანგარიშის გახსნის ბევრად უფრო რეალური შანსი დინამოელებს ჰქონიათ: 32-ე წუთზე უკრაინელთა მცველებს შოთა კაშიას წინააღმდეგ თამაშის წესები დაურღვევიათ, მაგრამ თავად დაზარალებულმა პენალტი ვერ გაიტანა - ''სევასტოპოლის'' მეკარემ სერგეი ვერემკომ ბურთი მოიგერია.
კახა კაჭარავამ ისედაც ექსპერიმენტული შემადგენლობით მოასპარეზე ''დინამოში'' შესვენების შემდეგ კიდევ რამდენიმე ცვლილება მოახდინა: თუმცა, თუ ისევ უკრაინული გუნდის ვებ-გვერდს დავუჯერებთ, ''სევასტოპოლს'', სულ მცირე, სამი რეალური მომენტი გაუცუდებია. მაგრამ, უკრაინელებმა მაინც შეძლეს ამ შეხვედრის თავის სასარგებლოდ დასრულება და აღსანიშნავია, რომ ორივე გოლი პენალტით გაიტანეს: 65-ე წუთზე თავი გამოიჩინა სერგეი ფერენჩაკმა, მატჩის დამთავრებამდე 10 წუთით ადრე კი შეცვლაზე შემოსულმა ალექსანდრ ჟაბოკრიცკიმ ასევე თერთმეტმეტრიანით მატჩის საბოლოო ანგარიში (2:0) დააფიქსირა.
აღსანიშნავია, რომ მეორე პენალტს წინ რობერტინიოს გაძევება უძღოდა - ''დინამოს'' ბრაზილიელმა გარემარბმა შეხვედრაში ორი ყვითელი ბარათი დაიმსახურა. აქვე, იმასაც ვიტყვით, რომ კახა კაჭარავამ პოტენციურ უცხოელ ახალწვეულებთან ერთად თავის გამოჩენის შანსი ახალგაზრდა დინამოელებსაც მისცა: გიორგი ოთარაშვილს, ირაკლი სიხარულიძეს, ზვიად ქანთარიასა და ჯაბა ჯიღაურს.
თურქეთში ''დინამო'' კიდევ სამ საკონტროლო მატჩს ჩაატარებს და მომდევნო მეტოქედ კვლავაც უკრაინული გუნდი ეყოლება - უმაღლესი ლიგის მეექვსე-ადგილოსანი ''ვოლინი''. ეს შეხვედრა ხვალისთვის არის დაგეგმილი და დიდია იმის ალბათობა, ''დინამოში'' კვლავაც რამდენიმე პოტენციური ახალწვეული გამოჩნდეს.
.