საპოვნელა-ტორპედო 1:5 - ყველას ჯავრი ამათზე იყარეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საკუთარ მოედანზე სტუმრის სტატუსით მოასპარეზე ქუთაისელებმა ბოლოდროინდელი წარუმატებლობის გამო ჯავრი თერჯოლის "საპოვნელაზე" იყარეს. ალექსანდრ შტელინის შეგირდებმა მეტოქეს გახსნილი ფეხბურთი შესთავაზეს და მატჩის ბედი საწყის ნახევარ საათში გადაწყვიტეს.

ტორპედოელებმა მოედნის ცენტრში უპირატესობა მოიპოვეს და კომბინაციური თამაშით მეტოქე ააწიოკეს.

თერჯოლელთა დაცვა მთლიანად მოშლილი იყო და ქუთათურები იოლად აღწევდნენ მეტოქის საჯარიმოში. რამდენიმე სახიფათო მომენტის შემდეგ შოთა ბაბუნაშვილმა გიორგი კუხიანიძე გაიყვანა მეკარესთან პირისპირ, რომელმაც კარიდან წინ გამოსულ ალექსანდრე გიორგაძეს ბურთი თავზე გადაავლო და ეფექტური გოლით "ტორპედო" დააწინაურა.

ორიოდე წუთში თენგიზ ბრეგაძემ კუთხურის შემდეგ ძლიერი
დარტყმით ანგარიში კიდევ უფრო გაზარდა. ფორმალურმა მასპინძლებმა სტატუს-კვო მალევე აღადგინეს - უშანგი ბანძელაძის, გიორგი ტყეშელაშვილისა და გიორგი ბუხაიძის კომბინაციის შემდეგ ეს უკანასკნელი მეკარესთან პირისპირ დარჩა და ახლო მანძილიდან რევაზ თევდორაძეს შანსი არ დაუტოვა.

თერჯოლელთა სიხარული დიდხანს არ გაგრძელებულა, საჯარიმოში შეჭრილი გიორგი ქიმაძე ნიკა შალამბერიძემ წესების დარღვევით შეაჩერა, პენალტი კი გოლად ლაშა შინდაგორიძემ აქცია. ხუთიოდე წუთში შინდაგორიძემ დუბლიც მიითვალა, გოლი კი ეფექტური გამოუვიდა - საჯარიმოს რკალიდან ძლიერი დარტყმით მეკარისგან მარჯვენა დაბალ კუთხეში გაიტანა.

იქვე მას ჰეთ-თრიკის შესრულებაც მართებდა, მეკარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ კარში დარტყმის ნაცვლად დავით კირკიტაძის მისამართით გადაცემა გააკეთა და მცველებმა მდგომარეობა განმუხტეს. მატჩის მეორე ნახევარში თამაშის ტემპი დაეცა და ტორპედოს შეტევებს სიმწვავე მოაკლდა, თუმცა საგოლე მომენტები ორივე კართან შეიქმნა.

ქუთაისელთაგან გოლის გატანა მამასახლისსა და ქიმაძეს შეეძლოთ, თერჯოლელთა რიგებში კი მიზანთან ახლოს ნიკა შალამბერიძე იყო, რომლის დარტყმის შემდეგაც "ტორპედო" გოლისგან ძელმა იხსნა. ამ ეპიზოდამდე შინდაგორიძემ შეცვლაზე შესული დათა სიჭინავა შეატოვა მეკარეს და მანაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 5:1.

საერთოდაც, შეხვედრაში საკმაოდ ბევრი საგოლე მომენტი შეიქმნა და შემტევებს კიდევ უფრო მეტი სიზუსტე რომ გამოეჩინათ, შესაძლებელი იყო, უფრო დიდი ანგარიშიც დაფიქსირებულიყო.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XIII ტური
28.11. ქუთაისი. "რამაზ შენგელია"
საპოვნელა-ტორპედო 1:5
გოლები: 0:1 კუხიანიძე (15. ბაბუნაშვილის პასით), 0:2 ბრეგვაძე (17), 1:2 ბუხაიძე (19. ტყეშელაშვილის პასით), 1:3 შინდაგორიძე (26-პენ), 1:4 შინდაგორიძე (31), 1:5 სიჭინავა (69. შინდაგორიძის პასით)
საპოვნელა (4-4-2): გიორგაძე - რობაქიძე, ბერუაშვილი, შალამბერიძე, ჯიმშელეიშვილი - ბანძელაძე (46. მურადაშვილი), შუღლაძე (46. აბესაძე), ცქიფურიშვილი, ამბროლაძე (74. მაკარიძე) - ტყეშელაშვილი, ბუხაიძე.
სათადარიგოები: კახათელიძე, ბუცხრიკიძე, ზეინკლიშვილი, აბულიძე
მწვრთნელი: მამუკა ხუნდაძე
ტორპედო (4-1-4-1): თევდორაძე - ოდიკაძე (60. ტაბატაძე), მამასახლისი, ჭიჭინაძე, ქიმაძე - კლიმიაშვილი - კირკიტაძე, ბაბუნაშვილი, კუხიანიძე (46. სიჭინავა), ბრეგვაძე (46. ფურცხვანიძე) - შინდაგორიძე.
სათადარიგოები: ხაინდრავა, ნიკონოვი, ფანცხავა, კვერნაძე
მწვრთნელი: ალექსანდრ შტელინი
გაფრთხილება: ბერუაშვილი (5), შალამბერიძე (26), ტყეშელაშვილი (75)
არბიტრი: ხ. გაგნიძე.

დ. ყიფიანის სახ. თასი. 1/4-ფინალი. I მატჩები
2-3 დეკემბერი


მომდევნო, XIV ტური

6 დეკემბერი, კვირა
დინამო (ბთ)-საბურთალო
ცხინვალი-საპოვნელა
კოლხეთი-ზუგდიდი
ტორპედო-ლოკომოტივი
ჩიხურა-შუქურა
დინამო (თბ)-სიონი
სამტრედია-გურია

7 დეკემბერი, ორშაბათი
დილა-მერანი.

ბომბარდირები
ო. მარცვალაძე (დილა) 10
გ. ქვილითაია (დინამო თბ) 10
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 10
გ. ბერიაშვილი (დინამო ბთ) 8
ჯ. ჯიღაური (დინამო თბ) 8
დ. ტატანაშვილი (სიონი) 8

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული