ლაშა ჯაკობია: "კოლხეთი" დაშლის პირასაა! ვერ გავიგე, ფოთში ფეხბურთი აღარ უნდათ?!

AutoSharing Option
ფოთის "კოლხეთის" სპორტული დირექტორი ლაშა ჯაკობია კლუბში არსებულ ფინანსურ პრობლემებზე ღიად ლაპარაკობს და არ გამორიცხავს, რომ ეს გაურკვევლობა ცუდად დასრულდება:

"ბევრჯერ ითქვა, რომ ფოთის "კოლხეთი" უმძიმეს მდგომარეობაშია. ჩვენ უმაღლეს ლიგაში ყველაზე მწირი ბიუჯეტი გვაქვს - წლეულს სულ 280 ათასი ლარი გამოგვიყვეს. ცხადია, უმაღლესი ლიგის გუნდისთვის ეს მეტისმეტად მცირე თანხაა. დამატება მოვითხოვეთ. 160 ათასს შეგვპირდნენ, მაგრამ ჯერ მხოლოდ 30 ათასია გამოყოფილი, რაც პრემიების გასტუმრებას მოხმარდა, მაგრამ მოთამაშეების ხელფასების დავალიანება მაინც დაგვრჩა. ბიჭებს კი ოჯახები ჰყავთ, ელემენტარულად, არსებობა უნდათ და მინიმალურ ხელფასებსაც
ვერ ვუხდით.

არ ვიცი, ასე სადამდე უნდა გავძლოთ. არ შეიძლება, საქართველოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ქალაქში უმაღლესი ლიგის კლუბს უფრო ნაკლები ბიუჯეტი ჰქონდეს, ვიდრე ზოგიერთ მეორელიგელს. ხელფასებზე აღარაფერს ვამბობ, მოთამაშეები მიზერზე თამაშს დათანხმდნენ და ამასაც ვერ იღებენ. არადა, ამ მიზერული სახსრებით შარშან მე-10 ადგილი დავიკავეთ და ჩვენზე ბევრად მდიდარ კლუბებს გავუსწარით.

წლეულს მძიმედ დავიწყეთ, თუმცა გელა სანაიას მოსვლის შემდეგ გუნდი დალაგდა, ათამაშდა და ახლაც მე-10 ადგილზე ვართ. მაგრამ მე ის მაინტერესებს, ასეთი ფოკუსები როდემდე უნდა ვატაროთ, კლუბის წევრებსა და პერსონალს შრომა რომ დაუფასონ"?! - უკმაყოფილოა ლაშა ჯაკობია.

ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის თქმით, გუნდი უკვე ყოფნა-არყოფნის ზღვარზეა მისული:

"თუ ვითარება დროულად არ გამოსწორდა, ფეხბურთელები კონტრაქტების დარღვევას მოითხოვენ, რისი უფლებაც აქვთ და "კოლხეთი" დაიშლება. ასეთ პირობებში არავინ დარჩება.

წლებია, გუნდს ვერ ეშველა, სტადიონის მშენებლობის ფული გაიფლანგა... ვერ გავიგე, ფოთში ფეხბურთი აღარ უნდათ?".

ჯაკობიამ პრობლემის მიზეზიც დაასახელა:

"ფოთის მერსა და საკრებულოს თავმჯდომარეს ფეხბურთი თუ არ უყვართ, ვერ გავამტყუნებ, მაგრამ სხვა საქმეა, სურთ თუ არა კლუბის დაფინანსება. მათი პიროვნული დამოკიდებულება საქმეზე არ უნდა ისახებოდეს.

"კოლხეთი" საქართველოსთვის ისტორიული კლუბია და არავის აქვს უფლება, მას საკუთარი შეხედულებით მოექცეს.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, გენერალური მდივანი და სპორტის მინისტრი აბსოლუტურად მართალს ამბობენ, რომ კლუბის დაფინანსება მერის გუნება-განწყობაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული. რაც ვიცი, ახალი წლიდან ლევან კობიაშვილი და დავით მუჯირი ამ კუთხით საკითხის დაყენებას აპირებენ, რომ ფეხბურთში პიროვნული მიდგომა ერთხელ და სამუდამოდ მოისპოს და სახელმწიფოს პოლიტიკა დამკვიდრდეს.

კლუბებმა უნდა ვიცოდეთ, რამდენს გამოჰყოფს მთავრობა უმაღლესი, პირველი და მეორე ლიგების კლუბებზე. ყველა ქალაქში ერთნაირი თანხა უნდა იყოს, თორემ ერთგან 2 მილიონს იძლეოდე და მეორეგან ამის მეშვიდედს, ეს გამართლებული არ არის და კლუბებს არათანაბარ მდგომარეობაში გვაყენებს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 14 /
სანამ სახელმწიფოში დოყლაპიები იქნებიან ფეხბურტის არ ეშველება არაპერი.ფულის ჭამენ ყველა გუნდის პრეზიდენტები.
nanka
22:02 26-11-2015
0
სახელმწიფო რა შუაშია შენთუ არ ვარგიხარ და სირბილი გეზარება სახელმწიფო ფეხბურთს ვერ ითამაშებს იმის მესამედი პირობები არ ქონდა ადრინდელ თაობებს დღევანდელს როაქ მარა ბურთს ახევდენ თავზე ბავარიებს და მილანებს პროფესიონალიზმი ბაბა აი ესაკლია დღევანდელ თაობას და კიდე სიზარმაცე.
quTaiseli
06:47 27-11-2015
0

სიახლეები პოპულარული